Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თსუ-ს სტუდენტებს გამოცდების ჩაბარება ახალციხესა და ქუთაისშიც შეეძლებათ


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სტუდენტების პროტესტი
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სტუდენტების პროტესტი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი არ აკმაყოფილებს სტუდენტთა ნაწილის მოთხოვნას და უარს ამბობს დაუშვას ფინალური გამოცდების ონლაინ ჩაბარების შესაძლებლობა. სტუდენტებს უნივერსიტეტის ადმინისტრაცია გამოცდების ჩაბარებას სთავაზობს დამატებით ორ ქალაქში - ქუთაისსა და ახალციხეში.

"უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ გაითვალისწინა სტუდენტების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და ფინალური გამოცდებისთვის სტუდენტებს, თბილისთან ერთად, გეოგრაფიული გადანაწილების პრინციპით, დამატებით ორი ალტერნატიული ადგილი შესთავაზა - ქუთაისსა და ახალციხეში, რათა მათ გამოცდაზე გამოცხადება გაუადვილდეთ... კვლავ ათეულობით თავისუფალი ადგილია თსუ სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში", - აღნიშნულია უნივერსიტეტის განცხადებაში.

თსუ 1 ივნისის 17:00 საათამდე აძლევს რეგიონებში გამოცდების ჩაბარების მსურველებს რეგისტრაციის შესაძლებლობას.

ფინალური გამოცდები თსუ-ში 18 ივნისიდან იწყება. სტუდენტების ნაწილი უშედეგოდ ითხოვს, ჰქონდეს შესაძლებლობა გამოცდები ონლაინრეჟიმში ჩააბაროს.

დღეისათვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 7 ფაკულტეტზე 22 ათასამდე სტუდენტი სწავლობს. მათი ნაწილის თანახმად, უნივერსიტეტში სწავლის შესაფერისი პირობების არარსებობის კიდევ ერთი გამოხატულებაა საერთო საცხოვრებლები. თსუ-ს თბილისში სტუდენტთა ორი საერთო საცხოვრებელი აქვს - ბაგებში და ლისზე. მაგრამ, სტუდენტები ამბობენ, რომ ბაგებში ცხოვრების პირობები, უბრალოდ, არაადამიანურია, ლისი კი ამდენი სტუდენტის მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს.

2019 წელს უნივერსიტეტმა სტუდენტებისთვის კიდევ ერთი საერთო საცხოვრებლის აშენება გადაწყვიტა, მაგრამ პროექტი ჩაიშალა.

XS
SM
MD
LG