Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამოცდების ონლაინ ჩატარების მოთხოვნით თსუ-ში სტუდენტების პროტესტი გრძელდება


თსუ-ს სტუდენტების პროტესტი
თსუ-ს სტუდენტების პროტესტი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა სწავლების ჰიბრიდულ და გამოცდების ონლაინ ფორმატში ჩატარების მოთხოვნით აქცია განაახლეს. დღეს, 30 მაისს, თსუ-ში სტუდენტების კიდევ ერთი აქცია იმართება.

"ჰიბრიდული სწავლების გარდა, ჩვენი მეორე მოთხოვნა გამოცდების ონლაინ ფორმატში ჩატარება იყო, რაც საერთოდ არ დააკმაყოფილეს და ჩვენი მთავარი მოთხოვნა დღეს სწორედ ეს არის. არცერთი ნაბიჯი არ არის გადადგმული მათი მხრიდან. ერთადერთი მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ნაწილობრივ ისიც. ვითხოვთ, სტუდენტი იყოს პრიორიტეტული უნივერსიტეტისთვის, რაც დღეს არ არის", - ამბობს სტუდენტი ეკატერინე მაისურაძე.

თსუ-ს სტუდენტების პროტესტი
თსუ-ს სტუდენტების პროტესტი

დღეს სტუდენტები რექტორის, გიორგი შერვაშიძის კაბინეტთან მივიდნენ. სტუდენტები რექტორთან შეხვედრას ითხოვენ, რაც ამ დრომდე არ დაკმაყოფილებულა.

"აქედან არ წავალთ მანამ, სანამ რექტორი არ შეგვხვდება და ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება", - ამბობს სტუდენტი ილია ჭანტურია.

იმავე მოთხოვნით სტუდენტები 11 მაისსაც შეიკრიბნენ. იმ დღეს, რამდენიმესაათიანი შეხვედრის შემდეგ, რექტორმა გიორგი შარვაშიძემ გამოსცა ბრძანება, რომლის თანახმადაც სწავლება თსუ-ში შერეული ფორმატით გრძელდება - ეს არ ეხება საგამოცდო პერიოდს.

ფინალური გამოცდები თსუ-ში 18 ივნისიდან იწყება.

დღეს თსუ-ის 7 ფაკულტეტზე 22 ათასამდე სტუდენტი სწავლობს. სტუდენტები ამბობენ, რომ კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც სწავლისთვის შესაფერისი პირობები არა აქვთ, საერთო საცხოვრებლების არარსებობაა. უფრო სწორად, თბილისში ორი საერთო საცხოვრებელია: ბაგებში და ლისზე, მაგრამ, სტუდენტების თანახმად, ბაგებში ცხოვრების პირობები, უბრალოდ, არაადამიანურია, ლისი კი ამდენი სტუდენტის მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს.

2019 წელს უნივერსიტეტმა გადაწყვიტა, კიდევ ერთი საერთო საცხოვრებელი აეშენებინა, მაგრამ მაშინ პროექტი ჩაიშალა.

XS
SM
MD
LG