„ასოცირებული ტრიოს“ ქვეყნები მომავალს იმედით უყურებენ, მაგრამ ჯერ ისევ ბუნდოვანია, როგორ გაგრძელდება უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დაჩქარებული პროცესი და მიანიჭებენ თუ არა მათ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს.
ევროკავშირში ცალსახა და ერთიანი დამოკიდებულება არ არსებობს და პერიოდულად ლიდერები სრულიად ახალი, სადავო ფორმატების შექმნის ინიციატივითაც გამოდიან.
- რას სთავაზობს ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის წევრ 3 ქვეყანას?
- როგორია უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის შანსები?
პასუხები 2669 კითხვაზე
„მოუთმენლად ველით ევროკომისიისა და [ევროკავშირის - რთ] წევრი სახელმწიფოების გადაწყვეტილებას”, - უთხრა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის ელჩს საქართველოში, კარლ ჰარცელს, 10 მაისს, როდესაც მას ევროკომისიის კითხვარის მეორე ნაწილზე გაცემული პასუხების ნაკრები გადასცა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პასუხები „ჯამში, 7 წიგნად“ შეიკრა და კითხვარები საქართველომ „განსაზღვრულ ვადაზე ადრე შეავსო“.
ასევე ნახეთ საქართველომ ევროკავშირს გადასცა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი
„ბატონო პრემიერ-მინისტრო, მადლობელი ვარ, რომ აქ ვიმყოფები და ვიღებ თქვენი და მრავალი სხვა ადამიანის დიდი შრომის შედეგს, რაც კითხვარის შევსების მეორე და საბოლოო პროცესის დასრულებით განხორციელდა. ეს მეტად დაეხმარება ევროკომისიას შედეგის განსაზღვრაში”, - უთხრა ელჩმა კარლ ჰარცელმა 10 მაისს, შევსებული კითხვარის მეორე ნაწილის მიღებისას ირაკლი ღარიბაშვილს.
ორი კითხვარის, ჯამში, 2669 შეკითხვა ორ ეტაპად გამოქვეყნდა, მაგრამ პასუხები კვლავ უცნობია.
ასევე ნახეთ რას გვეკითხება ევროკავშირი, სანამ კანდიდატის სტატუსს მოგვცემს - მთავარი კითხვები დოკუმენტიდან„არ მგონია, რომ ფანტაზიის უნარი არ მაქვს, მაგრამ ვერ წარმოვიდგინე ვერანაირი მდგომარეობა, რის გამოც ეს დოკუმენტი იმალება ან ისე მიდის პროცესი, რომ ამ დოკუმენტს ვერ ვნახულობთ... ნუთუ ეს ნორმალურია?!“, - დასვა შეკითხვა „გირჩის“ დეპუტატმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა 10 მაისს, პარლამენტის სხდომაზე.
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განმარტებით, პასუხები არ გამოუქვეყნებია არც უკრაინას და არც მოლდოვას; „ეს არის პროცესი, რომელიც მიდის საქართველოს მთავრობასა და ევროკომისიას შორის“ და კითხვებსა და პასუხებთან დაკავშირებით საქართველოში ატეხილი „აჟიოტაჟის“ ფონზე „გამოქვეყნებამ შესაძლოა დააზიანოს პროცესი“.
„ყველაზე დიდი საფრთხე არის ის, რომ პოლიტიკური მოტივებით თუ სხვადასხვა საკითხების გამო მოხდეს პროცესის დისკრედიტირება“, - აცხადებს პაპუაშვილი.
კარლ ჰარცელის განცხადებით კი, პასუხების გამოქვეყნება მთავრობის ნებაზეა დამოკიდებული.
რა შანსი აქვს საქართველოს?
„ქართული ოცნების“ რიგებში იმედოვნებენ, რომ საქართველო მიიღებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს და მას სხვა ქვეყნებზე „მეტი შანსი“ აქვს.
თუმცა ექსპერტები არცთუ სახარბიელოდ მიიჩნევენ იმ ფაქტს, რომ ამ დრომდე არ არსებობს ევროპარლამენტის მხარდამჭერი რეზოლუცია საქართველოს შესახებ.
ასევე ნახეთ მდინარაძის თქმით, საქართველოს სხვა ქვეყნებზე მეტი შანსი აქვს, მიიღოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსიუკრაინის შემდეგ, ევროპარლამენტმა 5 მაისს დაამტკიცა სპეციალური რეზოლუცია მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით და ეს მას შემდეგ მოხდა, რაც, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, გაიზარდა მოლდოვაში რუსეთის შეჭრის საფრთხე.
არის ვარაუდი, რომ მსგავსი ტიპის რეზოლუციაზე შესაძლოა ევროპარლამენტმა იმსჯელოს მაისის ბოლოსთვის, თუმცა დაზუსტებით ამაზე ვერავინ ლაპარაკობს.
როგორც ბრიუსელში დაფუძნებული ორგანიზაციის - ევროპული პოლიტიკური კვლევების ცენტრის (CEPS) მეცნიერ-თანამშრომელი, თინათინ ახვლედიანი ეუბნება რადიო თავისუფლებას, რეზოლუციის მიღებას საქართველოს მხრიდან მეტი ჩართულობა და ძალისხმევა ესაჭიროება.
„ევროკავშირის დედაქალაქში [ბრიუსელი - რთ] თავისით რეზოლუციებს არავინ იღებს და ამას ლობიზმი სჭირდება. დღეს ამას ჩვენ [საქართველო - რთ] არ აკეთებს - არც ჩვენი სამთავრობო წარმომადგენლობა და არც სამოქალაქო საზოგადოებაა აქტიურად ჩართული. კი, არიან ჩართული, მაგრამ მეტი აქტიურობა უნდა იყოს. ფაქტია, რომ არ გვაქვს შედეგი... უკრაინა და მოლდოვა იზიარებენ სახმელეთო საზღვარს ევროკავშირთან, ჩვენ - არა და სწორედ ამიტომ ჩვენ ლობიზმი ათჯერ უფრო მეტად გვჭირდება“, - უთხრა რადიო თავისუფლებას თინათინ ახვლედიანმა, რომელსაც მუდმივად აქვს კომუნიკაცია ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობათა წარმომადგენლებთან, ელჩებსა და ევროპარლამენტარებთან.
CEPS-ის ქართველი თანამშრომელი გვეუბნება, რომ საქართველოს მხარდაჭერის კუთხით ევროკავშირში აზრები იყოფა და ხშირად ესმის საქართველოს მთავრობის კრიტიკა, მათ შორის - დასავლეთის სანქციებთან მიერთებასთან დაკავშირებულ საკითხებზეც.
„ევროკავშირს აქვს თავისი სანქციების პოლიტიკა და ევროკავშირის მომხრეობა იმაში გამოიხატება, რომ ხარ ამ სანქციების მომხრე. არ ვამბობ, რომ ამით წყდება ყველაფერი, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი გზა ევროკავშირის პარტნიორობის გამოხატვის“, - ამბობს ახვლედიანი.
9 მაისს, EURACTIV-ში დაიბეჭდა მისი თვალსაზრისი, როგორც განმარტავს, ბრიუსელის საყურადღებოდ, რომ უკრაინასთან ერთად, საქართველოსა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის არმინიჭებამ შესაძლოა ახალი ომები განაპირობოს.
მარტში ამავე გამოცემამ დაბეჭდა შალვა პაპუაშვილის თვალსაზრისი, სადაც პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოს უცვლელ პროდასავლურ კურსზე, შიდა განვითარებაზე, გარე საფრთხეებსა და ევროკავშირის გაფართოების აუცილებლობაზე ლაპარაკობს.
ასევე ნახეთ უკრაინის ერთიანი მხარდაჭერა, მეტი რეფორმა ევროკავშირის გზაზე - მესიჯები ვაშინგტონიდანხელისუფლების ოპონენტები მუდმივად იხსენებენ ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მისამართით მრავალგზის გამოთქმულ შენიშვნებს, რაც ძირითადად სასამართლო და საარჩევნო რეფორმებს უკავშირდება. რეფორმებისკენ საერთაშორისო პარტნიორები ამ ეტაპზეც მოგვიწოდებენ.
ექსპერტები არ მოელიან, რომ, ქვეყნის მზაობის შეფასებისას, ევროკავშირი საქართველოს შემთხვევაში ისევე დახუჭავს თვალს, როგორც მაგალითად თავად უკრაინისა და ევროკავშირის მოსაზღვრე მოლდოვის შემთხვევაში.
სტანდარტული პროცედურით თუ სულ სხვა გზითა და სხვა ფორმატში?
მას შემდეგ, რაც ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი შეიტანეს, უკრაინისთვის, საქართველოსა და მოლდოვისთვის ამ დრომდე პროცესები ევროკავშირში დანერგილი სტანდარტული გზით მიმდინარეობს: ათასობით კითხვაზე პასუხის გაცემის შემდეგ, თუკი დადებითად შეფასდება, (განუსაზღვრელ ვადაში) უნდა მიიღონ გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, რასაც შემდეგ (განუსაზღვრელ ვადაში) გაწევრიანებაც უნდა მოჰყვეს.
რისთვის არიან მზად თავად ევროკავშირის ქვეყნები?
თუკი საერთო სურათს გადავხედავთ, ყველაზე მტკიცე მხარდაჭერა აქვს უკრაინას და ეს არავისთვის არის გასაკვირი, რადგან პროცესები სწორედ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დაჩქარდა. მაგრამ უკრაინის შემთხვევაშიც კი, პერიოდულად სკეპტიკური დამოკიდებულება იჩენს თავს და კიევის განსაკუთრებული გაიზიანება საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მოსაზრებებმა გამოიწვია.
ასევე ნახეთ მაკრონი აცხადებს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას წლები დასჭირდება, გამოდის "პოლიტიკური გაერთიანების" იდეით მსურველი ქვეყნებისთვის9 მაისს, სტრასბურგში, ევროპის დღისადმი მიძღვნილ თავყრილობაზე - „კონფერენცია ევროპის მომავალზე“ საფრანგეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭების დაჩქარებას შესაძლოა, „სტანდარტების დაწევა მოჰყვეს“, მით უფრო, რომ, მისი განმარტებით, „პროცესი, რომელიც გაწევრიანებას გახდის შესაძლებელს, წლები გაგრძელდება და შესაძლოა - რამდენიმე ათეული წელიც“.
მაკრონი გამოდის ინიციატივით, რომ შეიქმნას ევროკავშირთან დაკავშირებული "ევროპული პოლიტიკური გაერთიანება", რომელიც ღია იქნება ევროპის დემოკრატიული ქვეყნებისთვის, ევროპის ფუნდამენტური ღირებულებების გარშემო.
თინათინ ახვლედიანის თქმით, მაკრონის ინიციატივა ახალი არ არის. საფრანგეთი ყოველთვის ემხრობოდა ევროკავშირის დაყოფას ერთგვარ სარტყლებად და რამდენად აისახება ეს ყველაფერი ევროკავშირის პოლიტიკაში, „ივნისის ბოლოს ვნახავთ“. CEPS-ის წარმომადგენელი არ გამორიცხავს, რომ კანდიდატობის ნაცვლად „ასოცირებული ტრიოს“ ქვეყნებს სხვა გზები შესთავაზონ.
ასევე ნახეთ ჩვენ ამას არ გადავყლაპავთ: კულება უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატობაზე შესაძლო უარზე
ასეთ რეალობასთან შეგუებას არ აპირებს უკრაინა, რომელიც მწვავედ გამოეხმაურა ემანუელ მაკრონის მოსაზრებებს.
„თუ ჩვენ კანდიდატის სტატუსს არ მივიღებთ, ეს შეიძლება ნიშნავდეს მხოლოდ ერთს - ევროპა ცდილობს ჩვენს მოტყუებას და ჩვენ ამას არ გადავყლაპავთ“, - უთხრა Financial Times-ს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ. ასევე მისი სიტყვებია, რომ - „უკრაინა ევროპაში ერთადერთი ადგილია, სადაც ადამიანები იმ ღირებულებების გამო კვდებიან, რასაც ევროკავშირი ეფუძნება“ და „ამას პატივისცემა სჭირდება“.
საქართველოში და საქართველოდან ბოლო პერიოდში სულ უფრო ხშირად ისმის განცხადებები, რომ რუსეთთან დასავლური ღირებულებებისთვის ომებში, საქართველომაც ბევრი სისხლი დაღვარა.
ასევე ნახეთ ლატვიის ვიცე-პრემიერი: მიზანია, უკრაინას ზაფხულში მივანიჭოთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსიაშკარა და გამოკვეთილია უკრაინის მიმართ ევროკომისიის პრეზიდენტის მხარდაჭერა. ურზულა ფონ დერ ლაიენმა თავად ჩაიტანა კიევში ევროკომისიის კითხვარი.
„მინდა საგანგებოდ მივმართო ჩვენს უკრაინელ მეგობრებსა და ოჯახებს - ევროპის მომავალი ასევე თქვენი მომავალია; ჩვენი დემოკრატიის მომავალი ასევე თქვენი დემოკრატიის მომავალია... ახალი გვერდი, ძვირფასო უკრაინელო მეგობრებო, ახლა იწერება თქვენ მიერ, ჩვენ მიერ და ყველა ჩვენგანის მიერ, ერთად. სლავა უკრაინი! დღეგრძელობა ევროპას!“, - ეს სიტყვები ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურზულა ფონ დერ ლაიენმა 9 მაისს, სტრასბურგში, იმავე კონფერენციაზე წარმოთქვა, რომელზეც მაკრონმა ახალი ინიციატივა გააჟღერა.
მას შემდეგ, რაც რუსეთისთვის დასაწესებელი სანქციების მე-6 პაკეტი, ორი დღის წინ, მათ შორის - უნგრეთისა და საბერძნეთის წინააღმდეგობის გამო შეჩერდა, ბრიუსელში ისევ დაიწყეს ლაპარაკი კონსენსუსის პრინციპის შესაძლო გაუქმებაზე. Euronews-ის ინფორმაციით, ამ პოზიციას ემხრობა ევროკომისიის პრეზიდენტიც.
ექსპერტების ერთი ნაწილი, უკრაინასა თუ სხვა ქვეყნებში, ფიქრობს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი ბევრ ცვლილებას შეიტანს ევროკავშირის ჩვეულ საქმიანობაში. მანამდე, ევროკავშირმა თავისი პრაქტიკის განმავლობაში, უკრაინისთვის პირველად დაუშვა თანხის გამოყოფა შეიარაღების შესაძენად.