Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველომ ევროკავშირს გადასცა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი


კარლ ჰარცელი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში (მარცხნივ), ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი (მარჯვნივ). კითხვარის შევსებული მეორე ნაწილის გადაცემა. თბილისი. 10 მაისი, 2022 წელი
კარლ ჰარცელი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში (მარცხნივ), ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი (მარჯვნივ). კითხვარის შევსებული მეორე ნაწილის გადაცემა. თბილისი. 10 მაისი, 2022 წელი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის ელჩს საქართველოში, კარლ ჰარცელს მთავრობის ადმინისტრაციაში გადასცა ევროკომისიის კითხვარის შევსებული მეორე ნაწილი. შესაბამისი ვიდეომასალა საქართველოში ევროკავშირის საელჩომ გაავრცელა.

"სიამოვნებით წარმოგიდგენთ კითხვარის პასუხებს. შევსება დავასრულეთ, ჯამში 7 წიგნი გამოვიდა და სიამოვნებით გადმოგცემთ მათ. მოუთმენლად ველით ევროკომისიისა და წევრი სახელმწიფოების გადაწყვეტილების გაგებას”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, ნათქვამია საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კარლ ჰარცელმა აღნიშნა, რომ კითხვარი ძალიან დაეხმარება ევროკომისიას შეფასების გაკეთებაში.

ბატონო პრემიერ-მინისტრო, მადლობელი ვარ, რომ აქ ვიმყოფები და ვიღებ თქვენი და მრავალი სხვა ადამიანის დიდი შრომის შედეგს, რაც კითხვარის მეორე და დასკვნით პროცესში განხორციელდა. ეს ძალიან დაეხმარება ევროკომისიას შედეგის განსაზღვრაში”, - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ევროკომისიის კითხვარის მეორე, სექტორული ნაწილის მიწოდების თარიღად, ევროკავშირის მიერ 13 მაისი იყო განსაზღვრული.

კითხვარის მეორე ნაწილის გადაცემის შემდგომ, ევროკომისია დაიწყებს საკუთარი შეფასების ანგარიშის მომზადებას, რომელიც ევროკავშირის საბჭოს გადაეცემა და საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს მიიღებს.

ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი საქართველომ 3 მარტს გააგზავნა, 11 აპრილს კი ევროკომისიისგან კანდიდატის წევრობის კითხვარი მიიღო. 15 აპრილს, "მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით", ხელისუფლებამ ის გაასაჯაროვა.

დოკუმენტის პირველი ნაწილი 369 კითხვისგან შედგებოდა. იგი პოლიტიკური და ეკონომიკური კრიტერიუმებით აფასებდა საქართველოს მზაობას, მიიღოს კანდიდატის სტატუსი.

საქართველოსთან ერთად, 3 მარტს წევრობის განაცხადი გააგზავნა მოლდოვამ. მანამდე, 28 თებერვალს - უკრაინამ. ორივე ქვეყანამ კითხვარების პირველ ნაწილზე პასუხები ევროკავშირს უკვე ჩააბარა. ამ დროისთვის, მეორე ნაწილზე პასუხები გადაცემული აქვთ საქართველოსა და უკრაინას.

29 აპრილს საქართველოს ხელისუფლებამ გაასაჯაროვა დოკუმენტის მეორე ნაწილი. მასში თითქმის 2300 კითხვაა. იგი არკვევს, რამდენად მორგებულია საქართველოს კანონმდებლობა ევროპულს, რამდენად მოხერხდება მასში ცვლილებების შეტანა და რამდენად მზადაა საქართველო, შეასრულოს ის ვალდებულებები, რომლებსაც ევროკავშირის წევრობა დააკისრებს.

დოკუმენტის ორივე ნაწილში ევროკომისია მოუწოდებდა ხელისუფლებას, დაესაბუთებინა პასუხები კონკრეტული მაგალითებით.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს ევროკომისიის კითხვარის პირველი ნაწილის პასუხები 2 მაისს გადასცა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა 6 მაისს განაცხადა, რომ კითხვარის მეორე, შევსებულ ნაწილს ევროკომისიას 10 მაისს ჩააბარებდნენ.

XS
SM
MD
LG