კინოცენტრის კომისიის ყოფილი წევრები სამართლებრივ დავას იწყებენ

ახალმა კომისიამ „პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის 2022-2023 წლის კონკურსში” გამარჯვებული გამოავლინა. მათი გადაწყვეტილებით, 550 ათასი ლარით დაფინანსდება ფილმი „მუშა“.

ეროვნული კინოცენტრის საექსპერტო კომისიის გათავისუფლებული წევრები, რომლებსაც პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის 2022-23 წლის წარმოების გამარჯვებული უნდა გამოევლინათ, 13 მაისს სასამართლოში სარჩელს შეიტანენ. მათ უფლებებს სასამართლოში ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ დაიცავს. კომისიის ყოფილი წევრები ითხოვენ მათი გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობას, შრომის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ კუთვნილ ჰონორარს და ასევე პატივისა და ღირსების შელახვის გამო მორალური ზიანის ანაზღაურებას.

ეროვნული კინოცენტრის საექსპერტო კომისიის წევრები თითქმის ერთი თვეა ეძებენ პასუხს კითხვაზე, რატომ ჩაანაცვლა კინოცენტრის ხელმძღვანელმა კარლო სიხარულიძემ ისინი კომისიის ახალი წევრებით და რატომ შეწყვიტა მათთან შრომითი ხელშეკრულება. თუმცა, ამ კითხვაზე პასუხი მათ დღემდე ვერ მიიღეს.

დათა ფირცხალავა, ნანა დოლიძე, ბესო სოლომონაშვილი, ნინო დოლიძე

კინოცენტრის დირექტორმა არც მათ წერილებს უპასუხა და კინოცენტრში მისულ კომისიის წევრებს, შეხვედრაზეც უარი უთხრა. მათ განუმარტეს, რომ დირექტორთან პირისპირ შეხვედრა, მხოლოდ და მხოლოდ, წინასწარი ჩაწერის შემთხვევაშია შესაძლებელი და ისინი უკან გააბრუნეს.

„მეტი ჩაწერა რაღა უნდა ყოფილიყო, როცა კომისიის წევრებმა სამჯერ გავუგზავნეთ ოფიციალური წერილი შეხვედრის თხოვნით?“, - კითხულობს ნანა დოლიძე, კინომცოდნე, საექსპერტო კომისიის ყოფილი წევრი და ამბობს, რომ მისთვის შეურაცხმყოფელია ის დამოკიდებულება, რასაც კინოცენტრი ბოლო ერთი თვეა კომისიის ყოფილი წევრების მიმართ იჩენს:

ნანა დოლიძე

„ჩვენი პროფესიული და პიროვნული ღირსება იქნა შელახული და ამას ვერანაირი შრომითი ხელშეკრულების ღირებულება ვერ დააბალანსებს. ეს ფაქტი, რეალურად, არის ინსტიტუციის დაზარალება. მე პროფესიით კინომცოდნე ვარ, ამგვარი დამოკიდებულებით მე ვერ დავზარალდები, რადგან ამ პროფესიით ყოველთვის ვიმუშავებ, მაგრამ თავად კინოცენტრი ზიანდება ამ ტიპის გადაწყვეტილებით. ჩვენ რომ საფუძვლიანი განმარტება მიგვეღო, რომ აი, ამა და ამ მიზეზის გამო, თუნდაც პოლიტიკური შეხედულებების გამო (რაც ასევე აბსოლუტურად გაუგებარი იქნებოდა) გააუქმეს ჩვენი კომისია, მივიღებდით ამ მოცემულობას, მაგრამ რეალურად, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე მოხდა ერთი კომისიის მეორე კომისიით ჩანაცვლება“.

ეროვნული კინოცენტრის საექსპერტო კომისიის წევრების გათავისუფლებას წინ უძღოდა თავად კინოცენტრის დირექტორის, გაგა ჩხეიძის გათავისუფლება. 18 მარტს მან დაკავებული თანამდებობა კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის ბრძანების საფუძველზე დატოვა.

სამინისტრომ გაგა ჩხეიძის გათავისუფლების გადაწყვეტილების მიზეზად კინოცენტრში არსებული დარღვევები დაასახელა და შიდა აუდიტის დასკვნას დაეყრდნო, რომელიც სამინისტრომ გაგა ჩხეიძის გათავისუფლების შემდეგ გაასაჯაროვა და სადაც ნათქვამია, რომ აღმოჩენილ დარღვევებს შორის, სამი დარღვევა შესაძლოა გახდეს სისხლისსამართლებრივი დევნის საფუძველი. შესაბამისად, სამინისტრომ დასკვნა პროკურატურაში გადააგზავნა.

Your browser doesn’t support HTML5

გაგა ჩხეიძე: იყო რამდენიმე მცდელობა კინოცენტრის საქმიანობაში უხეშად ჩარევის

სწორედ გაგა ჩხეიძემ გაუფორმა საექსპერტო კომისიის ყოფილ წევრებს ხელშეკრულება გათავისუფლებამდე ზუსტად ერთი თვით ადრე, 14 თებერვალს.

ნინო დოლიძე, „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ კომისიის წევრების გათავისუფლება, სავარაუდოდ, გაგრძელებაა იმ „საკადრო წმენდის“, რასაც კულტურის მინისტრი უკვე რამდენიმე თვეა კულტურის სფეროს სხვადასხვა დარგში აქტიურად ახორციელებს:

ნინო დოლიძე

„ჩვენ ვხედავთ, რომ ქალბატონ თეა წულუკიანს ერთნაირი მიდგომა აქვს ყველგან. იწყებს რეორგანიზაციას, ადამიანების გათავისუფლებას, რომლებიც შესაძლოა, არ იყვნენ ლოიალურად განწყობილნი მისი პოლიტიკური ხედვებისა თუ პარტიის მიმართ. ეს არის პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაცია, ჩვენ მსგავსი გათავისუფლება არაერთხელ ვიხილეთ კულტურის სხვადასხვა სფეროში და სამწუხაროდ, ახლა ვხედავთ სწორედ იმ სფეროში, რომელიც ყველაზე თავისუფალი უნდა იყოს. თავისუფალი უნდა იყოს ცენზურისგან და ჩარევისგან. მას შემდეგ, რაც ქალბატონმა თეა წულუკიანმა თანამდებობიდან გაათავისუფლა ბატონი გაგა ჩხეიძე, ახალმა დირექტორმა, სავარაუდოდ, ჩუმად შეცვალა კომისიის შემადგენლობა და მაშინ, როდესაც კომისიის ძველი წევრები აქტიურად მუშაობდნენ საკონკურსო მასალების განხილვაზე და უკვე გასაუბრების ეტაპი იყო დანიშნული, სრულიად შემთხვევით შეიტყვეს, რომ თურმე, ახალი კომისიაა შექმნილი ახალი წევრებით და სწორედ ახალი კომისია აგრძელებს საკონკურსო მასალებზე მუშაობას“.

საექსპერტო კომისიის ყოფილი თავმჯდომარე, ბესო სოლომონაშვილი დეტალურად იხსენებს როგორც საექსპერტო კომისიის შექმნის, ისე მუშაობისა და ბოლოს უკვე კომისიის მოულოდნელი გაუქმების, უფრო ზუსტად კი ჩანაცვლების ქრონოლოგიას.

14 თებერვალს, კომისიის შვიდ წევრთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, მათ გადაეცა საკონკურსოდ შემოსული 15 განაცხადი, შესაბამისი დოკუმენტაციით და ვიზუალური მასალით. კომისიას მიეცა 45-დღიანი ვადა პროექტების შესაფასებლად (ყოველი პროექტისთვის 3 დღე) და მარტის ბოლოს (28, 29, 30 მარტს) დაინიშნა გასაუბრების განრიგიც.

ბექა სოლომონაშვილი ყვება, რომ მას შემდეგ, რაც კინოცენტრის დირექტორი, გაგა ჩხეიძე გათავისუფლდა თანამდებობიდან, კონკურსში მონაწილეებთან გასაუბრებამა ერთი თვით, აპრილის ბოლოსთვის გადაიწია.

6 აპრილს კომისიამ კინოცენტრს კონკურსანტებთან გასაუბრების თარიღების დეტალების დასაზუსტებლად წერილობით მიმართა:

„მოგმართავთ თხოვნით, საექსპერტო კომისიას გაგვაცნოთ და შეგვითანხმოთ მეორე ეტაპით განსაზღვრული კონკურსანტებთან შეხვედრის გეგმა-გრაფიკი, რაც აუცილებელი პირობაა შემდგომი თანამშრომლობისთვის“, - ეწერა კომისიის წევრების წერილში.

15 აპრილს კი მათ კინოცენტრის ახლადდანიშნული დირექტორისგან, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილის კარლო (კახა) სიხარულიძისგან, საპასუხო წერილი მიიღეს. სწორედ ამ წერილით შეიტყვეს კომისიის წევრებმა, რომ ისინი კომისიის სხვა წევრებმა ჩაანაცვლეს:

„თქვენი წერილის პასუხად გაცნობებთ, რომ 14 თებერვლის #24 ბძანებაში ცვლილება შევიდა. საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორის 2022 წლის 28 მარტის #52 ბრძანებით სრულად შეიცვალა საექსპერტო კომისიის წევრთა შემადგენლობა“, - ეწერა 15 აპრილს მიღებულ წერილში.

„აბსოლუტურად მოულოდნელი და გამაოგნებელი პასუხი მივიღეთ. მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, როდესაც ვმუშაობდით, თურმე "ჩანაცვლებულები" ვყოფილვართ. დღემდე არ მიგვიღია ოფიციალური პასუხი, რის საფუძველზე მოხდა ახალი კომისიის შექმნა. არაერთხელ მივმართეთ კინოცენტრს, რომ მზად ვართ მათთან შესახვედრად ნებისმიერ დროს, მაგრამ არანაირი რეაგირება არ ყოფილა. მათ შორის, შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებითაც“, - ამბობს ბექა სოლომონაშვილი.

ასევე ნახეთ “თქვენ ჩანაცვლებული ხართ ახალი კომისიით” - ინტერვიუ ბესო სოლომანაშვილთან

ახალი კომისია კინოცენტრის ახალმა დირექტორმა ამ შემადგენლობით დაკომპლექტდა: გოგა ხაინდრავა - რეჟისორი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში, შპს ლე ხაინდრაო პროდაქშენ-ის ერთ-ერთი მეწილე; ბაჩო ოდიშარია - კინოკრიტიკოსი, Post TV-ის წამყვანი; მერაბ კოკოჩაშვილი - რეჟისორი; რუსუდან გლურჯიძე - რეჟისორი; ირაკლი სამსონაძე - დრამატურგი და მწერალი; გიორგი ცხვედიანი - რეჟისორი; გიორგი მეგრელიშვილი - მსახიობი, სცენარისტი და რეჟისორი.

მერაბ კოკოჩაშვილი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მან არაფერი იცოდა სხვა კომისიის არსებობის შესახებ, რომელმაც ჯერ კიდევ თებერვალში დაიწყო საკონკურსო ნამუშევრების განხილვა. რეჟისორის თქმით, ამის თაობაზე მან კონკურსის დასრულებამდე რამდენიმე დღით ადრე შეიტყო:

მერაბ კოკოჩაშვილი

„იმ კომისიაში, სადაც ვიყავი, კომისიის მშვენიერი წევრები იყვნენ. დანარჩენი მე არაფერი ვიცი. მთხოვეს, მივიღე მონაწილეობა და დამთავრდა ყველაფერი. მე არ მქონდა არანაირი ინფორმაცია, რომ ჩვენამდე სხვა კომისია არსებობდა. საიდან უნდა მცოდნოდა? ვინმეს ხომ უნდა ეთქვა. როდესაც ჩვენი კომისია უკვე ამთავრებდა მუშაობას, მაშინ დამირეკეს და მითხრეს, რომ თქვენამდე სხვა კომისია მუშაობდაო. მეტს ვერაფერს ვიტყვი“.

ახალმა კომისიამ „პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის 2022-2023 წლის კონკურსში” გამარჯვებული 5 მაისს გამოავლინა. მათი გადაწყვეტილებით, 550 ათასი ლარით დაფინანსდება ფილმი „მუშა“.

როგორც ეროვნული კინოცენტრის მიერ გამოქვეყნებულ განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, ჟიურის შეფასებით, უმაღლესი ქულა სხვა პროექტმა, შპს „ჯემინას“ ფილმმა „ტვირთმა“ მიიღო, თუმცა, აღმოჩნდა, რომ ჟიურის ერთ-ერთი წევრი, რუსუდან გლურჯიძე, ინტერესთა კონფლიქტში იმყოფებოდა ამ პროექტთან, კერძოდ, პროექტი „ტვირთი“ დაკავშირებული იყო მის მეუღლესთან. ის შპს „სინეტექის“ დირექტორია, რომელიც ამ პროექტის გეგმაში მოხსენიებულია, როგორც ტექნიკური აღჭურვილობის (უსასყიდლოდ) მიმწოდებელი კომპანია.

რუსუდან გლურჯიძე ამბობს, რომ მისთვის ამ გარემოების შესახებ ცნობილი გახდა 2022 წლის 3 მაისს. კინოცენტრის განმარტებით, „საგულისხმოა, რომ 2022 წლის 31 მარტს, რუსუდან გლურჯიძეს ხელმოწერით დადასტურებული აქვს აღნიშნულ კონკურსში მონაწილე საკონკურსო პროექტებთან ინტერესთა კონფლიქტის არარსებობის გარემოება“. რუსუდან გლურჯიძემ საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა კომისიის შემადგენლობა და მისი ყველა შეფასება გაბათილდა.

რის საფუძველზე მიიღო კინოცენტრის ახალმა დირექტორმა საექსპერტო კომისიის წევრების ჩანაცვლების გადაწყვეტილება? რატომ არ შეატყობინა კომისიის წევრებს ჩანაცვლების მიზეზი? რატომ უთხრა მათ შეხვედრაზე უარი? რადიო თავისუფლება შეეცადა ეს კითხვები დაესვა კარლო სიხარულიძისთვის. თუმცა, როგორც კინოცენტრის პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა გვითხრა, თუკი კინოცენტრი გადაწყვეტს "რაიმე განცხადების გავრცელებას", დაგვიკავშირდებიან. მათი განმარტებით, სხვა ტიპის კომენტარი არ გაკეთდება.

ასევე ნახეთ შუაღამის წერილი ეროვნულ მუზეუმს კულტურის სამინისტროსგან