Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შუაღამის წერილი ეროვნულ მუზეუმს კულტურის სამინისტროსგან


კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ არასამუშაო, კვირა დღეს, უფრო ზუსტად, კვირა ღამეს, 00:19 საათზე, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვრცელი განცხადება იმის შესახებ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ეროვნული მუზეუმის საქმიანობაში „მძიმე დარღვევები გამოავლინა“.

და სანამ მძიმე დარღვევების ჩამონათვალზე გადავიდოდა განცხადების ავტორმა ისიც დასძინა, რომ აუდიტის დასკვნამ „ნათლად აჩვენა“ კულტურის სამინისტროს მიერ ეროვნულ მუზეუმში განხორციელებული ცვლილებების აუცილებლობა. აი რას იწერება კულტურის სამინისტრო განცხადებაში:

„მოცემული დასკვნა ნათლად აჩვენებს, რომ კულტურის სამინისტროს მიერ 2021 წლის აპრილიდან განხორციელებული ცვლილებები, რომლებიც, სხვებს შორის, მიზნად ისახავს ეროვნულ მუზეუმში საკადრო ცვლილებებს, სტრუქტურის ოპტიმიზაციას, ექსპონატების პასპორტიზაციასა და ინვენტარიზაციას, ექსპონატების მოძიებასა და მუზეუმში დაბრუნებას, შენობების რემონტსა და რეკონსტრუქციას, კარგი მმართველობის პრინციპების დანერგვას, არის გამართლებული და აუცილებელი და ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს“.


ამ მსუყე აბზაცს აუდიტის დასკვნის მიერ აღმოჩენილი „მძიმე დარღვევების“ ჩამონათვალიც მოსდევს. უფრო კონკრეტულად კი აუდიტის ანგარიშში, რომელიც ეროვნული მუზეუმის 2018-2020 წლის საქმიანობის აღწერას მოიცავს, ვკითხულობთ:

  • ეროვნულ მუზეუმში კვლავ არ იყო დასრულებული ფონდების აღრიცხვა- შეჯერების პროცესი;
  • დარღვეული იყო სამუზეუმო ექსპონატების დროებით გამოფენაზე გატანის ვადები;
  • მუზეუმის ზოგიერთი ფონდი საერთოდ არ აწარმოებდა ექსპონატების აღრიცხვის საინვენტარო წიგნებს, ხოლო ზოგიერთი აღნიშნულ წიგნებს აწარმოებდა არასრულყოფილად. კერძოდ, წიგნებში არ იყო შეტანილი საინვენტარო ნომრები, რის გამოც შეუძლებელი ხდებოდა კონკრეტული ექსპონატის იდენტიფიცირება;
  • რიგ შემთხვევაში, სამუზეუმო ექსპონატები განთავსებული იყო არასათანადო პირობებში (სხვენი, სარდაფი). ზოგიერთი ფონდსაცავი არ იყო აღჭურვილი სათანადო ვენტილაცია-კონდიცირების სისტემით, რაც ქმნიდა ექსპონატების დაზიანების რისკს.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ:

  • ეროვნულ მუზეუმში არ არსებობს ექსპონატების აღრიცხვის ერთიანი საინფორმაციო ბაზა;
  • ეროვნულ მუზეუმში არ არის დასრულებული ექსპონატების აღრიცხვა-შეჯერების პროცესი. შესაბამისად, ვერ ხერხდება შედეგების, დანაკლისის/ზედმეტობის დადგენა. აღრიცხვა-შეჯერების პროცესის დასრულებას ხელს უშლის ის გარემოებაც, რომ ეროვნული მუზეუმის შექმნიდან და შემდგომ პერიოდებში შემოერთებული მუზეუმებიდან არ მომხდარა ფონდების და, შესაბამისად, ექსპონატების ოფიციალურად გადაბარება.
  • ეროვნული მუზეუმიდან დროებით, სხვადასხვა საგამოფენო სივრცეებში გატანილი 944 ექსპონატიდან დაბრუნდა − 584, ვადა გაუგრძელდა 360 ერთეულს, აქედან, 321-ს ვადა გაუგრძელდა ორჯერ, თითო წლით. მათ შორის, ქვეყნის გარეთ გატანილია 722 ექსპონატი, დაბრუნებულია 426, ხოლო ვადა გაუგრძელდა 296-ს.
  • ეროვნულ მუზეუმში არ არის დანერგილი კონტროლის მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს სამუზეუმო ფასეულობების დაცვის პირობებისა და აღრიცხვის შესაბამისობას მოქმედ რეგულაციებთან. აღნიშნული ზრდის თაღლითობის, ექსპონატების ფიზიკური დაზიანებისა და მათ არსებობასთან დაკავშირებულ რისკებს.

სულხან სალაძეს, რომელიც იურისტი და ამასთანავე, საინიციატივო ჯგუფ „ხელოვნების მუზეუმისთვის“ წევრია, არ ახსენდება შემთხვევა, როდესაც აუდიტის სამსახურს შეემოწმებინოს რომელიმე სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი და შემოწმების შედეგად დასკვნაში მოყვანილ შეფასებებს, რომლებიც გამოსწორებას საჭიროებს ან რეკომენდაციის ხასიათს ატარებს, რომელიმე სამინისტრო მყისიერად, ნიშნის მოგებით გამოხმაურებოდეს და „ცეცხლზე ნავთი დაესხას“:

სულხან სალაძე
სულხან სალაძე

„იმას კი არ ამბობს კულტურის სამინისტრო, რომ მუზეუმი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ხარვეზები გამოსწორდეს, პრობლემები გადაწყდეს, უსაფრთხოების საკითხები მოგვარდეს, არამედ ხაზს უსვამს იმას, რომ ეროვნული მუზეუმი, როგორც ინსტიტუტი, არის ცუდი და იმ პროცესს, რომელიც კულტურის სამინისტრომ დაიწყო 2021 წლის აპრილიდან ეროვნულ მუზეუმში, თურმე გამართლებაც ჰქონია. აუდიტის სამსახურის დასკვნა საერთოდ არ უკავშირდება 2021 წლის აპრილიდან ეროვნულ მუზეუმში დაწყებულ არასასურველი კადრების წმენდას, ე.წ. სტრუქტურულ ოპტიმიზაციას და ვითომ ინვენტარიზაციის პროცესს. სამინისტროს ამ ტყუილში მცირედი ლოგიკა და სიმართლის მარცვალი მაინც რომ იყოს, მაშინ სამინისტრო ჯერ აუდიტის დასკვნას უნდა დალოდებოდა და მერე დაეწყო ეროვნული მუზეუმის ნგრევის პროცესი“, - ეუბნება სულხან სალაძე რადიო თავისუფლებას.

სულხან სალაძე პარალელს ავლებს ეროვნული მუზეუმის შესახებ აუდიტის დასკვნასა და მაგალითად, წინა წლებში, იუსტიციის სამინისტროს სისტემაში ჩატარებულ აუდიტის დასკვნებს შორის, როდესაც იუსტიციის მინისტრი კულტურის ამჟამინდელი მინისტრი, თეა წულუკიანი იყო და ამბობს, რომ აუდიტის იმ დასკვნებში, ბევრად სერიოზულ დარღვევებზე იყო ყურადღება გამახვილებული, რომლის შესახებაც მაშინ იუსტიციის სამინისტროსა და მის მინისტრს, თეა წულუკიანს განცხადებები არ გაუკეთებია:

„მაშინ, მინისტრი და სამინისტრო, უქმე დღეს, ღამის საათებში, განცხადებით არ გამოსულა და ამ ტიპის ტექსტებით არ ულაპარაკია. ეს მიუთითებს იმაზე, რომ მათ სპეციალურად აქვთ გეგმა, რომელიც ეროვნული მუზეუმის ბოლომდე მიწასთან გასწორებას ემსახურება. ეს არის ნათელი და მკაფიო. ეს განცხადება მიზანმიმართული კამპანიის ნაწილია და მიმართულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის მენეჯმენტის წინააღმდეგ. ვგულისხმობ დავით ლორთქიფანიძეს და იმ ადამიანებს, რომლებიც არ არიან თეა წულუკიანის მიერ დანიშნულნი“.

აუდიტის დასკვნების მცირე შედარებითი დახასიათებები

რაკი აუდიტის დასკვნების შედარებაზე მიდგა საქმე, მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ, აუდიტის დასკვნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2020 წლის 31 დეკემბერს დასრულებული წლის ფინანსურ ანგარიშგენასთან დაკავშირებით, სადაც ვკითხულობთ, რომ მაგალითად:

  • საჯარო რეესტრის სააგენტოში არ დასრულებულა 2020 წელს დაწყებული ქონების ინვენტარიზაცია, ხოლო სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გამოვლინდა 1,491,823 ლარის აქტივების დანაკლისი, მათ შორის: 491,184 ლარის მარაგების დანაკლისთან დაკავშირებული დოკუმენტაცია იუსტიციის სამინისტროს მიერ შემდგომი რეაგირების მიზნით გაგზავნილია საქართველოს პროკურატურაში.
  • ასევე, იუსტიციის სახლში აუდიტის შედეგად გამოვლენილია არაფინანსური აქტივების აღრიცხვასთან დაკავშირებული შემდეგი ნაკლოვანებები: არაფინანსური აქტივების უარყოფითი ნაშთები სააღრიცხვო პროგრამაში; არაფინანსურ აქტივებთან დაკავშირებული ოპერაციები ანალიზური აღრიცხვის გარეშე.
  • გარდა ამისა, საჯარო რეესტრის სააგენტოს, იუსტიციის სახლის და სერვისების სააგენტოს სარგებლობაში არსებული მიწები, ჯამურად 20,408 კვ.მ,12 არ არის შეფასებული და ღირებულებით ასახული ძირითადი აქტივების ანგარიშზე.
  • ხოლო იუსტიციის სახლის თბილისის ფილიალი, მიუხედავად იმისა, რომ ფაქტობრივად 2012 წლიდან ფუნქციონირებს, არ არის ექსპლუატაციაში მიღებული.
  • სახელმწიფო აუდიტის კიდევ ერთი მიგნების თანახმად კი, საჯარო რეესტრის სააგენტოს ცენტრალურ საწყობსა და სხვა დანაყოფებში, სადაც ხდება ფასეულობების მიღება, შენახვა და განაწილება, მატერიალურად პასუხისმგებელ პირებთან არ არის გაფორმებული ხელშეკრულება სრულ მატერიალურ პასუხისმგებლობაზე, რაც შეუსაბამოა მოქმედ კანონმდებლობასთან. აღნიშნული დამატებით წარმოშობს აქტივების დაცულობასთან დაკავშირებულ რისკებს.

სულხან სალაძის თქმით, ის პრობლემები და ხარვეზები, რის შესახებაც აუდიტის სამსახური ეროვნულ მუზეუმში ჩატარებული მოკვლევის საფუძველზე მიუთითებს, პრაქტიკულად ყველა ადმინისტრაციული ორგანოს შემოწმების დროს ვლინდება:

„მაგალითად, შესყიდვების საკითხები, ინვენტარიზაციის საკითხი, შემოსავლები, იჯარა... ცხადია, ეს კარგი არ არის თავისთავად, ამაზე არაფერს ვამბობთ, მაგრამ ეს არ არის ის, რომ მინისტრი 24 საათი ლაპარაკობდეს იმაზე, რომ მუზეუმი გამოშიგნულია, რომ ექსპონატები დაკარგულია. როდესაც კულტურის სამინისტროს განცხადებაში ვკითხულობთ, რომ გამოვლენილია "მძიმე დარღვევები", ეს არის ტყუილი, რადგან დასკვნაში არაფერი მსგავსი არ წერია. ხარვეზები და გამოწვევები, რომელზეც სახელმწიფო აუდიტი საუბრობს, გამოსწორებადია. არსად არაა ნახსენები ისეთი შემთხვევები, რომელიც აუდიტის სამსახურს მისცემდა იმის თქმის საშუალებას, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს დანაშაულს და საჭირო იყოს გამოძიება. შესაბამისად, სამინისტროს განცხადებაში მოყვანილი „მძიმე დარღვევები“ გამოგონილი და განზრახ გაბუქებულია“.

სულხან სალაძე რადიო თავისუფლებასთან საუბრისას იმასაც ამბობს, რომ იმ ხარვეზების აღმოფხვრას, რაც მრავალი ათეული წლების განმავლობაში დაგროვდა სამუზეუმო სივრცეში, კულტურის მინისტრი ახალი თანამშრომლების მიყვანით ვერ შეძლებს:

„მან ყველაზე კარგად უნდა იცოდეს, რამდენად რთული პროცესია, მაგალითად, კოლექციების შეჯერება, რამდენად რთული პროცესია მუზეუმში ინვენტარიზაცია, რადგან როდესაც ათეული წლების განმავლობაში ეს პრობლემას წარმოადგენს, რომ დოკუმენტი დოკუმენტთან თანხვედრაში არ მოდის, ეს ასე მარტივად გადასაჭრელი საკითხი არ არის და შემიძლია სრული გარანტია მივცე თეა წულუკიანს, რომ იმ მენეჯმენტით, რაც ახლა მას ჰყავს შეყვანილი ხელოვნების მუზეუმის სისტემაში, რომელიც ასევე ეროვნული მუზეუმის შემადგენლობაში შედის, ის ამ ინვენტარიზაციას ვერასდროს გააკეთებს, რადგან მცოდნე ხალხი ვინც იყო, ყველა გარეთ გაუშვეს. მათ ახლა ისიც კი არ იციან, სად რა დევს, სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ“.

სულხან სალაძემ, 7 თებერვალს, სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი მიუძღვნა კულტურის სამინისტროს წერილს, სახელმწიფო აუდიტის დასკვნას ეროვნული მუზემის შესახებ და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წლების განმავლობაში იუსტიციის სამინისტროს სისტემაში ჩატარებულ აუდიტის დასკვნების შედარებით დახასიათებას.

„ძალიან ჩვეულებრივი და მეტსაც გეტყვით, კარგი ანგარიშია“

მუზეუმის სივრცეში ახალი თანამშრომლების მიყვანით მრავალწლიანი პრობლემების ერთი ხელის მოსმით გამოსწორების იმედი არ აქვს არც სალომე ცისკარიშვილს, ილიას უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორსა და მუზეუმმცოდნეს. მეტიც, ის ამას აბსურდს უწოდებს:

სალომე ცისკარიშვილი
სალომე ცისკარიშვილი

„ადამიანს უნდა ჰქონდეს მრავალწლიანი გამოცდილება ფონდებთან მუშაობის. სხვაგვარად ის ვერც შეჯერებას გააკეთებს, ვერც აღრიცხვას გააკეთებს. ეს აბსოლუტურად წარმოუდგენელია. შეიძლება იყო არაჩვეულებრივი ხელოვნებათმცოდნე, მაგრამ არა თუ ვერ გააკეთებ, ვერც კი დაეხმარები პროცესს. შესაბამისად, კვალიფიციური კადრების გაშვებით, მხოლოდ დამატებით პრობლემას და საფრთხეს ქმნის. მე რომ აღმოვჩნდე დღეს სასწაულებრივად ეროვნულ მუზეუმში თანამშრომლად, მე ამ ადამიანებს ვერ ჩავანაცვლებ, არ გამომივა, მიუხედავად იმისა, რომ მუზეუმთცოდნე ვარ“.

სალომე ცისკარიშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ვრცლად მიმოიხილავს კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას და ამასთანავე იმ მიგნებებს, რომლებიც აუდიტის სამსახურმა ეროვნულ მუზეუმში ჩატარებული გამოკვლევისას გამოავლინა.

„ეს არის არა საგანგაშო დასკვნებზე გასული აუდიტის ანგარიში, არამედ ძალიან ჩვეულებრივი და მეტსაც გეტყვით, კარგი ანგარიშია“, - ასე იწყებს ის ჩვენთან დიალოგს სალომე ცისკარიშვილი. პირველ რიგში ის კულტურის სამინისტროს განცხადების სტილსა და ტონს უწუნებს:

„პროპაგანდის წარმოების კლასიკური მაგალითია ეს განცხადება და მსგავსი განცხადებები მუშაობს მაშინ, როდესაც მათ თავზე ახვევ საქმეში გაუთვითცნობიერებელ ადამიანებს. ყველა პუნქტი, რომელიც აუდიტის დასკვნასა და კულტურის სამინისტროს განცხადებაშია მოყვანილი, მეტყველებს იმაზე, რაც პრობლემა და მოცემულობაა არა მხოლოდ ეროვნული მუზეუმისთვის, არამედ ზოგადად საქართველოსთვის, რადგან მაგალითად, გაუმართავი სააღრიცხვო სისტემა, ფონდების განთავსების ადგილი და პირობები, ეს არის ის პრობლემები, რომლებიც არის ზოგადი და რომლებთანაც ეტაპობრივი გამკლავება უნდა იყოს მთელი ქვეყნის ამოცანა. იმიტომ კი არ წარმოადგენს დღეს ეს პრობლემას, რომ ვინმეს არ უნდა მისი გამოსწორება, არამედ ზოგადად, პირობებია ისეთი, რომლების შანსს არ გაძლევს, რომ ყველა პრობლემა ერთბაშად გამოასწორო. ის პრობლემები, რომლებიც, ფაქტობრივად, ერთი საუკუნის განმავლობაში გროვდება, ერთი ხელის მოსმით ვერ გამოსწორდება“.

მათ შორის, სალომე ცისკარიშვილი გულისხმობს, როგორც შენობების დღეს არსებულ მდგომარეობას, ისე საცავების ადგილ-მდებარეობებსა და მდგომარეობას, ექსპონატების აღიცხვას, ფონდების შეჯერებას და ა.შ.

სალომე ცისკარიშვილი ცდილობს ახსნას, რას ნიშნავს, მაგალითად, „ბრალდება“ ექსპონატების აღრიცხვის არ არსებობასთან დაკავშირებით და რა დგას ზოგადად სამუზეუმო ექსპონატების აღრიცხვის პრობლემის უკან:

„იმისათვის, რომ რიგითი მოქალაქე გაერკვეს, თუ რას ნიშნავს ექსპონატების აღრიცხვის სისტემა, მაშინ ის თავად უნდა მუშაობდეს მუზეუმში. მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა გავიმეორო, თითქმის საუკუნის მანძილზე, სააღრიცხვო სისტემას ჰქონდა დიდი ხარვეზები მთელ საქართველოში, არა მხოლოდ გაერთიანებაში შემავალ მუზეუმებს. ამის მიზეზები იყო სისტემის გაუმართაობა, ნაწილობრივ თანამშრომლების კომპეტენცია, რადგან საბჭოთა დროს, განსაკუთრებით რეგიონებში, შერეული კონტინგენტი მუშაობდა. ვერ დავიკვეხნიდით, რომ ყველგან კომპეტენტური კადრები მუშაობდნენ. ზოგადი სისტემა იყო შავ დღეში და დღესაც ასე რჩება. რაც შეეხება ეროვნულ მუზეუმსა და მასში შემავალ მუზეუმებს, მათი სააღრიცხვო დოკუმენტაცია, რომელიც ბევრი კომპონენტისგან შედგება, ძალიან ჭრელია. მე ეს მესმოდა ჯერ კიდევ სტუდენტობაში. საცავების მდგომარეობა, აღრიცხვის მდგომარეობა და ა.შ. ამის გამოსწორებას სჭირდება არათუ თვეების, მრავალი წლის განმავლობაში, ბევრი კომპეტენტური ხალხის უმძიმესი და ურთულესი მუშაობა. შესაბამისად, ის, რომ აუდიტის დასკვნაში წერია, რომ თურმე არ არის აღრიცხვაში შეჯერების პროცესი დასრულებული და ა.შ. ეს ვერ იქნება დასრულებული კიდევ ბევრი წელი. არ ჩათვალოთ, რომ მსგავსი პრობლემები მხოლოდ საქართველოს აქვს, ეს არაერთი ქვეყნის პრობლემაა“.

სალომე ცისკარიშვილი კულტურის სამინისტროს განცხადებისა და აუდიტის დასკვნის კიდევ ერთ პუნქტზე აკეთებს განმარტებას - "ეროვნული მუზეუმიდან დროებით, სხვადასხვა საგამოფენო სივრცეებში გატანილი ექსპონატები". მისი თქმით, ამის აქცენტირება, სხვა არაფერია, თუ არა წმინდა წყლის პროპაგანდის ნაწილი:

„იმიტომ, რომ ექსპონატების გატანა ნორმალურია. თუ იგულისხმება, რომ რაღაც ექსპონატები აღარ დაბრუნებულა, ჩვენ ამის შესახებ ვიცით და ეს არ მომხდარა ამ წლების განმავლობაში. იგივე, უთითებენ, რომ გატანილ ექსპონატს გაუგრძელდა ვადა. მერე რა? ის, რომ ვადა გაგრძელდა, ამას უნდა მივესალმოთ და არა დავგმოთ. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს წარდგენა გაგრძელდა, მაგალითად, კიდევ ერთი წლით. რა არის აქ პრობლემა? რომ ეწეროს, ამ განცხადებაში, რომ დაიკარგა, გაქრა, მაშინ გასაგები იქნებოდა. მაგრამ სიტყვა „გატანილმა“ შესაძლოა ადამიანს ტვინი აურიოს და ჩათვალოს, რომ ექსპონატები იკარგება და ამ მხრივ მუზეუმი გამოუსწორებელ შეცდომებს უშვებს“.

თუკი ექსპონატების დაკარგვის თაობაზე გავრცელებულ განცხადებებზე შევჩერდებით, მაშინ უნდა გავიხსენოთ 2021 წლის დეკემბერში, პარლამენტში "მინისტრის საათის" ფორმატში გამოსვლისას თეა წულუკიანის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ "2012 წლამდე საელჩოებისთვის გადაცემული 117 ექსპონატიდან, რომლებიც ძვირადღირებული, ძვირფასი ფერწერული ტილოებია, 53 სავარაუდოდ, დაკარგულია".

თეა წულუკიანია ამ ბრალდებებს იანვრის ბოლოს ეროვნული მუზეუმი განცხადებით გამოეხმაურა. მათი თქმით, ეროვნული მუზეუმის შემადგენლობაში შემავალი მუზეუმებიდან ექსპონატების დაკარგვის შესახებ განცხადებები სიმართლეს არ შეესაბამება.

განცხადებაში ეროვნული მუზეუმი საუბრობს დანაკარგებზე, რომლებიც ეროვნულ გალერეაში 1950-იანი წლებიდან 2005 წლამდე პერიოდში იყო და ესაა 59 ექსპონატი, რომლებიც სხვადასხვა დროს სხვადასხვა საელჩოში გაიტანეს და შემდეგ ვეღარ იპოვეს. ყველაზე მეტი, 46 ექსპონატი ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოდან არის გამქრალი. ეროვნული გალერეა ეროვნულ მუზეუმს 2007 წელს შეუერთდა, თავად ეროვნული მუზეუმი კი 2004 წელს შეიქმნა. 2012-2021 წლებში ეროვნულ გალერეას და ეროვნულ მუზეუმს 500-ზე მეტი ექსპონატი დაუბრუნდა.

"საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე გვსურს კიდევ ერთხელ განვმარტოთ, რომ ეროვნული მუზეუმის შექმნის დღიდან, ჩვენს გაერთიანებაში შემავალი მუზეუმებიდან, მათ შორის ხელოვნების მუზეუმიდან, არც ერთი ექსპონატი არ დაკარგულა", - წერია მუზეუმის განცხადებაში.

რადიო თავისუფლებამ აუდიტის სამსახურის დასკვნასა და კულტურის სამინისტროს განცხადებაზე კომენტარის გაკეთება სთხოვა ერონული მუზეუმის დირექტორ, დავით ლორთქიფანიძეს. როგორც მუზეუმის პრეს-სამსახურში გვითხრეს, ეროვნული მუზეუმი განცხადებას სოციალურ ქსელში, უახლოეს პერიოდში გამოაქვეყნებს.

ეროვნული მუზეუმი, მასში შემავალი სხვა მუზეუმები და თანამშრომლები უკვე თვეებია კულტურის მინისტრის მკაცრი კრიტიკის და როგორც დარგის სპეციალისტები და საზოგადოების ნაწილი მოიხსენიებს, რეპრესიული პოლიტიკის მსხვერპლნი არიან. მიმდინარე წლის 13 და 14 იანვარს სამსახურიდან დაითხოვეს ხელოვნების მუზეუმის კურატორები. მანამდე, კულტურის მინისტრმა თქვა, რომ ისტორიული შენობა, სადაც ხელოვნების მუზეუმია განთავსებული, "არარენტაბელურია". თეა წულუკიანის ბრძანებითვე, ხელოვნების მუზეუმი "მართვის განსაკუთრებულ რეჟიმზე" იმყოფება 2021 წლის ზაფხულიდან. ამ დროიდან დღემდე სამსახურიდან გაათავისუფლეს 10-ზე მეტი მეცნიერი.

XS
SM
MD
LG