პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი თანახმაა გადაიყვანონ კლინიკა "ვივამედში". ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ პატიმართან რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის შეთავაზებაზე, კლინიკა "ვივამედში" გადაყვანაზე, სააკაშვილის განცხადება გვარამიამ ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე წაიკითხა:
"ვინაიდან ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დასუსტებულია და შეუთავსებელია სასიცოცხლო მაჩვენებლებთან, თანახმა ვარ კლინიკა "ვივამედში" გადასვლაზე გამოკვლევებისთვის, სამედიცინო მომსახურებისთვის და მკურნალობისთვის შემდეგი პირობებით:
- მუდმივი დაშვება ჰქონდეთ ჩემი ოჯახის წევრებს, ჩემს პირად ექიმ ნიკა ყიფშიძეს და ასევე, ალტერნატიული ექსპერტიზის წევრებს ცენტრ "ემპათიადან", რაც კანონით განსაზღვრულია;
- სამუშაო საათებში დაშვება ჰქონდეთ კანონით განსაზღვრულ პირებს: ადვოკატებს და პარლამენტის წევრებს;
- ყოველ გამოკვლევაში, დიაგნოსტიკაში, დანიშნულების დადგენაში და მკურნალობის შემდეგი ეტაპების თუ გამოჯანმრთელების განსაზღვრა მოხდეს პარიტეტული შემადგენლობით, ცენტრ "ემპათიის" ჩართულობით და მათი თანხმობის შემთხვევაში, სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრების ჩართვა;
- როგორც კი აღნიშნულ საკითხებზე მივიღებ პასუხს, მზად ვარ, დაუყოვნებლივ გადავიდე "ვივამედში";
- გთხოვთ, აღნიშნულ საკითხებზე გადაწყვეტილება მიიღოთ ჩემი ოჯახისა და ადვოკატების ჩართულობით".
გვარამიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის მიერ დასახელებული პირობები არ არის ულტიმატუმი და შესაძლებელია გარკვეული საკითხების განხილვა, თუმცა "სააკაშვილის კვლევებიდან დაწყებული, დანიშნულების მიცემით დამთავრებული, ყველა შემდეგი ეტაპი უნდა მოხდეს მისი ნდობით აღჭურვილი პირების მონაწილეობით".
"თუ გადაიყვანენ და კვლევების თანახმად თქვეს, რომ არაფერი არ სჭირს, უკან გადმოიყვანენ - ჩვენ ამაზე, ბუნებრივია, ვერ ვილაპარაკებთ. თავისთავად ცხადია, რომ ნდობა არ გვაქვს... რაც უფრო მალე იქნება [ხელისუფლებისგან] პასუხი, მით მალე იქნება მიხეილ სააკაშვილი "ვივამედიში", - თქვა გვარამიამ.
იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს, 10 მაისს, მედიისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ "მიხეილ სააკაშვილს, შესაძლო გართულებების თავიდან არიდების მიზნით, გაუკეთდება შეთავაზება, რომ გაყვანილ იქნეს კლინიკა "ვივამედში", სადაც მას ჩაუტარდება გამოკვლევები და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი მკურნალობა“.
ასევე ნახეთ სააკაშვილს კლინიკა "ვივამედში" გადაყვანას შესთავაზებენპარტია "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა კობა ნაყოფიამ, რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან ჟურნალისტებს უთხრა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თანახმაა, კლინიკა „ვივამედში“ გამოკვლევების ჩასატარებლად გადაიყვანონ. თუმცა, არა დღეს, ვინაიდან დღეს მასთან მოსანახულებლად ოჯახის წევრები - დედა და ვაჟი შედიან. ამის თაობაზე ნაყოფიამ განაცხადა მას შემდეგ, რაც ციხეში მოინახულა მიხეილ სააკაშვილი.
ასევე ნახეთ სააკაშვილი "ვივამედში" გამოკვლევების ჩატარებაზე თანახმაა, მაგრამ არა დღეს - კობა ნაყოფია ასევე ნახეთ ზურაბიშვილი მხარს უჭერს იუსტიციის სამინისტროს შეთავაზებას სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის შესახებსახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა "მნიშვნელოვნად გაუარესებულია". კონსილიუმის წევრებმა მესამე პრეზიდენტი საპატიმროში 22 აპრილს, თითქმის ოთხთვიანი პაუზის შემდეგ მოინახულეს.
27 აპრილს გამოქვეყნებულ მათ დასკვნაში ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმი საკუთარი ორგანოების დაშლის შედეგად გამოყოფილ ცილებს მოიხმარს.
საქართველოს ექსპრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს.
დაკავების დღესვე მან შიმშილობა გამოაცხადა. მდგომარეობის დამძიმების გამო, შიმშილობის დაწყების 50-ე დღეს მიხეილ სააკაშვილი დასთანხმდა პროტესტის შეწყვეტას, თუ სამკურნალოდ გადაიყვანდნენ გორის სამხედრო ჰოსპიტალში. მისი ადვოკატები ამბობენ, რომ ამ მკურნალობამ შედეგი ვერ გამოიღო და აუცილებელია სააკაშვილის საზღვარგარეთ წაყვანა.