Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბიშვილი მხარს უჭერს იუსტიციის სამინისტროს შეთავაზებას სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის შესახებ


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხზე განცხადებას აქვეყნებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაცია.

„საქართველოს პრეზიდენტი, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, გაეცნო ყველა მხარის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას: იუსტიციის მინისტრისგან, სახალხო დამცველის აპარატის და მასთან შექმნილი სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის წევრებისაგან, არასამთავრობო ორგანიზაციებისგან და სამედიცინო სფეროს სხვადასხვა წარმომადგენლებისგან.

პრეზიდენტს მიაჩნდა და მიაჩნია, რომ ყველა ზომა უნდა იყოს მიღებული ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად, რათა მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არც საზოგადოებაში და არც ევროპელი პარტნიორებისგან არ ჩნდებოდეს კითხვები. ეს არის ქვეყნის რეპუტაციის და იმიჯის საკითხი, რომელიც მოითხოვს გამჭვირვალობას, დიდ სიფრთხილეს და დაკვირვებას, რომ არ არსებობდეს რაიმე საფრთხე და მაქსიმალურად დაცული იყოს მისი ჯანმრთელობა", - ვკითხულობთ პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის შესახებ იუსტიციის მინისტრის განცხადებას.

„საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება და სრულად უჭერს მხარს იუსტიციის სამინისტროს შეთავაზებას ექსპრეზიდენტის კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით", - ნათქვამია განცხადებაში.

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს, 10 მაისს, მედიისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ "მიხეილ სააკაშვილს, შესაძლო გართულებების თავიდან არიდების მიზნით, გაუკეთდება შეთავაზება, რომ გაყვანილ იქნეს კლინიკა "ვივამედში", სადაც მას ჩაუტარდება გამოკვლევები და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი მკურნალობა“.

პარტია "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა კობა ნაყოფიამ, რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან ჟურნალისტებს უთხრა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თანახმაა, კლინიკა „ვივამედში“ გამოკვლევების ჩასატარებლად გადაიყვანონ. თუმცა, არა დღეს, ვინაიდან დღეს მასთან მოსანახულებლად ოჯახის წევრები - დედა და ვაჟი შედიან. ამის თაობაზე ნაყოფიამ განაცხადა მას შემდეგ, რაც ციხეში მოინახულა მიხეილ სააკაშვილი.

სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა "მნიშვნელოვნად გაუარესებულია". კონსილიუმის წევრებმა მესამე პრეზიდენტი საპატიმროში 22 აპრილს, თითქმის ოთხთვიანი პაუზის შემდეგ მოინახულეს.

27 აპრილს გამოქვეყნებულ მათ დასკვნაში ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმი საკუთარი ორგანოების დაშლის შედეგად გამოყოფილ ცილებს მოიხმარს.

საქართველოს ექსპრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს.

დაკავების დღესვე მან შიმშილობა გამოაცხადა. მდგომარეობის დამძიმების გამო, შიმშილობის დაწყების 50-ე დღეს მიხეილ სააკაშვილი დასთანხმდა პროტესტის შეწყვეტას, თუ სამკურნალოდ გადაიყვანდნენ გორის სამხედრო ჰოსპიტალში. მისი ადვოკატები ამბობენ, რომ ამ მკურნალობამ შედეგი ვერ გამოიღო და აუცილებელია სააკაშვილის საზღვარგარეთ წაყვანა.

პარლამენტის დღევანდელ, 10 მაისის პლენარულ სხდომაზე, ფრაქციის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“, თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძემ უმრავლესობის დეპუტატებს და ხელისუფლებას მიმართა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად საპატიმროში საერთაშორისო სამედიცინო ექსპერტები შეეშვათ.

"მოგიწოდებთ, დაუშვით საერთაშორისო ექსპერტები ციხეში, მეორე - მაღალი რეპუტაციის მქონე კლინიკებიდან, საერთაშორისო ექიმები უნდა შევიდნენ", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა, დეპუტატმა ეკა ხერხეულიძემ, 10 მაისს პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, რომ ოპოზიციონერი დეპუტატები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების სანაცვლოდ თავდებობას აპირებენ.

"ჩვენ, დეპუტატები ოპოზიციიდან, ვაპირებთ თავდებობას მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების სანაცვლოდ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე", - თქვა მან.

გუშინ, 9 მაისს, ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა განაცხადეს, რომ მზად არიან თავდებში ჩაუდგნენ სააკაშვილს, მისი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაყვანის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში. მათი განცხადებით, სააკაშვილი რეაბილიტაციის შემდეგ დაბრუნდებოდა საქართველოში.

XS
SM
MD
LG