Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილი "ვივამედში" გამოკვლევების ჩატარებაზე თანახმაა, მაგრამ არა დღეს - კობა ნაყოფია


კობა ნაყოფია, პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი
კობა ნაყოფია, პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი

პარტია "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა კობა ნაყოფიამ, რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან ჟურნალისტებს უთხრა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თანახმაა, კლინიკა „ვივამედში“ გამოკვლევების ჩასატარებლად გადაიყვანონ. თუმცა, არა დღეს, ვინაიდან დღეს მასთან მოსანახულებლად ოჯახის წევრები - დედა და ვაჟი შედიან. ამის თაობაზე ნაყოფიამ განაცხადა მას შემდეგ, რაც ციხეში მოინახულა მიხეილ სააკაშვილი.

კობა ნაყოფიას განცხადებით, მის შესვლამდე მიხეილ სააკაშვილი ციხის ადმინისტრაციის მხრიდან უკვე ინფორმირებული იყო იუსტიციის მინისტრის შეთავაზების თაობაზე.

უბრალოდ, აქ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი, რომ იქ არ არის ლაპარაკი მის იქ სამკურნალოდ გადაყვანაზე, საუბარია მხოლოდ გამოკვლევაზე გადაყვანაზე, ანუ მას შესთავაზეს, რომ "ვივამედში" მას გადაიყვანდნენ გამოკვლევების ჩასატარებლად და ისევ უკან დააბრუნებდნენ პენიტენციურ დაწესებულებაში და თან შესთავაზეს, რომ ეს ყოფილიყო დღეს... მან უთხრა, რომ დღეს არა და ხვალ, ზეგ, მომდევნო დღეებში მზად არის, ანუ დაუდასტურა. საუბარი იყო, რომ დღეს უნდა გადაეყვანათ. მაგრამ დღეს ვერ გადავიდოდა, ვინაიდან შეხვედრა ჰქონდა ოჯახის წევრებთან, რომელიც დიდი ხანია არ უნახავს“, - განაცხადა კობა ნაყოფიამ და დაამატა, რომ მიხელ სააკაშვილი აუცილებლად გადავა კვლევების ჩასატარებლად.

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს, 10 მაისს, მედიისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ "მიხეილ სააკაშვილს, შესაძლო გართულებების თავიდან არიდების მიზნით, გაუკეთდება შეთავაზება, რომ გაყვანილ იქნეს კლინიკა "ვივამედში", სადაც მას ჩაუტარდება გამოკვლევები და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი მკურნალობა“.

სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა "მნიშვნელოვნად გაუარესებულია". კონსილიუმის წევრებმა მესამე პრეზიდენტი საპატიმროში 22 აპრილს, თითქმის ოთხთვიანი პაუზის შემდეგ მოინახულეს.

27 აპრილს გამოქვეყნებულ მათ დასკვნაში ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმი საკუთარი ორგანოების დაშლის შედეგად გამოყოფილ ცილებს მოიხმარს.

საქართველოს ექსპრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს.

დაკავების დღესვე მან შიმშილობა გამოაცხადა. მდგომარეობის დამძიმების გამო, შიმშილობის დაწყების 50-ე დღეს მიხეილ სააკაშვილი დასთანხმდა პროტესტის შეწყვეტას, თუ სამკურნალოდ გადაიყვანდნენ გორის სამხედრო ჰოსპიტალში. მისი ადვოკატები ამბობენ, რომ ამ მკურნალობამ შედეგი ვერ გამოიღო და აუცილებელია სააკაშვილის საზღვარგარეთ წაყვანა.

პარლამენტის დღევანდელ, 10 მაისის პლენარულ სხდომაზე, ფრაქციის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“, თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძემ უმრავლესობის დეპუტატებს და ხელისუფლებას მიმართა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად საპატიმროში საერთაშორისო სამედიცინო ექსპერტები შეეშვათ.

"მოგიწოდებთ, დაუშვით საერთაშორისო ექსპერტები ციხეში, მეორე - მაღალი რეპუტაციის მქონე კლინიკებიდან, საერთაშორისო ექიმები უნდა შევიდნენ", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა, დეპუტატმა ეკა ხერხეულიძემ, 10 მაისს პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, რომ ოპოზიციონერი დეპუტატები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების სანაცვლოდ თავდებობას აპირებენ.

"ჩვენ, დეპუტატები ოპოზიციიდან, ვაპირებთ თავდებობას მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების სანაცვლოდ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე", - თქვა მან.

გუშინ, 9 მაისს, ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა განაცხადეს, რომ მზად არიან თავდებში ჩაუდგნენ სააკაშვილს, მისი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაყვანის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში. მათი განცხადებით, სააკაშვილი რეაბილიტაციის შემდეგ დაბრუნდებოდა საქართველოში.

XS
SM
MD
LG