„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლის წინ კარვები გაშალეს. აქციის მონაწილეებმა მემედ აბაშიძის გამზირის ნაწილი გადაკეტეს და უწყვეტი საპროტესტო აქციების გამართვის შესახებ გამოაცხადეს.
„ვიდრე მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე საფრთხეშია, არ დავიშლებით. ვრჩებით ბოლომდე, არსად არ მივდივართ, ვიბრძოლებთ ბოლომდე", - აცხადებენ აქციის მონაწილეები, რომლის ორგანიზატორები არიან ენმ-ის ბათუმის ორგანიზაციის წევრები.
აქცია-მსვლელობა 20:00 საათზე დაიწყო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და დემონსტრანტებმა აჭარის ა/რ მთავრობის სახლთან გადაინაცვლეს. მასში სხვა მოქალაქეებთან ერთად, მონაწილეობდნენ „ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზაციების წევრები აჭარის ყველა მუნიციპალიტეტიდან.
ზღვისპირა ქალაქში შეკრებილებს მიმართა პარტიის ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარემ გიორგი კირთაძემ. მან თქვა, რომ აქცია არ დაიშლება, ვიდრე არ შესრულდება ორი მთავარი მოთხოვნა.
კირთაძემ საპროტესტო აქციის მონაწილეებს გააცნო ორი მოთხოვნა:
- პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ გადაიყვანონ უცხოეთში, ექსპერტების მიერ რეკომენდებულ, სპეციალიზებულ სამკურნალო დაწესებულებაში;
- შეწყდეს მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დევნა, წამება და მის მიმართ არაადამიანური მოპყრობა.
სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმთა ჯგუფის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა "მნიშვნელოვნად გაუარესებულია". კონსილიუმის წევრებმა მესამე პრეზიდენტი საპატიმროში 22 აპრილს, თითქმის ოთხთვიანი პაუზის შემდეგ მოინახულეს.
27 აპრილს გამოქვეყნებულ დასკვნაში ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმი საკუთარი ორგანოების დაშლის შედეგად გამოყოფილ ცილებს მოიხმარს.
ასევე ნახეთ სახალხო დამცველი მზად არის სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხზე იუსტიციის სამინისტროსთან საჯარო დისკუსიისთვისსაქართველოს ექსპრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს.
დაკავების დღესვე მან შიმშილობა გამოაცხადა. მდგომარეობის დამძიმების გამო, შიმშილობის დაწყების 50-ე დღეს მიხეილ სააკაშვილი დასთანხმდა პროტესტის შეწყვეტას, თუ სამკურნალოდ გადაიყვანდნენ გორის სამხედრო ჰოსპიტალში. მისი ადვოკატები ამბობენ, რომ ამ მკურნალობამ შედეგი ვერ გამოიღო და აუცილებელია სააკაშვილის საზღვარგარეთ წაყვანა.