ცენტრი "ემპათია" სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ მეოთხე დასკვნას აქვეყნებს

არქივის ფოტო: საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე

6 მაისს ცენტრმა "ემპათიამ" ყოფილი პრეზიდენტის, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მეოთხე დასკვნა გამოაქვეყნა. დასკვნა მომზადებულია შეზღუდული ხასიათის სამედიცინო ინფორმაციისა და სააკაშვილის კლინიკური შემოწმების შეუძლებლობის პირობებში, პენიტენციური დაწესებულებიდან მიღებული სამედიცინო დოკუმენტაციის და წინა შეფასებების საფუძველზე. დასკვნის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილის მიმართ როგორც პენიტენციურ დაწესებულებაში, ასევე გორის სამხედრო ჰოსპიტალში ხორციელდებოდა არასათანადო სამედიცინო მომსახურება, ფსიქოლოგიური ზეწოლისა და ფიზიკური ზემოქმედების სხვადასხვა ეპიზოდით.

"ემპათიის" ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის ამ დროისთვის დადგენილი დიაგნოზები (ვერნიკეს ენცეფალოპათია, დაუზუსტებელი ცილოვან– ენერგეტიკული უკმარისობა, პოსტტრავმული სტრესული აშლილობა, თავის ტვინის დაზიანებითა და დისფუნქციით გამოწვეული ორგანული ემოციურად ლაბილური აშლილობა, რაც ასევე მოიცავს შერეულ შფოთვით– დეპრესიულ ეპიზოდებს, სიმპტომური ანორექსია და წონის კარგვა) დიდი ალბათობით პირდაპირ მიზეზ–შედეგობრივ კავშირშია: გახანგრძლივებული შიმშილობის შემდეგ კვებითი აღდგენითი თერაპიის არაეფექტურ წარმართვასთან, შემდგომში ასევე ვერნიკეს ენცეფალოპათიის შეუსაბამო მკურნალობასთან. შიმშილობის გახანგრძლივება კი გამოიწვია ტრავმულ– სტრესული გარემოს ზემოქმედებამ. ექსპერტების თანახმად, ყოველივე ერთობლიობაში იწვევს ადამიანის ფსიქო–ფიზიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის თანდათანობით გაუარესებას და მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებას.

საგანგაშოდ არის მიჩნეული ჰიპოპროტეინემია, ჰიპოალბუმინემია, ანემია, საკვების მიუღებლობა, ფსიქო–ფიზიკური გამოფიტვა, ფსიქო-ფიზიკური განლევადობა, კუჭ–ნაწლავის ტრაქტისა და ნერვული სისტემის ორგანული დაზიანება, თანმდევი ფსიქიკური კომპონენტების დამძიმებით.

დასკვნაში ნათქვამია, რომ არასათანადო მკურნალობის შემთხვევაში, მდგომარეობა შეიძლება შეუქცევადად გაუარესდეს და ჩამოყალიბდეს კორსაკოვის სინდრომი (გზა დემენციისკენ), ორგანული უკმარისობა და კახექსია. არსებობს ლეტალური გამოსავლის საფრთხეც.

ცენტრ "ემპათიის" რეკომენდაციებს შორის არის პაციენტის სასწრაფო წესით გადაყვანა მაღალტექნოლოგიურ მულტიპროფილურ კლინიკაში, სადაც შესაძლებელი იქნება ჩაუტარდეს ინტენსიური და კვებითი თერაპია და ნეირო-ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია დისტრესული სიტუაციებისგან თავისუფალ გარემოში.

"ემპათიის" ექსპერტები ასევე საჭიროდ მიიჩნევენ დამატებით დიაგნოსტიკას და მკურნალობის კურსის ცვლილებას.

ცენტრ "ემპათიის" ხელმძღვანელმა, მარიამ ჯიშკარიანმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ის პენიტენციური სისტემისგან კვლავ ითხოვს მიხეილ სააკაშვილთან ექსპერტების შეშვებას.

"დეკემბერში რომ დიაგნოზები დავწერეთ, ის დიაგნოზებია ზუსტად. არც არაფერი გაუკეთებიათ [პენიტენციურ სისტემას] და იმ დასკვნაში ეწერა, რომ მდგომარეობა დამძიმდებოდა და დამძიმდა. რომ შევალთ, შესაძლოა, იყოს ახალი დიაგნოზიც. ახლა მოსალოდნელია ყველა დიაგნოზის დამძიმება", - ამბობს მარიამ ჯიშკარიანი.

ასევე ნახეთ მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად აქცია იმართება რუსთავში, საპატიმრო დაწესებულებასთან

სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმთა ჯგუფის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა "მნიშვნელოვნად გაუარესებულია". კონსილიუმის წევრებმა მესამე პრეზიდენტი საპატიმროში 22 აპრილს, თითქმის ოთხთვიანი პაუზის შემდეგ მოინახულეს.

27 აპრილს გამოქვეყნებულ დასკვნაში ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმი საკუთარი ორგანოების დაშლის შედეგად გამოყოფილ ცილებს მოიხმარს.

ასევე ნახეთ EPP სააკაშვილის მდგომარეობაზე: მოვუწოდებთ "ქართულ ოცნებას", აღიაროს სიტუაციის სიმძიმე

საქართველოს ექსპრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს.

დაკავების დღესვე მან შიმშილობა გამოაცხადა. მდგომარეობის დამძიმების გამო, შიმშილობის დაწყების 50-ე დღეს მიხეილ სააკაშვილი დასთანხმდა პროტესტის შეწყვეტას, თუ სამკურნალოდ გადაიყვანდნენ გორის სამხედრო ჰოსპიტალში. მისი ადვოკატები ამბობენ, რომ ამ მკურნალობამ შედეგი ვერ გამოიღო და აუცილებელია სააკაშვილის საზღვარგარეთ წაყვანა.