„უკრაინელებმა მთელ მსოფლიოს ასწავლეს, რომ აგრესორის ბრუტალური ძალა ვერაფერს დააკლებს ხალხს, რომელმაც თავისუფლება აირჩია. ქვემეხები და ტანკები ვერ ჩაახშობენ საკუთარი თავისუფლებისათვის მებრძოლ ერს. აი, რატომ მჯერა და ვიცი, რომ უკრაინა გაიმარჯვებს“, - განაცხადა ვიდეომიმართვის დროს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.
მაგრამ იმისთვის, რომ უკრაინამ საბოლოოდ გაიმარჯვოს, მას რუსეთთან საომრად ესაჭიროება უფრო მეტი ტანკი, ქვემეხი, რეაქტიული დანადგარები, ავიაცია და სხვა მაღალტექნოლოგიური შეიარაღება, რომელიც კოლექტიური დასავლეთის დახმარებით ან უკვე მიიღო, ან ახლო მომავალში მიიღებს რუსეთთან ბრძოლაში ჩაფლული უკრაინის არმია.
უკრაინის მომავალი წარმატების “ლენდ-ლიზი”
ნიშანდობლივია, რომ გასულ კვირაში აშშ-ის კონგრესმა დაამტკიცა ლენდ-ლიზის კანონი უკრაინისთვის იარაღის სწრაფად მისაწოდებლად.
წარმომადგენელთა პალატის ტვიტერის გვერდზე აღნიშნულია, რომ კანონს მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ორგანოს 417-მა წარმომადგენელმა, წინააღმდეგი კი 10 იყო.
ასევე ნახეთ აშშ-ის კონგრესმა დაამტკიცა ლენდ-ლიზის კანონი უკრაინისთვის იარაღის სწრაფად მიწოდებისთვისმანამდე, 6 აპრილს, აშშ-ის სენატმა ერთხმად მიიღო კანონი (ლენდ-ლიზის კანონი), რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს გამოიყენეს და რომელიც საშუალებას მისცემს აშშ-ის პრეზიდენტს, უფრო ეფექტიანად მიაწოდოს იარაღი და სხვა მარაგი უკრაინას რუსეთისგან მომდინარე აგრესიასთან გასამკლავებლად.
„ლენდ-ლიზის კანონი მიღებულია ისეთი თანაფარდობით, რომ (417 10-ის წინააღმდეგ) მას პრეზიდენტის ვეტო ნამდვილად არ დაედება. ანუ ბაიდენი მას ხელს ძალიან სწრაფად მოაწერს და მან შეიტანა წინადადება, უკრაინისათვის დახმარების 33 მილიარდ დოლარამდე გაზრდის შესახებ, საიდანაც 20 მილიარდი სამხედრო ხარჯებია. თანხა დიდია, ამით, პირველ რიგში, უკრაინა ნამდვილ მძიმე ტექნიკას მიიღებს: ტანკებს, შესაძლოა თვითმფრინავებს და, რა თქმა უნდა, ვისურვებდი, რომ ეს იყოს ზალპური ცეცხლის რეაქტიული დანადგარები. ცხადია, რაც უფრო მაღალტექნოლოგიურია ტექნიკა, მით უფრო ნაკლებია შანსი, რომ მას პირველად მოგვაწვდიან, რადგან საჭიროა ჯერ მისი ათვისება. მაგრამ ტანკები და ქვემეხები ეს ის შეიარაღებაა, რასაც უკრაინა საკმაოდ სწრაფად მიიღებს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ევჰენ მაგდამ, კიევის „მსოფლიო პოლიტიკის ინსტიტუტის“ დირექტორმა.
ლენდ-ლიზის კანონის ძალაში შესვლისთვის დოკუმენტს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უნდა მოაწეროს ხელი.
აღსანიშნავია, რომ ამ სახელწოდების, ლენდ-ლიზის კანონმა მეორე მსოფლიო ომის ისტორიაში გარდამტეხი როლი ითამაშა, ვინაიდან ამერიკას შეეძლო ჰიტლერის წინააღმდეგ ომში ჩართული ქვეყნებისთვის მიეწოდებინა შეიარაღება, სამშენებლო მასალები, საკვები და სხვა, ხანგრძლივი ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე. ლენდ-ლიზის კანონს შეერთებული შტატების პრეზიდენტმა რუზველტმა 1941 წელს მოაწერა ხელი.
ახალი, უკრაინისთვის განკუთვნილი ლენდ-ლიზის შემთხვევაში, ექსპერტების განმარტებით, კიევს შესაძლებლობა ექნება, მოითხოვოს ნებისმიერი იარაღი და მათ შორის, თუნდაც - Patriot-ის სარაკეტო-საზენიტო კომპლექსი.
„რამშტაინის კონფერენციამ აჩვენა, რომ უკრაინისათვის სამხედრო ტექნიკის მიწოდება იქნება და ის სისტემურ საფუძველზე მოხდება. ჯერ კიდევ კონფერენციის დაწყების წინ აშშ-მა, ბრიტანეთმა და კანადამ მიიღეს გადაწყვეტილება უკრაინისათვის 155-მილიმეტრიანი ჰაუბიცების (საარტილერიო ქვემეხების) მიწოდების შესახებ. ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ქვემეხები იმათზე უფრო შორს ისვრის, რაც რუსეთს აქვს შეიარაღებაში, არამედ ამ სისტემებისათვის არსებობს ჭურვების საკმაოდ დიდი რესურსი, რომლებსაც ნატოს ქვეყნები უშვებენ. უკრაინაშიც იყო მცდელობა, რომ აეწყოთ ამ 155-მილიმეტრიანი ქვემეხების ჭურვების გამოშვება, მაგრამ ახლა ეს პრობლემურია რუსეთის მხრიდან სამხედრო-სამრეწველო ობიექტებზე იერიშების გამო. მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება - ეს დახმარება ძალიან სერიოზულია“, - ამბობს ევჰენ მაგდა.
ვაშინგტონმა თადარიგი უკვე დაიჭირა და 27 აპრილს გერმანიის ქალაქ შტუტგარტში, ევროპაში ამერიკული სარდლობის პასუხისმგებლობის ზონაში, შექმნა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების და ოპტიმიზაციის კოორდინაციის მართვის ცენტრი. უკრაინის დასახმარებლად შექმნილი ცენტრი კოორდინაციას გაუწევს აშშ-ის მოკავშირე და პარტნიორ 40-ზე მეტ ქვეყანას.
ასევე ნახეთ პენტაგონმა შექმნა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების კოორდინაციის მართვის ცენტრიმაგრამ ამერიკული ლენდ-ლიზით განკუთვნილი დახმარების უკრაინისკენ გაგზავნამდე, რუსეთთან ომში ჩაფლულ დასავლეთის პარტნიორ ქვეყანას ნატოს წევრმა არაერთმა ქვეყანამ უკვე გაუწოდა დახმარების ხელი.
ნატოს წევრმა ჩეხეთმა უკრაინაში გაგზავნა ათობით Т-72 მოდელის ტანკი და ჯავშანმანქანა. ნატოს კიდევ ერთმა წევრმა ესტონეთმაც უშურველად გააღო სამხედრო საცავების კარები და უკრაინას გადასცა ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები, ჰაუბიცები, ტანკსაწინააღმდეგო ქვემეხები, ერთჯერადი ყუმბარსატყორცნები, ხელყუმბარები და ავტომატური იარაღი.
ასევე ნახეთ „დემილიტარიზებიდან“ უკრაინის „რემილიტარიზებამდე“ხოლო აღმოსავლეთ ბლოკის კიდევ ერთმა ყოფილმა ქვეყანამ, სლოვაკეთმა, მოსკოვის მუქარის მიუხედავად, უკრაინას გადასცა საბჭოური S-300-ის ტიპის ანტისარაკეტო სისტემა.
ამ შემთხვევაში საბჭოთა წარმოების იარაღის უსწრაფეს მიწოდებას უკრაინისათვის ერთი ფაქტორის გამო მიენიჭა გადამწყვეტი უპირატესობა.
„პოლონეთისა და ჩეხეთის ტანკი ტ-72 დღესდღეობით უკეთესია ამავე კლასის იმ ტანკ 72-ებზე, რომელიც ჩვენ გვაქვს შეიარაღებაში. მათი მოდერნიზება ხდებოდა უფრო ხშირად და უფრო უკეთ და ტექნიკურად ისინი საბრძოლო მზადყოფნაში არიან. ჩვენ ყველა ტექნიკას და ყველანაირ დახმარებას ვიყენებთ, რაც დღეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია. და ამ მანქანების გამოყენება უფრო სწრაფად დღესვე შეიძლება, მათი ხელახალი შესწავლა არ არის საჭირო და ისინი უკვე ბრძოლაში არიან ჩაბმული“, - უთხრა რადიო თავისუფლებას უკრაინელმა სამხედრო ექსპერტმა, ოლეგ ჟდანოვმა.
რადგან ან სახეობის მოდერნიზებული ტექნიკა რუსეთს უკრაინაზე უფრო მეტი აქვს შეიარაღებაში, ხშირად იბადება კითხვა, რამდენად არის საბჭოთა წარმოების შეიარაღება გამოსადეგი თანამედროვე ომში?
„დიახ, ეს შეიარაღება არ არის ძალიან თანამედროვე, მაგრამ ჩვენთვის ის მაინც ერთი თაობით ახალი და ბევრი პარამეტრით უკეთესია იმაზე, რაც შეიარაღებაში გვაქვს. და მეორე, ჩვენ ომის განმავლობაში ვიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი არმიისათვის იმ თვალსაზრისით, რომ ბოლოს და ბოლოს დავეხსნებით ძველ საბჭოთა შეიარაღებას, რომლის ერთადერთ მწარმოებლადაც დღეს რუსეთის ფედერაცია ითვლება და გადავალთ შეიარაღების დასავლეთის მოდელებზე, მათ შორის, ნატოს კალიბრის სტანდარტებზე“.
„შურისგება“ კუნძულ ზმეინის ანექსიისთვის
დასავლეთის ქვეყნების დახმარებით, უკრაინა შეიარაღების ცალკეული სახეობების თვალსაზრისით ამჟამად ბევრად უკეთ გამოიყურება, ვიდრე რუსეთის ინტერვენციის დაწყებამდე, 69 დღის წინ იყო.
აპრილში დასაწყისში, აშშ-მა და მისმა ნატოელმა მოკავშირეებმა უკრაინას 60 ათასი ტანკსაწინააღმდეგო სისტემა გადასცეს. უკრაინამ ვაშინგტონისა და მისი მოკავშირეებისგან ასევე მიიღო 25 000 გადასატანი სარაკეტო-საზენიტო დანადგარი, ამან კიევს შესაძლებლობა მისცა, არ დაეშვა რუსეთის გაბატონება საჰაერო სივრცეში, რაც შესაძლებელს გახდიდა სახმელეთო ოპერაციის წარმატებას.
ასევე ნახეთ აშშ-მა და მოკავშირეებმა უკრაინას 60 000 ანტისატანკო სისტემა და 25 ათასი გადასატანი საზენიტო დანადგარი გადასცესსხვა შეიარაღებას რაც შეეხება, დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას უკვე მიაწოდა AS90-ის ტიპის საარტილერიო სისტემები. შეიარაღების ეს სახეობა განეკუთვნება 155-მილიმეტრიან თვითმავალ სისტემებს, რომელიც სრულიად ახალ, უპილოტო ავიაციასთან ინტეგრირებული ავტომატური მართვის სისტემით მუშაობს. ანუ ეს არის ისეთი შეიარაღება, რომელიც საჭიროა ეფექტიანი კონტრშეტევითი და შეტევითი ოპერაციების საწარმოებლად.
„მაგრამ ასევე გვჭირდება დახმარება თანამედროვე ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებით. აშშ-ს აქვს მსგავსი სისტემები, რომლის სროლის სიშორე, სხვადასხვა საბრძოლო მასალით შეიძლება იყოს 100 და 300 კილომეტრამდე. ეს რუსული და საბჭოური ანალოგებისგან იმით განსხვავდება, რომ თითოეულ რაკეტას აქვს თავისი მიზანი და აღწევს ძალიან მაღალი სიზუსტის შედეგს. ცხადია, გვჭირდება ავიაციით დახმარება, მაგრამ ამაზე დისკუსია გრძელდება და ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ჯერჯერობით არ არის მზად გადაწყვეტილების მისაღებად. მიმდინარეობს მოლაპარაკება ბრიტანეთთან ასევე გემთსაწინააღმდეგო საშუალებების გადმოცემის თაობაზე, რათა გაძლიერდეს უკრაინის შესაძლებლობები საზღვაო მიმართულებაზე“, - ამბობს მიხაილო სამუსი, „ახალი გეოპოლიტიკის კვლევითი ცენტრის“ ექსპერტი, რომელიც ვარაუდობს, რომ ახალი ლენდ-ლიზის კანონით უკრაინა ასეთ შეიარაღებასაც მიიღებს. თუ უკვე არ მიუღია, რადგან რუსეთის მუდმივი მუქარის გამო, უკრაინისათვის მძიმე იარაღის მიწოდება მხოლოდ პოსტ-ფაქტუმ ხდება ხოლმე ფართო საზოგადოებისათვის ცნობილი.
ასევე ნახეთ აშშ უკრაინას აწვდის მისი მოთხოვნით შექმნილ უპილოტო საფრენ აპარატებსუფრო მარტივად არის საქმე ტრანსპორტირების მხრივ შედარებით მსუბუქი, მაგრამ საკმაოდ ეფექტიანი უპილოტო ტექნოლოგიების მხრივ.
ასე მაგალითად, 22 აპრილს ცნობილი გახდა, რომ პენტაგონი უკრაინაში აგზავნის უპილოტო საფრენ აპარატებს, რომლებიც ამერიკულმა ფირმამ შექმნა უკრაინის არმიის მოთხოვნების გათვალისწინებით.
ლაპარაკია 121 ერთეულ დრონზე, რომელიც შექმნილია არსებული დრონი-კამიკაძის, Switchblade-ის საფუძველზე. Switchblade-ი სამიზნეს ეჯახება და ფეთქდება. ეს დრონები პატარა ზომისაა და მათი გადატანა ზურგჩანთითაა შესაძლებელი ნებისმიერ პირობებში. უკრაინისთვის შექმნილი ვარიანტი გამიზნულია ჯავშანტრანსპორტიორების წინააღმდეგ საბრძოლველად, ის შეიძლება გამოყენებულ იქნეს დღისით და ღამით, მას ექვს საათზე მეტხანს შეუძლია ჰაერში ყოფნა და ობიექტების თვალთვალი, სანამ ოპერატორი შესაფერის სამიზნეს აარჩევს.
უკრაინის სამხედრო ძალები მოწინააღმდეგის ტექნიკისა და ცოცხალი ძალის წინააღმდეგ ეფექტიანად იყენებენ თურქეთისგან სხვადასხვა ეტაპზე შეძენილ „ბაირაქთარის“ სახელით ცნობილ ოპერატიულ-ტაქტიკურ დრონებს, რომლებიც აზერბაიჯანის არმიამ ეთნიკურ სომეხთა დანაყოფების წინააღმდეგ მთიანი ყარაბაღის გარშემო 2020 წლის შემოდგომაზე მიმდინარე 44-დღიან ომში ფართოდ გამოიყენა.
უკრაინის არმიის სამხრეთის სარდლობის ცნობით, სულ ახლახან, სწორედ „ბაირაქთარიდან“ განხორციელდა იერიში შავ ზღვაში მდებარე კუნძულ ზმეინიზე რუსეთის სამხედრო ძალების პოზიციებზე. უკრაინული მხარის მტკიცებით, კუნძულზე ბოლო დღეების განმავლობაში განადგურებულია 40 რუსი სამხედრო და მტრის 4 საზენიტო დანადგარი.
ასევე ნახეთ უკრაინის შეიარაღებული ძალები თავს დაესხნენ რუსულ პოზიციებს კუნძულ ზმეინიზეკუნძულ ზმეინიზე უკრაინელების მიერ განხორციელებული თავდასხმის შესახებ ცნობები 27 აპრილსაც გავრცელდა - მაშინ უკრაინის სამხრეთის სარდლობა ამბობდა, რომ გაანადგურა საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი „სტრელა-10“.
რუსმა სამხედროებმა უკრაინის კუნძული ზმეინი საომარი მოქმედებების დაწყებიდან მალევე დაიკავეს. რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანი, სარაკეტო კრეისერი „მოსკვა“, საიდანაც 24 თებერვალს, ზმეინის დამცველ უკრაინელ მესაზღვრეებს დანებება მოსთხოვეს და პასუხად მიიღეს: „რუსეთის სამხედრო გემო, იდი ნა ხ...“, 14 აპრილს ჩაიძირა. უკრაინის ხელისუფლების თანახმად, „მოსკვა“ შავი ზღვის უკრაინელმა დამცველებმა რაკეტა „ნეპტუნით“ გაანადგურეს.