საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ამბობს, რომ პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი შერჩევითად სვამს მისთვის გამოყოფილ წამლებს. მას მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რას ფიქრობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართვაზე, მიხეილ სააკაშვილს ჰქონოდა ადეკვატური მკურნალობის შესაძლებლობა.
"მსგავსი ტიპის დავალება პენიტენციურ სამსახურს აქვს არა მხოლოდ სასამართლოსგან, არამედ, ბუნებრივია, კანონმდებლობით. ბუნებრივია, პენიტენციური სამსახური ყოველთვის იღებს გადაწყვეტილებას პატიმრის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მას ყოველთვის გაეწევა ადეკვატური სამედიცინო მომსახურება. სხვას ეს გადაწყვეტილება არაფერს ნიშნავს", - თქვა იუსტიციის მინისტრმა.
მან "მტკნარი სიცრუე" უწოდა ინფორმაციას, რომ მიხეილ სააკაშვილს არ აქვს ადეკვატური სამედიცინო დახმარება.
დღეს, 2 მაისს, პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ მიხეილ სააკაშვილის ციხიდან დაუყოვნებლივ გადაყვანა მოითხოვა. შუამდგომლობა მან თბილისის საქალაქო სასამართლოში "7 ნოემბრის საქმის" განხილვის დროს დააყენა, მიზეზად კი პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა. მისივე თქმით, ექიმების სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმი მიიჩნევს, რომ ვერ მოხერხდება სააკაშვილის მკურნალობა ციხის ტერიტორიაზე:
"სახალხო დამცველიც ამბობს, რომ ნებისმიერი ნიშანი იმისა, რომ პენიტენციური დაწესებულებაა, არის მიუღებელი და რაკიღა ეს ყველაფერი ეხება მათ შორის ფსიქოლოგიურ ტრავმებს და აქედან გამოწვეულ შედეგებს, ამიტომ სახალხო დამცველი და კონსილიუმი მიიჩნევენ, რომ იმგვარ დაწესებულებაში უნდა იყოს, რომელიც არ ატარებს პენიტენციური დაწესებულების ნიშნებს."
ასევე ნახეთ ნიკა გვარამიამ მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გადაყვანა მოითხოვასააკაშვილის საქმის განმხილველმა სამმა მოსამართლემ მაია ქოქიაშვილმა, ნინო ელიაშვილმა და ლიანა ორკოდაშვილმა ამ საკითხზე რამდენიმე წუთის განმავლობაში იმსჯელეს. მათ ადვოკატის მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს, თუმცა დადეს პირობა, რომ პენიტენციურ სამსახურს წერილობით მიმართავდნენ.
ექიმების სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ჯგუფის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა "მნიშვნელოვნად გაუარესებულია". კონსილიუმის წევრებმა მესამე პრეზიდენტი საპატიმროში 22 აპრილს, თითქმის ოთხთვიანი პაუზის შემდეგ მოინახულეს.
27 აპრილს გამოქვეყნებულ დასკვნაში ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმი საკუთარი ორგანოების დაშლის შედეგად გამოყოფილ ცილებს მოიხმარს.
ასევე ნახეთ სახალხო დამცველის კონსილიუმი: სააკაშვილს ცილოვანი შიმშილი აქვს, რაც იწვევს კუნთების დაშლასსაქართველოს ექსპრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს.
დაკავების დღესვე მან შიმშილობა გამოაცხადა. მდგომარეობის დამძიმების გამო, შიმშილობის დაწყების 50-ე დღეს ის დასთანხმდა პროტესტის შეწყვეტას, თუ სამკურნალოდ გადაიყვანდნენ გორის სამხედრო ჰოსპიტალში. მისი ადვოკატები ამბობენ, რომ ამ მკურნალობამ შედეგი ვერ გამოიღო და აუცილებელია სააკაშვილის საზღვარგარეთ წაყვანა.