სააკაშვილის ოჯახი მთავრობას ვადას 2 მაისამდე აძლევს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრებმა - დედამ, მამამ და ძმებმა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან საზოგადოებას მიმართვა გააცნეს. ისინი მოითხოვენ ყოფილი პრეზიდენტის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანას და მთავრობას ვადას 2 მაისის 18:00 საათამდე აძლევენ.

„გუშინ გამოქვეყნდა სახალხო დამცველის კვალიფიციური ექიმების ანგარიში მიშას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით და აშკარად ჩანს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. საზოგადოებას ჯერ კიდევ არ აქვს კარგად გათვითცნობიერებული, თუ რა რისკებთან და ზოგადად, რა სიტუაციასთან გვაქვს საქმე. მე, როგორც მესამე პრეზიდენტის ძმა და მთელი ოჯახი, მიშას სიკვდილს არ დავუშვებთ, ეს არის ცალსახა.

მინდა მივმართო სამოქალაქო საზოგადოებას, დედებს, მამებს, ძმებს, შვილებს, ვისთვისაც ღირებულია ადამიანის სიცოცხლე, გთხოვთ, დაგვეხმაროთ მიშას სიცოცხლის გადარჩენაში. მინდა, ასევე მივმართო პოლიტიკურ პარტიებს, რომლებმაც ძალიან აქტიური როლი უნდა ითამაშონ იმაში, რომ არ განმეორდეს საქართველოში ის ტრაგედია, რისი გამოცდილებაც გვაქვს. ამიტომ, მოგიწოდებთ ყველას, გავერთიანდეთ ჩვენს ირგვლივ. ძალიან მომწონს არასამთავრობო ორგანიზაციების სამოქალაქო ინიციატივა, რომლებიც ითხოვენ, რომ მიშა გადაყვანილ იქნას საზღვარგარეთ სამკურნალოდ, რადგან ალბათ, საზოგადოების ნაწილი მაინც მიხვდა, რა ფატალურ რისკებთან გვაქვს საქმე.

მიშა ამ შემთხვევაში არის პუტინის მძევალი საქართველოში. არა მარტო თითოეული ჩვენთაგანის, ქვეყნის ღირსების საკითხია, მიშას შევუნარჩუნოთ ჯანმრთელობა და მივცეთ უფლება იცხოვროს ჩვენი ქვეყნის ცხოვრებით და ყველაფერი წარიმართოს ისე, როგორც, პირველ რიგში, ქართველ ხალხს სურს", - მიმართვის ტექსტი წაიკითხა მიხეილ სააკაშვილის ძმამ, დავით სააკაშვილმა.

მან მთელი ოჯახის სახელით განაცხადა, რომ გონივრულ ვადას აძლევენ მთავრობას, 2 მაისის 18:00 საათამდე, რათა უზრუნველყონ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა საზღვარგარეთ სამკურნალოდ.

თუ მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, როგორც დავით სააკაშვილი ამბობს, გამოცხადდება პერმანენტული აქციები და შემდეგ უკვე მასშტაბური აქცია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით.

სახალხო დამცველის მიერ შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის წევრებმა საქართველოს მესამე პრეზიდენტი საპატიმროში 22 აპრილს, თითქმის ოთხთვიანი პაუზის შემდეგ მოინახულეს.

დასკვნაში, რომელიც მათ 27 აპრილს გამოაქვეყნეს, ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმი მოიხმარს საკუთარი ორგანოების დაშლის შედეგად გამოყოფილ ცილებს. მიუხედავად იმისა, რომ ის ფორმალურად არ შიმშილობს, სწორედ კუნთოვანი მასის (ცილის) კლების ხარჯზე იკლებს წონაში - ეს არის ცილოვანი შიმშილი, რომლის მიზეზი ანორექსიაა.

ნინო ლომჯარიამ ხელისუფლებას ურჩია, შეიქმნას ჯგუფი ექიმებისა, რომლებიც იმსჯელებენ და გადაწყვეტენ, თუ სად და რა ფორმით იქნება უმჯობესი მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა. მისივე შეფასებით, თუ ქვეყნის ექსპრეზიდენტის მიმართ სახელმწიფო არ შეცვლის მიდგომას, ეს გაუტოლდება არაადამიანურ მოპყრობას და დაირღვევა ევროკონვენციის მესამე მუხლი.

ასევე ნახეთ "მესამე სართულიდან ჩამორბოდა, ახლა მარტოს ჩამოსვლაც უჭირს" - სააკაშვილის მდგომარეობა, შესაძლოა, კიდევ დამძიმდეს

პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნის შესახებ საუბრისას აღნიშნა, რომ თუ ვინმეს სურს და თუ ვინმე ითხოვს სააკაშვილის გათავისუფლებას რაიმე ფორმით, თუნდაც ე.წ. სამედიცინო მკურნალობის მიზნით საზღვარგარეთ გადაყვანას და ასე შემდეგ, ყველას უნდა ერთადერთი რამ, „ეს არის ომის გაჩაღება საქართველოში“. კობახიძემ დაამატა, რომ სახალხო დამცველიც არის იმ პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი, რომელსაც ჰქვია „ომის პარტია".

საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სათანადო მკურნალობის შესახებ გადაწყვეტილება შესაბამისმა უწყებებმა დაუყოვნებლივ უნდა მიიღონ, მათ შორის, სამედიცინო დახმარების გაწევით ქვეყნის ფარგლებს მიღმა.

ასევე ნახეთ არასამთავრობოები მოითხოვენ, სააკაშვილს დაუყოვნებლივ გაეწიოს სამედიცინო მომსახურება, მათ შორის უცხოეთში

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს.

დაკავების დღესვე მან შიმშილობა გამოაცხადა. მდგომარეობის დამძიმების გამო, შიმშილობის დაწყების 50-ე დღეს ის დასთანხმდა პროტესტის შეწყვეტას, თუ სამკურნალოდ გადაიყვანდნენ გორის სამხედრო ჰოსპიტალში. მისი ადვოკატები ამბობენ, რომ ამ მკურნალობამ შედეგი ვერ გამოიღო და აუცილებელია სააკაშვილის საზღვარგარეთ წაყვანა.