საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია გამოეხმაურა მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელიც ეხებოდა პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნას.
„ადამიანის უფლებების დაცვა მთელი მსოფლიოს ქვეყნებში მშვიდობის გარანტად ითვლება. იმ ქვეყანაში, სადაც ადამიანის უფლებები დაცული არაა, ეს საფრთხეს წარმოადგენს ქვეყანაში არსებული მშვიდობის. ამიტომ ჩემი საქმიანობით და მოვალეობის შესრულებით, ვფიქრობ, სწორედ ამ მიზანს ვემსახურები. დღემდე ვერ მოვისმინეთ საპირწონე არგუმენტი გუშინ ექსპერტების მიერ წარდგენილი დასკვნისა. ვხედავთ პოლიტიკურ თავდასხმებს, აბსურდულ ბრალდებებს, მაგრამ არცერთი კვალიფიციური, კომპეტენტური არგუმენტი, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებდა გუშინ წარმოდგენილ ექსპერტულ შეფასებას, არ მოგვისმენია, რაც იმას ნიშნავს, რომ ასეთი არგუმენტები არ არსებობს. არ ვიცი, ეს პოლიტიკურად მათთვის რამდენად თავის ტკივილია, მაგრამ სამართლებრივად საერთაშორისო სასამართლოებში და საერთაშორისო არენაზე ამ დასკვნას გაითვალისწინებენ და ძლიერი აღიარება ექნება”, - თქვა სახალხო დამცველმა.
ირაკლი კობახიძემ სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნის შესახებ საუბრისას აღნიშნა, რომ თუ ვინმეს სურს და თუ ვინმე ითხოვს სააკაშვილის გათავისუფლებას რაიმე ფორმით, თუნდაც ე.წ. სამედიცინო მკურნალობის მიზნით საზღვარგარეთ გადაყვანას და ასე შემდეგ, ყველას უნდა ერთადერთი რამ, „ეს არის ომის გაჩაღება საქართველოში“. კობახიძემ დაამატა, რომ სახალხო დამცველიც არის იმ პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი, რომელსაც ჰქვია „ომის პარტია".
კონსილიუმის წევრებმა საქართველოს მესამე პრეზიდენტი საპატიმროში 22 აპრილს, თითქმის ოთხთვიანი პაუზის შემდეგ მოინახულეს.
დასკვნაში, რომელიც მათ 27 აპრილს გამოაქვეყნეს, ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმი მოიხმარს საკუთარი ორგანოების დაშლის შედეგად გამოყოფილ ცილებს. მიუხედავად იმისა, რომ ის ფორმალურად არ შიმშილობს, სწორედ კუნთოვანი მასის (ცილის) კლების ხარჯზე იკლებს წონაში - ეს არის ცილოვანი შიმშილი, რომლის მიზეზი ანორექსიაა.
ნინო ლომჯარიამ ხელისუფლებას ურჩია, შეიქმნას ჯგუფი ექიმებისა, რომლებიც იმსჯელებენ და გადაწყვეტენ, თუ სად და რა ფორმით იქნება უმჯობესი მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა. მისივე შეფასებით, თუ ქვეყნის ექსპრეზიდენტის მიმართ სახელმწიფო არ შეცვლის მიდგომას, ეს გაუტოლდება არაადამიანურ მოპყრობას და დაირღვევა ევროკონვენციის მესამე მუხლი.
ასევე ნახეთ "მესამე სართულიდან ჩამორბოდა, ახლა მარტოს ჩამოსვლაც უჭირს" - სააკაშვილის მდგომარეობა, შესაძლოა, კიდევ დამძიმდესსაქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სათანადო მკურნალობის შესახებ გადაწყვეტილება შესაბამისმა უწყებებმა დაუყოვნებლივ უნდა მიიღონ, მათ შორის, სამედიცინო დახმარების გაწევით ქვეყნის ფარგლებს მიღმა.
ასევე ნახეთ არასამთავრობოები მოითხოვენ, სააკაშვილს დაუყოვნებლივ გაეწიოს სამედიცინო მომსახურება, მათ შორის უცხოეთში