ოპოზიცია ამბობს, რომ აშშ-ის კონგრესის დელეგაციის წარმომადგენლებს ქვეყნის გამოწვევებზე ესაუბრნენ

საქართველოში არსებული ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილისა და აშშ-ის კონგრესის დელეგაციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ, ქართველმა პოლიტიკოსებმა თქვეს, რომ ქვეყანაში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. მათი თქმით, ამერიკელი სენატორები და კონგრესმენები ინფორმირებული არიან საქართველოში არსებული გამოწვევების შესახებ.

"გვქონდა ბევრი საუბარი იმ გამოწვევებზე, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის პირობებში. როდესაც რეალობა საკმაოდ აცდენილია იმ სურათს, რომელსაც "ქართული ოცნება" ხშირად ხატავს ჩვენს დასავლელ მეგობრებთან - გვქონდა საუბარი პოლარიზაციაზე, საარჩევნო, სასამართლო სისტემებზე, ასევე, თუ როგორ პოზიციონირებს საქართველოს ხელისუფლება უკრაინასთან მიმართებაში", - თქვა შეხვედრის დასრულების შემდეგ სალომე სამადაშვილმა, "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა.

ბიძინა ივანიშვილის როლზე გაამახვილა ყურადღება "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა თინა ბოკუჩავამ მედიასთან საუბარში:

"როდესაც დემოკრატიულ ინსტიტუტებს ძირს უთხრის საქართველოს ხელისუფლება მიზანმიმართულად, ხელისუფლება არის უზურპირებული და ყველა ინსტიტუტი დაქვემდებარებულია ერთ ოლიგარქს, რა თქმა უნდა, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ამასაც აღიქვამენ დემოკრატიის გამოწვევად, როგორც საქართველოსთვის უსაფრთხოების გამოწვევას, რომლის გადაჭრაც მნიშვნელოვანია არა მარტო საქართველოსთვის, არამედ რეგიონისთვის და ჩვენი პარტნიორებისთვის".

"ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე გიგა ბოკერია ამბობს, რომ ამერიკულ მხარეს ოპოზიციის მხრიდან გადასადგმელ ნაბიჯებსა და პარტნიორი ქვეყნების მხრიდან საჭირო დახმარებაზე ესაუბრნენ.

"ბევრად მეტი ყურადღება გვჭირდება, მაგრამ რაც გვაქვს, უნდა გამოვიყენოთ. ეს დელეგაცია, განსაკუთრებით სერნატორი კუნსი, დღევანდელი ადმინისტრაციის პოლიტიკური ხაზის გამომხატველია. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ სანამ ეროვნული პრობლემა გვაქვს ივანიშვილის რეჟიმის სახით, მაინც გვქონდეს კომუნიკაციის არხები იმის თაობაზე, რისთვისაა ქართული საზოგადოება მზად და ამ რეჟიმის შეცვლის შემდეგ რა ნაბიჯები იქნება გადასადგმელი, რათა ჩვენი თავისუფლება დაცული იყოს", - თქვა ბოკერიამ.

ოპოზიციური პარტიებიდან აშშ-ის კონგრესის დელეგაციის პარმომადგენლებთან შეხვედრას ესწრებოდნენ: პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე, „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია, „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურა-გირჩი ჯაფარიძე, „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია, “საქართველოსთვის“ წარმომადგენელი ნათია მეზვრიშვილი, „ნაციონალური მოძრაობიდან“ თინა ბოკუჩავა და „ლელოდან“ სალომე სამადაშვილი.

შეხვედრის დასრულების შემდეგ კონგრესმენმა დევიდ სისილინმა თქვა, რომ ოპოზიციას სერიოზულად აწუხებს სასამართლოსა და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების საკითხი.

„გავიზიარებ სენატორი კუნსის დაკვირვებას. ძალიან პროდუქტიული შეხვედრა გვქონდა. როგორც იცით, ოპოზიციის ლიდერებს სერიოზულად აწუხებთ სასამართლოსა და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების საკითხი. ეს არის ჩვენი ქართველ ხალხთან თანამშრომლობის ძირითადი ნაწილი და მნიშვნელოვანია, რომ ეს საქმე გაგრძელდეს, რათა დემოკრატიული ინსტიტუტები გაძლიერდეს და ზოგიერთი რეფორმა, რომელსაც ისინი [ოპოზიციური პარტიები] განიხილავენ, იყოს გათვალისწინებული. მოუთმენლად ველით საქართველოსთან მიმდინარე თანამშრომლობის გაგრძელებას დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად, ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ თანამშრომლობა ამ მიმართულებით მუშაობაში“,- განაცხადა კონგრესმენმა დევიდ სისილინმა.

ასევე ნახეთ კონგრესმენი სისილინი: ოპოზიციას სერიოზულად აწუხებს სასამართლოსა და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების საკითხი

სენატორები და კონგრესმენები საქართველოში შეხვდნენ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსაც.

ასევე ნახეთ ზურაბიშვილი: აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა სიტყვა კი არა, რეალობაა  
ასევე ნახეთ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამერიკელ სენატორებსა და კონგრესმენებს შეხვდა

მათ გუშინ, 21 აპრილს, მედიისთვის პრესკონფერენცია გამართეს.

პრესკონფერენციაზე ილაპარაკეს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 30 წლისთავის შესახებ. დელეგაციის ხელმძღვანელმა, აშშ-ის სახელმწიფო და საგარეო ოპერაციების ასიგნებების ქვეკომიტეტის თავმჯდომარემ და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა, სენატორმა კრის კუნსმა განაცხადა, რომ აფასებენ პარტნიორობას აშშ-სა და საქართველოს შორის, რომლებსაც საერთო ფასეულობები და მისწრაფებები აქვთ.

მიმდინარე კვირაში კონგრესის დელეგაციას, საქართველოს გარდა, ტურნე აქვს საფრანგეთსა და იტალიაში.