საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-დან ჩამოსულ სენატორებსა და კონგრესმენებს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მათ საქართველოსა და აშშ-ის მტკიცე სტრატეგიულ პარტნიორობაზე ისაუბრეს.
"აღინიშნა, რომ დელეგაციის ვიზიტი არის აშშ-ის, როგორც საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორის ძლიერი მხარდაჭერის კიდევ ერთი დასტური. ხაზი გაესვა ამერიკის შეერთებული შტატების ჩართულობის როლს ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების, თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებისა და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის კუთხით", - ნათქვამია მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
აქვე აღნიშნულია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დელეგაციის წევრებს მადლობა გადაუხადა კონგრესის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის გამო. პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ შეხვედრაზე, ასევე, ისაუბრეს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზეც.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ: სენატის სამხედრო საკითხთა კომიტეტის წევრი, სენატორი გარი პეტერსი, ფინანსთა საკითხების კომიტეტის წევრი, სენატორი ბობ ქასი, წარმომადგენელთა პალატის სამხედრო საკითხთა კომიტეტის წევრი, კონგრესმენი სტეფანი მარფი, წარმომადგენელთა პალატის შიდა უსაფრთხოების საკითხთა კომიტეტის წევრი, კონგრესმენი ქეთლინ რაისი, წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრი, კონგრესმენი დევიდ ჩიჩილინე, სენატორ ქრის ქუნსის ოფისის თანაშემწე იურიდიულ საკითხებში ალექსანდრა დეივისი, სენატორ ბობ ქასის ოფისის თანაშემწე ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ზაქარი შო, წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თანამშრომელი სოფი მირვისი, აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, აშშ-ის საელჩოს პოლიტიკური ოფიცერი აარონ რუპერტი, ხოლო საქართველოს მხრიდან - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აშშ-ში დავით ზალკალიანი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი რევაზ ჯაველიძე.
სენატორები და კონგრესმენები საქართველოში შეხვდნენ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს და ოპოზიციის წარმომადგენლებს. მათ გუშინ, 21 აპრილს, მედიისთვის პრესკონფერენცია გამართეს.
პრესკონფერენციაზე ილაპარაკეს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 30 წლისთავის შესახებ. დელეგაციის ხელმძღვანელმა, აშშ-ის სახელმწიფო და საგარეო ოპერაციების ასიგნებების ქვეკომიტეტის თავმჯდომარემ და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა, სენატორმა კრის კუნსმა განაცხადა, რომ აფასებენ პარტნიორობას აშშ-სა და საქართველოს შორის, რომლებსაც საერთო ფასეულობები და მისწრაფებები აქვთ.
მიმდინარე კვირაში კონგრესის დელეგაციას, საქართველოს გარდა, ტურნე აქვს საფრანგეთსა და იტალიაში.