კოკოითის ახალი მისია
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილმა პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითიმ, როგორც ე.წ. დონბასის რესპუბლიკებში ბიბილოვის სპეციალურმა წარმომადგენელმა, თავისი საქმიანობა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში იმ მოხალისეების შეგროვებით დაიწყო, რომლებსაც უკრაინაში გააგზავნიან. მისი თქმით, ის ამას მოსკოვთან კოორდინაციით აკეთებს. ბოლო დრომდე კოკოითი საჯაროდ გამოხატავდა მხარდაჭერას იმ 300-მდე ცხინვალელი ჯარისკაცის მიმართ, რომლებიც უკრაინიდან ცხინვალში თვითნებურად დაბრუნდნენ. ახლა კი მათ ომში დაბრუნებისკენ საჯაროდ მოუწოდებს. ამის შესახებ ინფორმაციას ოსური ოპოზიციური ფეისბუკგვერდები ავრცელებენ. ჯარისკაცებთან საჯარო შეხვედრის ვიდეოკადრებს თავად კოკოითიც ავრცელებს.
ასევე ნახეთ დე ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრმა მოსკოვში ცხინვალელი დაჭრილები მოინახულადე ფაქტო ექსპრეზიდენტი ედუარდ კოკოითი, დონბასში ე.წ. პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლად დანიშვნის შემდეგ, თავის მისიას წარმოაჩენს, როგორც „რთულ სიტუაციაში მყოფი ბიჭების დახმარებას“. ეს, მისი თქმით, ეხება მათ, ვინც უნებართვოდ დაბრუნდა და უკრაინაში ბრძოლაზე უარი თქვა. როგორც ცნობილია, სამასამდე ცხინვალელი მებრძოლი უკრაინის ომიდან სახლში თვითნებურად დაბრუნდა და ხმამაღლა განაცხადა, რომ რუსული არმია მათ „საზარბაზნე ხორცად“ იყენებდა. „ეხო კავკაზას“ ცნობით, კოკოითი ჯარისკაცებსა და მოხალისეებს ცხინვალის საფეხბურთო სკოლაში შეხვდა და მათ უხსნიდა, რამდენად მნიშვნელოვანია ომში დაბრუნება და უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლა.
„ჩვენ იმ ბიჭების საკითხების გადაჭრით დავკავდებით, რომლებიც დონეცკში იყვნენ და დაბრუნდნენ. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ჩვენ უკვე გვაქვს იმ ადამიანების უზარმაზარი სია, რომლებსაც სურთ აღდგენა (სამსახურში) და ომში დაბრუნება. ასეთი 156 ადამიანია. არიან ისეთები, ვისაც დაბრუნების გარეშე აღდგენა და სხვა ქვედანაყოფებში გადასვლა უნდათ. კიდევ ერთხელ მინდა ოფიციალურად განვაცხადო: ეს არ შეესაბამება იმ შეთანხმებებს... და მინდა ვუთხრა მათ, ვინც ცდილობს ედუარდ ჯაბეევიჩი (კოკოითის ცხინვალში ხშირად ჯაბელიჩად მოიხსენიებენ. მამას ჯაბა ერქვა) დაადანაშაულოს ყველა ცოდვაში. მე მქონდა შეთანხმებები, რომ უნდა ყოფილიყო ცალკე ოსური ბატალიონი, რუსეთის მე-4 სამხედრო ბაზის შემადგენლობაში. მინდა მივმართო ყველას, ვისაც სურს იქ წასვლა მოხალისედ, ან საკონტრაქტო ჯარისკაცად, გთხოვთ, შეიკრიბოთ ჩვენთან ერთად და დავრწმუნდეთ, რომ თუ იქ წასვლას ვაპირებთ, უნდა წავიდეთ უკვე კარგად კოორდინირებულ ფორმირებად, კარგად ორგანიზებულ ქვედანაყოფად. არ მინდა, ვინმემ ისევ „საზარბაზნე ხორცად“ გამოგიყენოთ. ძალიან მომეწონა თქვენი სიტყვები, რომ იქ საბრძოლველად წახვედით და არა სასიკვდილოდ“, - უთხრა კოკოითიმ საფეხბურთო სკოლის დარბაზში შეკრებილ ჯარისკაცებს და მოხალისეებს.
ცხინვალში კარგად ახსოვთ რამდენიმე კვირის წინ კოკოითის მიერვე გაკეთებული განცხადებები. მაშინ იგი ომში გაგზავნილ ჯარისკაცებს „საზარბაზნე ხორცს“ და დაკარგულ გენოფონდს უწოდებდა.
„ისედაც ძალიან ცოტანი დავრჩით. ჩვენ (უკვე) პრაქტიკულად დავკარგეთ გენოფონდი“, - განაცხადა მაშინ კოკოითიმ.
მსხვერპლის რაოდენობა იზრდება - „ერის კასტრაცია“
ბოლო ერთ კვირაში ცხინვალში, უკრაინიდან ჩამოსვენებული ორი ჯარისკაცი დამარხეს. რუსლან კაზიევი და რუსლან ბესაევი მარიუპოლთან დაიღუპნენ. ადგილობრივ საზოგადოებაში ამ დაღუპულებისადმი დამოკიდებულება ორაზროვანია: ზოგი მათ გმირებად მიიჩნევს, ზოგი კი დარწმუნებულია, რომ ახალგაზრდა ბიჭების ომში გაგზავნა და მათი იქ დაღუპვა, „მცირე ერის“ სიკვდილს უტოლდება. სოციალურ ქსელში ამდენ მსხვერპლს „ერის კასტრაციაც“ კი უწოდეს.
ასევე ნახეთ ოკუპირებულ ცხინვალში დაასაფლავეს უკრაინიდან ჩამოსვენებული კიდევ ერთი მებრძოლიპროტესტი სოციალურ ქსელებში
სოციალურ ქსელებში მომხდარს გამოეხმაურა ოპოზიციის ყოფილი ლიდერი ალა ჯიოევაც: მან 2011 წელს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში სწორედ კრემლის ფავორიტს ანატოლი ბიბილოვს მოუგო, მაგრამ მაშინ ადგილობრივი ხელისუფლების და კრემლის მოხელეების ჩარევით არჩევნები გააუქმეს, ჯიოევას მომხრეების წინააღმდეგ რეპრესიები დაიწყეს და ხელმეორე კენჭისყრა დანიშნეს, სადაც ჯიოევა და ბიბილოვი აღარ დაუშვეს. 2012 წელს დე ფაქტო პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი გახდა. 2017 წელს ბიბილოვმა დაამარცხა თიბილოვი. ალა ჯიოევა არ წყვეტს ბიბილოვის კრიტიკას. სოციალურ ქსელში მის პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. „არ მჯერა ბიბილოვის: ამის ბევრი მიზეზი მაქვს. საკუთარი არმიის განადგურების სასარგებლოდ ერთი არგუმენტის მოტანაც კი არ შეუძლიათ“, - დაწერა ჯიოევამ და ამ პოსტის ქვეშ გამოჩნდა უამრავი კომენტარი, რომელიც საზოგადოებრივ განწყობას ნაწილობრივ ასახავს.
მაგალითად, ვიქტორია ცხოვრებოვა: „დააბრუნეთ ბიჭები სამშობლოში. ჩვენ არ ვართ მილიონები, ჩვენ მხოლოდ რამდენიმე ათეული ათასი ვართ. ჩვენ არ შეგვიძლია გავწიროთ ჩვენი ბიჭები. შეიგნეთ, ჩვენ უკვე გადაშენების პირას ვართ. სხვა საქმეა, თუ ისინი საკუთარ მიწას დაიცავდნენ. „საზარბაზნე ხორცად“ ნუ აგზავნით უცხო მიწაზე, უფლება არ გვაქვს!!! შეაჩერეთ ჩვენი ბიჭების განადგურება. დღეს მეექვსე ბიჭს ჩამოასვენებენ!“
კუვაეგი: „ჩვენებმა იცინეს, ბიჭები რომ გამოიქცნენ. ახლა სისხლით გაძეხით! აი, ცუდი ამბავი ცუდი ამბების შემდეგ... ორიოდე სიტყვა მინდა ვუთხრა ჯაბელიჩს და ბიბილოვს: გაგზავნეთ თქვენი ვაჟები უკრაინაში... და თავი დაანებეთ ჩვენს საწყალ ბავშვებს“...
რადიო თავისუფლების წყარო ცხინვალიდან გვატყობინებს, რომ მოხალისეებისა და ჯარისკაცების შეგროვებასთან დაკავშირებით საზოგადოება უკმაყოფილოა.
„დონბასიდან დაბრუნებულ ბიჭებს მართლა დასცინოდნენ, აი, როგორ გამოიქცნენო. მათ მეოთხე ბაზაზე საკონტრაქტო სამსახურშიც პრობლემები აქვთ. ბევრს უნდა აღდგენა, მაგრამ ისე გამოდის, რომ თუ ომში არ წავლენ, ამის შანსი არა აქვთ. ეს აღიზიანებს საზოგადოებას და განსაკუთრებით იმ ბიჭების ნათესავებს. კოკოითის მიმართ კი სულ უფრო მეტი ნეგატივი გროვდება, არ გვესმის, რას ცდილობს ის ბიბილოვთან ერთად. ჯერ მის (ბიბილოვის) დამხობას აანონსებდა, ახლა მისი პარტნიორი გახდა. ორივეს უნდა, რომ კრემლს ასიამოვნონ და რის ფასად? ჩვენი ბიჭების სისხლის ფასად? ყველაფერს აკეთებენ, რომ მეორე ტურის წინ ხმების მობილიზება დაიწყონ, მაგრამ აქაურმა საზოგადოებამ პირველივე ტურში თქვა თავისი სიტყვა. მალე უნდა დამთავრდეს ეს ქაოსი“.
მოქმედი დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი კი, რომელსაც ოპონენტები ცხინვალის რეგიონიდან უკრაინაში ჯარისკაცების მასობრივ გაყვანაში ადანაშაულებენ, პასუხისმგებლობას თავიდან იცილებს და აცხადებს, რომ ჯარისკაცები, რომლებმაც რუსეთის მე-4 ბაზაზე კონტრაქტებს ხელი მოაწერეს, უშუალო ხელმძღვანელობის ბრძანებებს ასრულებენ და მას ამ საქმეში ბრალი არ მიუძღვის.
ასევე ნახეთ დეზერტირობა თუ პროტესტი? - ცხინვალში დაბრუნებული ჯარის ისტორია