ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ჯანდაცვისა და სოციალური განვითარების მინისტრი სოსლან ნანიევი მოსკოვში ჩავიდა და ის ცხინვალელი დაჭრილი ჯარისკაცები მოინახულა, რომლებიც რუსეთის საავადმყოფოებში მკურნალობენ. ინფორმაცია ნანიევის ვიზიტის შესახებ, საინფორმაციო სააგენტო „რესმა“ გაავრცელა. ცნობაში ნათქვამია, რომ ნანიევი მოსკოვის ორ ჰოსპიტალში იმყოფებოდა - ბურდენკოს სახელობის კლინიკურ სამხედრო ჰოსპიტალსა და ვიშნევსკის სახელობის მე-3 ცენტრალურ სამხედრო ჰოსპიტალში.
დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ცნობაში არ არის ნათქვამი, უკრაინის ომიდან რამდენი დაჭრილი ჯარისკაცი გადაიყვანეს მოსკოვის ჰოსპიტლებში. ის საზოგადოებას მოუწოდებს, რომ თუ სჭირდებათ ინფორმაცია ცხინვალელი ჯარისკაცების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, უნდა მიმართონ ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს. დაჭრილთა რაოდენობის გასაიდუმლოება იმას ნიშნავს, რომ მათი რაოდენობა მცირე არ არის და არც დე ფაქტო მინისტრი წავიდოდა მოსკოვში ორიოდე დაჭრილის მოსანახულებლად.
რადიო თავისუფლების წყარო ცხინვალიდან გვატყობინებს, რომ უკრაინის ომში წასული ჯარისკაცების მშობლები და ნათესავები, მათთან კონტაქტზე ვეღარ გადიოდნენ და ამის გამო ხელისუფლებას დახმარებას სთხოვდნენ.
„ჩვენი ინფორმაციით, დაჭრილთა და დაშავებულთა რაოდენობა რამდენიმე ათეულია და ისინი მოსკოვის ორი ჰოსპიტლის გარდა, რუსეთის სხვა ქალაქების საავადმყოფოებში მკურნალობენ. ნანიევის ვიზიტი იმის გამო დაიგეგმა, რომ ჩვენს ჯანდაცვას და მათ მშობლებს ზუსტად სცოდნოდათ დაჭრილების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ის რომ ოფიციალური საინფორმაციო საშუალებები მათ რაოდენობას არ ასახელებენ, ეს ისედაც მოსალოდნელი იყო, თუმცა პატარა ქალაქში არაფერი იმალება. არც ის დამალულა, როგორ გაიმეტეს ჩვენი ბიჭები „საზარბაზნე ხორცად“ და როგორ დაბრუნდნენ ისინი ცხინვალში და არც ის, იქ რამდენი დარჩა და როგორ არიან. ბოლო ცნობებით, მარიუპოლში ბევრი დაიჭრა“, - გვითხრა ცხინვალელმა წყარომ.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მედიით 13 აპრილს გავრცელდა ცნობა იმის შესახებ, რომ კიდევ ერთი ადგილობრივი მცხოვრები დაიღუპა რუსეთ-უკრაინის ომში. დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის თავდაცვის სამინისტროს სარდლობა და პირადი შემადგენლობა გლოვობს სპეცდანიშნულების ბატალიონის ყოფილი სამხედრო მოსამსახურის, რუსლან ბესაევის გარდაცვალებას და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ბესაევი რუსეთის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცი იყო და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში მონაწილეობდა. ცხინვალში ამ ომს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სპეცოპერაციას უწოდებენ. ბესაევი უკრაინის ქალაქ მარიუპოლში დაიღუპა. დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლების ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის მიხედვით, უკრაინის ომში ცხინვალელი მოხალისეების და ჯარისკაცების დაღუპვის ეს მესამე შემთხვევაა.
მანამდე გავრცელდა ცნობა ჯარისკაც ანდრეი ბაკაევის და მოგვიანებით კი სამხედრო მოხალისის, მომღერალ რობერტ ყულუმბეგოვის დაღუპვის შესახებ.
რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მცხოვრებლები, რომლებიც მე-4 რუსულ სამხედრო ბაზაზე კონტრაქტით მსახურობენ, უკრაინაში ორ ეტაპად გაამგზავრეს. 16 მარტს სოციალური ქსელებით სამხედრო ტექნიკის გადაადგილების კადრებიც გავრცელდა. მოგვიანებით 300 ცხინვალელი ჯარისკაცი უკრაინიდან დაბრუნდა და იქ არსებულ საშინელ პირობებზე ალაპარაკდა. ნათესავებისთვის გაგზავნილ ხმოვან შეტყობინებებში ისინი აცხადებდნენ, რომ აღჭურვილობისა და ნორმალური ტექნიკის გარეშე, პირდაპირ ბრძოლის ველზე გააგზავნეს და მათ „საზარბაზნე ხორცად“ იყენებდნენ.
რუსეთი უკრაინაში ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს. რუსეთის პრეზიდენტ პუტინს უკრაინაში ომის, მისი სიტყვებით კი, „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად უკრაინის „დენაციფიკაცია“ და „დემილიტარიზაცია“ აქვს გამოცხადებული და ის, რომ უკრაინამ უარი თქვას ნატოში გაწევრიანებაზე. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, ომს უკვე ემსხვერპლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე. მათ შორის, უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისის მიერ 13 აპრილს, გამოქვეყნებული ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყებიდან, 24 თებერვლიდან, დაღუპულია 191 ბავშვი და დაჭრილია 349-ზე მეტი. ოფიციალური მონაცემებით, ყველაზე მეტი - 113 ბავშვი დონეცკის ოლქში დაშავდა.