- „არაფრის მომცემი, სულელური ნაბიჯი. მე ჩემი ექიმის მიერ შერჩეული და გამოწერილი წამალი მირჩევნია, ვიდრე უცნობი, გაურკვეველი დონის ფარმაცევტის შემოთავაზებული“;
- „თუ ექიმმა არ მითხრა რა მჭირდება, როგორ ავუხსნი აფთიაქში რა მინდა?“;
- „ამით ექიმსა და ფარმაცევტულ კომპანიებს შორის არაკეთილსინდისიერი გარიგებები შემცირდება“;
- „და თვითონ აფთიაქის ინტერესები შემცირდება? სხაპასხუპით რომ მოყვებიან ხოლმე გასაყიდი წამლის სიკარგეზე, სულ რომ არ გინდა, მაგრამ უნდა იყიდო, ისე განამუსებს“;
- „მაგის [მედიკამენტის] ასარჩევად კვლევას ვატარებ ხოლმე და პენსიონერმა რის საფუძველზე აირჩიოს? ათი წამლის რეცეპტით ხელში დადგეს და შედარებით ანალიზს უსმინოს ორი საათი?”
ეს რამდენიმე გამოხმაურებაა იმ ათობით კომენტარიდან, რაც მოჰყვა 11 აპრილიდან საქართველოში რეცეპტის გამოწერის ახალი სისტემის ამოქმედებას. საზოგადოების ნაწილმა დაიჯერა, რომ ცვლილება წამლის ფასებსაც დაწევს და არაკეთილსინდისიერ მარკეტინგსაც გააქრობს. ნაწილი კი დაეჭვდა, რომ „კორუფციის ახალი ბუდე“ გაჩნდება და დღეს არსებული მანკიერი სისტემა ექიმის კაბინეტიდან აფთიაქების კედლებში გადაინაცვლებს.
რა იცვლება კონკრეტულად, რა რისკი ახლავს ჯანდაცვის სფეროში დაწყებულ ამ რეფორმას და როდის გამოჩნდება მისი შედეგი?
რა იცვლება მოკლედ: ექიმის კაბინეტიდან აფთიაქამდე
2022 წლის 11 აპრილიდან, რეცეპტის გამოწერისას ექიმი ვალდებულია დაგიწეროთ არა მედიკამენტის დასახელება, არამედ წამალი მისი საერთაშორისო დასახელებით - მასში შემავალი აქტიური ნივთიერების მიხედვით.
რეცეპტი ელექტრონულად იწერება. ამ რეცეპტით პაციენტი მიდის აფთიაქში, სადაც ფარმაცევტი ე.წ. გენერიკული მედიკამენტების „პოზიტიურ სიაში“ ეძებს შესაბამის წამლებს და პაციენტს სთავაზობს სამ ყველაზე იაფ მედიკამენტს.
პაციენტი თავად წყვეტს, რომელი იყიდოს.
ამ ცვლილებით მთავრობა რამდენიმე მიზნის მიღწევას გეგმავს, მათ შორის, წამლებზე ფასების დაწევას, ელექტრონული რეცეპტის დამკვიდრებას და ამით სფეროს გაკონტოლებას, პოლიპრაგმაზიის (ჭარბი მედიკამენტების დანიშვნა) შემცირებას, არაკეთილსინდისიერი მარკეტინგის პრაქტიკის გაქრობას (ეს არის პრაქტიკა, როცა ექიმი, კონკრეტული წამლის დანიშვნის სანაცვლოდ, რომელიმე მედიკამენტის მწარმოებელი ან სააფთიაქო ქსელებიდან დამატებით ანაზღაურებას იღებს).
„ჩემი პრაქტიკა აქამდეც ასეთი იყო, - გვეუბნება გასტროენტეროლოგი ჯაბა ზარქუა, - გამოვწერდი, დავუშვათ, ეზომეპრაზოლს, ფრჩხილებში ყოველთვის მივუწერდი: ნებისმიერი განვითარებული ქვეყნის. პაციენტსაც ამას ვეუბნებოდი, რომ მე მევალება დაგინიშნო კონკრეტული ნივთიერება, განვსაზღვრო დოზა, მიღების ხანგრძლივობა და გითხრა გვერდითი მოვლენები. რა სახელით იყიდი ამ ნივთიერებას, სულერთია. ეს მსოფლიოში მასობრივად მიღებული პრაქტიკაა. აქ მთავარი კითხვა, ჩემი აზრით, ის არის, თუ რომელ წამალს შესთავაზებს პაციენტს აფთიაქი. სწორედ ეს უნდა აკონტროლოს სახელმწიფომ“.
და რა გარანტიაა, რომ ექიმი წამლის სახელს ქაღალდზე არ დაგიწერთ?
ამის მყარი გარანტია არ არსებობს.
ქაღალდის რეცეპტი ჯერ ისევ არსებობს. ჯანდაცვის სპეციალისტი აკაკი ზოიძე ვარაუდობს, რომ ელექტრონული რეცეპტის მიღმა, სადაც გენერიკული მედიკამენტის დასახელება აღინიშნება, ექიმების დიდი ნაწილი, მაინც ურჩევს და დაუწერს კიდეც პაციენტს წამლის სახელს.
შესაძლოა, პაციენტებმაც მოსთხოვონ ექიმს წამლის დაკონკრეტება, რადგან „მას უფრო ენდობიან“, ვიდრე შემთხვევით ფარმაცევტს.
თუმცა ის, რომ პროცესში პაციენტი ნაწილობრივ მაინც მონაწილეობს და შეუძლია გადაწყვიტოს, რომელი წამალი იყიდოს, აკაკი ზოიძის აზრით, სურათს მაინც უკეთესობისკენ შეცვლის:
„აქამდე, ბევრმა პაციენტმა, შესაძლოა, არც იცოდა, რომ არსებობს იმავე შემადგენლობის, მაგრამ სხვა დასახელების უფრო იაფი წამალი. მაგალითად, წნევის ათობით დასახელების მედიკამენტი, რომელთა შორის, ფასთა დიაპაზონი ძალიან დიდია. პაციენტი, როგორც წესი, ყიდულობდა იმას, რასაც ექიმი დაუწერდა. ახლა, მინიმუმ, არჩევანი მაინც უნდა ჰქონდეს“.
პრაქტიკა, როცა ექიმები ელექტრონული რეცეპტის გვერდის ავლით, კონკრეტულ ბრენდულ მედიკამენტებს დაუნიშნავენ პაციენტებს, შესაძლოა, ნაწილობრივ მაინც შენარჩუნდეს, თუმცა, დიდი ალბათობით, ეს პრაქტიკა აღარ იქნება საყოველთაო.
რა არის „ჯენერიკი“?
„ჯენერიკები“ ანუ „გენერიკული მედიკამენტები“ არის საერთაშორისო სახელწოდებით გამოშვებული წამლები - ისინი ისევე მოქმედებენ, როგორც ფარმაცევტული ფირმების მიერ დაპატენტებული მედიკამენტები. „ჯენერიკი“ უფრო იაფია და ამდენად, ხელმისაწვდომი.
იაფი იმიტომ, რომ ბრენდული მედიკამენტების შექმნას, კვლევას, ბაზარზე შეტანას სჭირდება დიდი დრო და ძვირადღირებული კვლევები. ასეთი წამლები დაპატენტებულია. მათ მფლობელებს აქვთ ოცწლიანი ექსკლუზიური უფლება წამლის გაყიდვაზე და ეს წამლები ძვირად ფასობს.
მაგრამ როდესაც ეს ვადა გადის, წამლის წარმოების უფლება სხვა მწარმოებლებსაც ეძლევათ და ასე იქმნება პირველი რიგის „ჯენერიკები“.
დამატებითი კვლევები საჭირო აღარ არის და საკმარისია მხოლოდ დადასტურებული იყოს მათი ქიმიური თანხვედრა, შესაბამისობა (ბიოეკვივალენტობა) შესაბამის პრეპარატთან.
რა არის მედიკამენტების „პოზიტიური სია“ და რატომ უნდა ვიცოდეთ მისი არსებობის შესახებ?
ეს არის სახელმწიფოს მიერ შედგენილი სია, რომელშიც, როგორც ჯანდაცვის სამინისტროში ირწმუნებიან, ჩამოთვლილია მაღალი ხარისხის, დაახლოებით, 3000-მდე მედიკამენტი. სწორედ ამ სიიდან უნდა შესთავაზოს ფარმაცევტმა მომხმარებელს სამი ყველაზე იაფი წამალი.
როგორც ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ეკა ადამია ამბობს, „წამლების შერჩევა არ არის ფარმაცევტის თვითშემოქმედების სფერო“.
ეს „პოზიტიური სია“ განსაზღვრავს, რომელ კონკრეტულ პრეპარატს ანაცვლებს კონკრეტული მედიკამენტი, იმავე დოზით და იმავე ეფექტით.
Your browser doesn’t support HTML5
და მაინც, ეს “ჯენერიკები” ნამდვილად კარგია?
ერთ-ერთი კითხვა, რომელიც ამ სიახლის გარშემო გამართულ დისკუსიებში გამოიკვეთა, იყო, როგორ უნდა გადაწყვიტოს აფთიაქში მისულმა პენსიონერმა, შემოთავაზებული სამი იაფი წამლიდან რომელია უკეთესი?
„წარმოვიდგინოთ სიტუაცია, მიდის 83 წლის დედაჩემი აფთიაქში, აჩვენებს რეცეპტს და არჩევინებენ სამ წამალს იგივე აქტიური ნივთიერებით. ცხადია, აირჩევს ფასით. მაშინ საერთოდ რა აზრი აქვს ძვირიანი წამლის შემოტანას? თუ იაფი ზუსტად ისევე მოქმედებს, ძვირიანის ყიდვა ვინმეს ახირება შეიძლება იყოს? ანუ სავარაუდოდ რაღაც განსხვავება მაინც არის. ესე იგი, დადგება კეთილსინდისიერი ფარმაცევტი და თითო წამალზე მოუყვება, რა არის განსხვავება? როგორ წარმოგიდგენიათ ეს პროცესი? მოკლედ, ბევრი კითხვაა და როცა კანონი იცვლება, კანონმდებლებმა კეთილი ინებონ და დეტალური ახსნა მოაყოლონ“, - ამბობს ამ დისკუსიის ერთ-ერთ მონაწილე, ნანა დიხამინჯია.
წამლების ხარისხზე ვკითხეთ ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ეკა ადამიას, რომელიც ამბობს, რომ ამ სიით შემოთავაზებული წამლები „არ ნიშნავს ცუდს“ და ამის გარანტიას იძლევა ის კრიტერიუმები, რომლებიც ამ „პოზიტიური სიისთვის“ სახელმწიფომ შეიმუშავა - ანუ მომხმარებელი აქ სახელმწიფოს უნდა მიენდოს.
„პოზიტიურ სიაში“ მოხვედრის მთავარი პირობა ის არის, რომ მედიკამენტი უნდა აკმაყოფილებდეს GMP-ის (კარგი საწარმოო პრაქტიკის) სტანდარტს, უნდა ჰქონდეს დედანთან შესაბამისობის ანუ ბიოეკვივალენტობის სერტიფიკატი. სიაში მხოლოდ ის მედიკამენტები უნდა იყოს, რომლებიც დაშვებული და წარმოებულია ისეთ ქვეყნებში, სადაც მკაცრად რეგულირდება წამლების ხარისხი.
ასევე ნახეთ თურქეთიდან წამლები შემოვა, რაც მედიკამენტებს გააიაფებს - ირაკლი ღარიბაშვილიდა იქნებ მე სხვა წამლის ყიდვა მინდა?
ამ არჩევანს პაციენტს არავინ უზღუდავს.
თუ მას სურს იყიდოს ძვირადღირებული წამალი, ხელს არავინ შეუშლის.
ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ ეს რეფორმა არჩევანს არ ზღუდავს, მაგრამ იძლევა შესაძლებლობას, პაციენტს ჰქონდეს ინფორმაცია, რომ მას დაბალ ფასადაც შეუძლია ამა თუ იმ წამლის ყიდვა.
გენერიკული რეცეპტის დანიშნულების არსიც ის არის, რომ ფარმაცევტებმა კლიენტებს ისეთი მედიკამენტები შესთავაზონ, რომელიც ექიმის დანიშნულებას არ ცვლის.
ყველა წამალს ეს არ შეეხება
ოღონდ, რეცეპტის გამოწერის ახალი წესი არ შეეხება ე.წ. კომბინირებულ წამლებს, რომელთა შემადგენლობაში ორი ან სამი ნივთიერებაა. აქ მკაცრად საჭიროა იმ მედიკამენტის მიღება, რასაც ექიმი დანიშნავს.
აფთიაქის რგოლი - რა საფრთხე შეიძლება აქ იყოს?
ექიმი-ანესთეზიოლოგი ანი ქავთარაძე იყო ერთ-ერთი, ვინც ამ რეფორმის გამართულობას ეჭვით შეხედა და ივარაუდა, რომ თუ აქამდე ექიმი იყო დაინტერესებული იმ კომპანიის წამლების გამოწერით, ვინც მას უხდიდა, ახლა სააფთიაქო ქსელში გაჩნდება კორუფციის საფრთხე.
„ამის კონტროლის რა მექანიზმი აქვს სახელმწიფოს, არ ვიცი“.
ჯაბა ზარქუას აზრით კი, შესაძლოა, პაციენტებს სხვა წინააღმდეგობები გაუჩნდეთ, მაგალითად, აფთიაქში მისულმა პაციენტმა, სხვადასხვა მიზეზის გამო (ხალხის მოერიდოს, ან გრძელი რიგი იდგეს) ვერ დასვას ყველა კითხვა წამლის შერჩევისას და აი, აქ გაუჩნდეთ შესაძლებლობა დაინტერესებულ ფარმაცევტებს, რომ ის წამალი გაყიდონ, რომელიც ხელს აძლევთ.
დღეს აფთიაქების უმეტესობაში მოქმედებს ე.წ. საბონუსო სისტემა და ფარმაცევტების არცთუ მაღალ ხელფასს დამატებითი თანხა სწორედ გაყიდული მედიკამენტების მიხედვით ემატება.
„დროა, რომ ეს თამაშის წესებიც შეიცვალოს სწორი თამაშის წესებით. ვფიქრობ, რომ თუ ეს არ იქნება თანმიმდევრული რეფორმა, ეს ცვლილებაც დარჩება მხოლოდ ფასადურ ცვლილებად. ფასადურობა და ზედაპირული მიდგომა კი მედიცინას ძალიან აზიანებს. ეს არ არის მხოლოდ ექიმების ფრონტი, აქ არის სააფთიაქო ფრონტი და დიდი ინტერესები“, - გვეუბნება ჯაბა ზარქუა.
ასევე ნახეთ წამლებზე შესაძლებელია 250 მლნ ლარამდე წლიური დანაზოგი - ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგის ანგარიშიმაშ, დაიკლებს ფასი წამლებზე?
სახელმწიფო გვარწმუნებს რომ კი. ეს ერთ-ერთი ეფექტია, რასაც ამ რეფორმისგან მოელიან.
აკაკი ზოიძე გვეუბნება, რომ გაყიდვით დაინტერესებულ აფთიაქებს წამლებზე ფასის დაწევა მოუწევთ, რომ კონკრეტული მედიკამენტები იმ სიაში აღმოჩნდეს, რომლის შეთავაზების ვალდებულებაც აქვთ ფარმაცევტებს.
წამლებზე ფასების დაწევა პირდაპირ კავშირშია ექიმების კეთილსინდისიერებასთანაც, - გვეუბნება ჯაბა ზარქუა. მისი სიტყვებით, როცა წამლები ინიშნება ე.წ. ქეშბექებით, რაღაცის სანაცვლოდ, მათ შორის საჩუქრები ექიმებისათვის, ეს დანახარჯი, ცხადია, წამლის ფასს აძვირებს და თუ ეს არაკეთილსინდისიერი მარკეტინგი აღარ იარსებებს, წამლების ფასი დაიწევს. თუმცა, როცა არსებობს დიდი ბიზნესინტერესები, მედიკამენტები მხოლოდ ამ ერთი სქემის მოშლით ვერ გაიაფდება.
ასევე ნახეთ წამლის “გამსაღებელი ექიმები“ - დაფარული პრობლემა, რომლის არსებობაც ყველამ იცისრა მოსპობს არაკეთილსინდისიერ მარკეტინგს?
სახელმწიფო ამ რეფორმას ფარმაცევტულ კომპანიებთან გარიგებული ექიმების მუშაობის სქემის „ჩამკეტ მექანიზმად“ განიხილავს, მიაჩნია აკაკი ზოიძეს. 100 %-იან გარანტიას ვერ იძლევა, რომ ეს პრაქტიკა აღარ იარსებებს, თუმცა ელექტრონული რეცეპტის სისტემის იმედი აქვს. ამ სისტემაში ჩანს, რომელი ექიმი რამდენ, რა დასახელების წამალს ნიშნავს, სად რა იყიდება და ა.შ.
მაგრამ ამ ნაწილში არსებობს კიდევ ერთი რისკი - შესაძლოა, იაფი წამალი კონკრეტულმა სააფთიაქო ქსელმა უბრალოდ არ გაყიდოს და მომხმარებელს უთხრას, რომ მას არა აქვს ეს იაფი წამალი, თუმცა ელექტრონულ სისტემაში მარტივად გამოჩნდება, რომ რომელიღაც კონკრეტული აფთიაქი კლიენტებს სისტემატურად ყველაზე ძვირ წამალს სთავაზობს.
სულ ეს არის რეფორმის არსი?
ეკა ადამია რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ეს რეფორმის მხოლოდ ერთი ნაწილია - შემდგომი ეტაპი იქნება ფარმაცევტული სექტორის ბრუნვის მონაცემების მიბმა ცენტრალიზებულ ბაზაზე - ეს ცვლილება რეფორმის ავტორებს იმედს აძლევს, რომ ყველა „შავი ხვრელი“ საბოლოოდ ამოივსება და შეიცვლება ფასების მატების წლობით დამკვიდრებული პრაქტიკა.
„ქაღალდის რეცეპტები მთლიანად უნდა ჩაანაცვლოს ელექტრონულმა რეცეპტმა და მთელი სისტემა გაციფრულდეს, რომ კონტროლი გახდეს უფრო მარტივი. სანამ არსებობს ქაღალდის რეცეპტი, მანამ ეს „ხვრელები“ სულ იარსებებს“, - უთხრა ეკა ადამიამ რადიო თავისუფლებას.
ჯანდაცვის სამინისტრო თვლის, რომ რეფორმის პირველადი შედეგი ივნისში გამოიკვეთება.