როცა რუსეთს ბიბილოვისთვის არ "სცხელა" - რა განწყობებია ცხინვალში ე.წ. არჩევნებამდე ერთი დღით ადრე.

ცხინვალი, დე ფაქტო რესპუბლიკის სიმბოლიკა ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაზე, 28 მარტი, 2022 წ.

ფანტაზიის დეფიციტი

ალან ფარასტაევი ცხინვალში ცნობილი ბლოგერია, ის ხშირად კრიტიკებს ხელისუფლებას. ფარასტაევი, დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის ინიციატივასაც, რუსეთთან შეერთების შესახებ რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე, ახალი ბლოგპოსტით გამოეხმაურა. ალან ფარასტაევის აზრით, დე ფაქტო პრეზიდენტმა ეს თემა დაბალი რეიტინგის ასაწევად წამოწია. არადა, იგივე იდეები ქონდა ე.წ. საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებშიც, თუმცა რუსეთის ფედერაცია მის სურვილებს ენთუზიაზმით არ შეხვედრია.

„მართლა აღარ გყოფნით ფანტაზია მრავალფეროვნებისთვის, რომ სამხრეთ ოსეთის მოქალაქე-ამომრჩეველი სხვა რამით მიიზიდოთ? არა! მეუბნებიან ჩემი ოპონენტები, ამჯერად ყველაფერი ძალიან, ძალიან, ძალიან სერიოზულადაა. ისინი იძახიან: "ბიბილოვი აჩვენეს [რუსეთის] პირველ არხზე." ყველაფერი, რასაც პირველ არხზე აჩვენებენ, რეალობად რომ იქცეს... აღარ გავაგრძელებ, თორემ ციხეში ჩამსვამენ, მართალია, მაყურებელმა დიდი ხანია იცის, რა არის ამ ტელევიზიის საიდუმლო, მაგრამ მაინც უყურებს და ტაშსაც კი უკრავს. იმედი აქვთ..." - წერს ბლოგერი და ასკვნის, რომ რეფერენდუმის იდეა ბიბილოვის საარჩევნო ფანდს ჰგავს.

ბიბილოვის წინასაარჩევნო ბანერი ცხინვალში, 28 მარტი, 2022 წ.

დე ფაქტო პრეზიდენტის საარჩევნო შტაბის წევრები კი ცდილობენ შექმნან ილუზია, რომ კრემლი მხოლოდ ბიბილოვს ელაპარაკება და ამ ე.წ. რეფერენდუმის საკითხის გადაჭრაც მხოლოდ მას შეუძლია. თუმცა სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ამ გზავნილებს არაერთი ოპონენტი გამოუჩნდა. პოსტს ბევრი უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა:

„დაბალმა წინასაარჩევნო რეიტინგმა აიძულა ოფიციალური ხელისუფლების წარმომადგენლები, მიიღონ აბსურდული ზომები. დაბინდული აქვთ გონება და არ უნდათ იმის გაგება, პოლიტიკურად რამდენად აბსურდულია ეს იდეა“, - წერს ფეისბუკგვერდი „ალანია არჩევნები“.

წამოცდენა დებატებზე

ცხინვალელი სამოქალაქო აქტივისტები ამ დღეებში ე.წ. საპრეზიდენტო კანდიდატების დებატებსაც განიხილავენ. მათი აზრით, ბიბილოვი ამ დებატებშიც დამარცხდა, რადგან მიუტევებელი შეცდომები დაუშვა, მათ შორის, უკრაინის ამბებთან დაკავშირებით. ვრცელდება დებატების ჩანაწერის ერთი მონაკვეთიც, სადაც ბიბილოვი სიტყვასიტყვით ამბობს:

„ჩვენ ყველა ვხედავთ რა ხდება უკრაინაში, ჩვენ ყველა ვხედავთ რა ხდება დონბასში. აი, თქვენ ერთი ხალხი, ერთი ხალხი. ესე იგი იქ ფაქტობრივად რუსები რუსებთან ომობენ“, - ბიბილოვის ამ ფრაზას დიდი გარჩევა მოჰყვა. ოპონენტების აზრით, დე ფაქტო პრეზიდენტმა რუსეთის კანონიც კი დაარღვია, როცა უკრაინის მოვლენებს ე.წ. სპეცოპერაციის ნაცვლად ომი უწოდა. კომენტატორების აზრით, ამის შემდეგ კრემლი ბიბილოვს ნაკლები ნდობით ეკიდება.

გამოქცეული სამი ცხინვალელი მებრძოლის ისტორია გრძელდება

წინასაარჩევნო პერიოდს დაემთხვა ცხინვალში განთავსებული მე-4 საოკუპაციო სამხედრო ბაზიდან ჯარისკაცების ჯერ რუსეთ-უკრაინის ომში გაგზავნა და შემდეგ კი სამასი მებრძოლის იქიდან გამოქცევა.

ფრონტიდან ისინი ნათესავებს ხმოვან შეტყობინებებს უგზავნიდნენ, სადაც ომის ამბებზე ჰყვებოდნენ. ეს მესიჯები მალე მთელ ცხინვალს და სოციალურ ქსელებს მოედო. უკრაინაში გაწვეული ჯარისკაცები ყვებოდნენ, რომ ისინი სასაკლაოზე დაყარეს, სათანადო აღჭურვილობისა და იარაღის გარეშე და აფრთხილებდნენ ნაცნობ-მეგობრებს, რომ უკრაინაში საბრძოლველად აღარ წასულიყვნენ.

ომიდან დაბრუნებული ცხინვალელი ჯარისკაცების ამბავი ბევრმა სიხარულით მიიღო, მაგრამ ბევრმა მათი საქციელი დაგმო კიდეც.

ამ დრომდე არ წყდება დისკუსია იმის შესახებ, დეზერტირები არიან ეს ახალგაზრდები თუ არა? ფაქტია, რომ მათ უარი თქვეს ომში ჩართვაზე და შინ დაბრუნდნენ. ედუარდ კოკოითიმ ჯარისკაცების ნათესავებს სთხოვა, თავი შეიკავონ საპროტესტო აქციებისგან, რამაც შეიძლება გაართულოს უკვე დაძაბული შიდაპოლიტიკური ვითარება.

ასევე ნახეთ დეზერტირობა თუ პროტესტი? - ცხინვალში დაბრუნებული ჯარის ისტორია

ცხინვალელი ჯარისკაცების პირველი ნაკადი უკრაინიდან 30 მარტს დაბრუნდა. შეიარაღებული ძალები ომში ორ ნაკადად გაიწვიეს. პირველად მძიმე ტექნიკა და საბრძოლო ჯავშანმანქანები 16 მარტს გაიყვანეს. რამდენიმე დღეში პირადი შემადგენლობა კამაზების მარკის ავტომანქანებით და ავტობუსებით გაიყვანეს უკრაინისკენ.

„ეტაპირება სიკვდილისკენ“ - ასე უწოდებდნენ უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს ცხინვალელი ჯარისკაცები ნათესავებისთვის მიწერილ მესიჯებსა და ხმოვან შეტყობინებებში. ოსი მებრძოლები აცხადებენ, რომ სერიოზული კითხვები აქვთ მათთან, ვინც ისინი უკრაინაში გააგზავნა.

რადიო თავისუფლების ცხინვალელი წყარო ამბობს, რომ თავიდანვე შეცდომა იყო ადგილობრივი ჯარისკაცების გაგზავნა უკრაინაში. მისი აზრით, ისინი ცხინვალის დაცვის მოტივით უნდა დაეტოვებინათ და ამ ამბავს დისკუსიაც არ მოჰყვებოდა.

დიახ, ბევრი ლანძღავს ამ ბიჭებს ახლა. გამოქცეულებს და ლაჩრებს უწოდებენ, მაგრამ მათი ახლობლების აზრით, ისინი სასაკლაოზე იყვნენ გაწვეულები და თავი უნდა გადაერჩინათ. ბიბილოვმა ერთი სიტყვაც კი არ თქვა მათი დაბრუნების შემდეგ, მაშინ როცა დიდი ზარზეიმით გააცილა. მაგრამ ბიბილოვი კრემლის მაამებელია და ასე გაუშვა ბიჭები. ახლა ყველა ელოდება, რომ ამ ბიჭების დევნას ბრძანებების შეუსრულებლობისა და დეზერტირობის მუხლით დაიწყებენ“, - ამბობს ცხინვალელი წყარო.

ცხინვალიდან გავრცელებული ცნობებით, უკან დაბრუნებული ჯარისკაცები სახლში არიან და ჯერ ბაზაზეც არ გამოცხადებულან, ისინი ახლა დუმილს ინარჩუნებენ და არ ამბობენ, ვინ და რამდენი დაიღუპა ბრძოლის ველზე. სავარაუდოდ, უკრაინაში კიდევ 800-მდე ოსი მებრძოლია დარჩენილი.

ასევე ნახეთ ოკუპირებული ცხინვალიდან ჯარისკაცები ისევ გააგზავნეს უკრაინისკენ

სამასი ცხინვალელი ჯარისკაცის ისტორია ამით არ დასრულებულა. ბიბილოვი მათ დახურულ კარს მიღმა შეხვდა, თუმცა ერთმა ჯარისკაცმა ამ შეხვედრის აუდიოჩანაწერი გამოიტანა. მასში ისმის ბიბილოვის ხმა, სადაც ის ილანძღება. „ ეს დიდი სირცხვილია, არ გრცხვენიათ, როგორ გამოიქეცით? ნუთუ თქვენ შორის ერთიც არ აღმოჩნდა, ამის დედაც... ვინც იტყოდა, დავრჩეთო. ის ბიჭი ვინ იყო, ვინც წამოსვლაზე დაიწყო ლაპარაკი? რატომ დაუჯერეთ, ვინ იყო ის თქვენი, ნათესავი თუ ახლობელი?“

ამის შემდეგ ხმაური იწყება და ბევრი სიტყვის გარჩევა შეუძლებელია, ისმის გინების ხმა.

კოკოითი მაშველი რგოლი. რეალური შერიგება თუ კრემლის ბრძანება?

ჯარისკაცებთან დაძაბული ურთიერთობის ფონზე ბიბილოვმა ყოფილი ე.წ. პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი გაუგებარ თანამდებობაზე დანიშნა. „სამხრეთ ოსეთის“ სპეციალური წარმომადგენლი უკრაინაში რუსეთის „სპეცოპერაციის“ განმავლობაში“, - ესაა კოკოითის ახალი თანამდებობა, ე.წ. ექსპრეზიდენტი მანამდე ბიბილოვის ხელისუფლებამ არჩევნებში არ დაარეგისტრირა.

ედუარდ კოკოითი მხარდამჭერების მიტინგზე. 21 თებერვალი, 2022 წ.

დარწმუნებული ვარ, რომ დიდი გამოცდილება დაეხმარება მას (კოკოითის) ჩვენი რესპუბლიკის ჰუმანიტარული მისიის კოორდინაციაში დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკებში და ასევე ჩვენი სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახებისთვის დახმარების გაწევის პრობლემების დროულად გადაჭრაში“, - განაცხადა ბიბილოვმა. მან ასევე აღნიშნა, რომ მე-4 სამხედრო ბაზის სამხედრო მოსამსახურეების ნაწილის დაბრუნების ინციდენტმა არ უნდა დაარღვიოს იმ მებრძოლების მხნეობა, რომლებიც ახლა სპეცოპერაციის ზონაში იმყოფებიან.

„ამ ნაწილში მე და ედუარდ კოკოითი განვიხილავთ საერთო გეგმებს. ჩვენ გვჭირდება ეს, ჩვენს ბიჭებს სჭირდებათ“, - დასძინა ბიბილოვმა.

ეს ცნობა მოულოდნელი აღმოჩნდა დე ფაქტო ხელისუფლების ოპონენტებისთვის, რომლებმაც სოციალურ ქსელში კოკოითი ოპოზიციური ინტერესების ღალატსა და ფულის აღებაში დაადანაშაულეს. გარდა ამისა, ოპოზიციონერებისა და სამოქალაქო აქტივისტებისთვის კოკოითისთვის ბოძებული თანამდებობაც გაურკვეველია. ერთმა კომენტატორმა სოციალურ ქსელში სრული სერიოზულობით იკითხა: „გამოდის, რომ კოკოითი სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლად დანიშნეს რუსეთის მე-4 სამხედრო ბაზაზე“.

უკრაინიდან სამხედრო მოსამსახურეების სახლში დაბრუნება და რუსეთის გენერალიტეტის დადანაშაულება მათ გაწირვაში, ამ ისტორიის ერთ-ერთი მთავარი საკითხია. 300 ცხინვალელი ჯარისკაცის შინ დაბრუნებას ხელი შეუწყო კოკოითისთან დაახლოებულმა ყოფილმა მებრძოლმა, ბალა ბესტაუთიმ. ცხინვალში გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ ბალამ გამოიყვანა ისინი ბრძოლის ველიდან. ეს ჯარისკაცები და მათი ოჯახები კი ვალში არიან ახლა ბალასა და კოკოითისთან, ამიტომ ბიბილოვ-კოკოითის შერიგება, მათი ხმების მობილიზაციისთვისაც კეთდება. მანამდე ადგილობრივ ჯარისკაცებსა და ვეტერანებში ბიბილოვის მიმართ ნეგატიური განწყობა იყო.

ასევე ნახეთ ბიბილოვი და კოკოითი შერიგდნენ - ყოფილმა დე ფაქტო პრეზიდენტმა გაუგებარი თანამდებობა მიიღო

ცხინვალის ოპოზიციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა გამოაქვეყნეს ის განცხადებები, რომლებსაც კოკოითი ბიბილოვის წინააღმდეგ აკეთებდა. მაგალითად, ამონარიდი ერთ-ერთი განცხადებიდან: მათი წყალობით, ვინც არ გატყდა და არ შეეკრა ბიბილოვის რეჟიმს, გამარჯვება გველოდება უახლოეს დღეებში. თითოეული ჩვენგანის წინაშე დგას არჩევანი - ოსეთის თავისუფალი მომავალი ან გარიგება სინდისთან, ჩემთვის ეს არჩევანი ნათელია. ჩვენ მივაღწევთ კონსტიტუციის უზენაესობას, აღვადგენთ კანონს და ხალხის ნების გამოხატულებას“, - ეს განცხადება კოკოითიმ 24 მარტს გააკეთა. ამიტომ ოპოზიციაში დარჩენილი კანდიდატები და მათი მომხრეები მას სწორედ სინდისს ახსენებენ. იმასაც აღნიშნავენ, რომ წინა არჩევნების დროსაც, 2017 წელს, ის ცხინვალში დიდი ხმაურით ჩავიდა, არ დაარეგისტრირეს და მერე უჩუმრად გაქრა. ახლაც მსგავსი რამ მოხდა, კოკოითის კენჭისყრა უნდოდა, მაგრამ მას რეგისტრაციის უფლება არ მისცეს, ამის შემდეგ იმუქრებოდა ხალხის ქუჩაში გამოყვანით, მაგრამ საბოლოოდ ისევ ბიბილოვის ნავში აღმოჩნდა. ოპოზიცია მას ფულის აღებაში ღიად ადანაშაულებს.

უშველის თუ არა კოკოითი ბიბილოვს, ეს 10 აპრილს გამოჩნდება. რადიო თავისუფლების ცხინვალელი წყარო აცხადებს, რომ ლუსტრაცია უკვე მოხდა და ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველს არჩევანი აქვს.

„კოკოითის და ბიბილოვის ამ გაერთიანებით ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. ახლა ვიცით, ვინ თამაშობდა და ვინ არის რეალური ოპოზიცია. აქ (ცხინვალში) ისიც განიხილება, რომ კრემლს არ სცალია ჩვენთვის და ბიბილოვს და კოკოითის უბრძანეს, რომ შერიგებულიყვნენ, რადგან კიდევ ერთი ქაოსი აქ რუსეთს არ აწყობს. ახლა ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი უფრო ალან გაგლოევისკენ არის გადახრილი. ის პირველი დაუდგა გვერდში ინალ ჯაბიევის ოჯახს (ჯაბიევი ცხინვალის იზოლატორში მოკლეს), ჯაბიევის ცოლმა შექმნა სამოქალაქო პლატფორმა და ახლა ეს ხალხი გაგლოევის მხარდამჭერია. ვითარება დაძაბულია. მიუხედავად იმისა, რომ ბიბილოვი თითქოს შეეცადა ხანძრის ჩაქრობას, ძალოვნებში და განსაკუთრებით ჯარისკაცებში აუდიოჩანაწერის გავრცელების შემდეგ განწყობა უფრო მეტად უარყოფითია. ყველამ მოვისმინეთ ბიბილოვის გინება და ის, რომ ჩვენს ბიჭებს რუსი მეთაურების მსგავსად ფაქტობრივად ისიც სასიკვდილოდ სწირავდა. ამ დასკვნას აკეთებს საზოგადოება და ვნახოთ, არჩევნებზე როგორ იქნება. უკვე ვიცით, რომ გაყალბებისთვის ემზადებიან, მაგრამ ოპოზიციური კანდიდატებიც ემზადებიან ხმების დასაცავად“, - გვითხრა ცხინვალელმა სამოქალაქო აქტივისტმა.

ვინ არიან კანდიდატები

  • ანატოლი ბიბილოვი - მოქმედი დე ფაქტო პრეზიდენტი. დაბადებულია 1970 წელს. სწავლობდა თბილისში, ლესელიძის სახელობის სამხედრო სასწავლებელში. შემდეგ სამხედრო მიმართულებით სწავლა რუსეთში გააგრძელა. აქვს გენერალ-ლეიტენანტის წოდება. 2017 წლის 9 აპრილიდან დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტია.
  • ალან გაგლოევი - ბიბილოვის მთავარ კონკურენტად ითვლება, 1981 წელს არის დაბადებული. პროფესიით ფინანსისტია, მაგრამ ძირითადად დე ფაქტო რესპუბლიკის „კაგებეში“ მუშაობდა და მოგვიანებით ამ მიმართულებით რუსეთში მიიღო ცოდნა. ამჟამად პარტია „ნიხასის“ თავმჯდომარეა.
  • ალექსანდრ პლიევი - ექიმია, 1972 წელს დაიბადა. მუშაობს ცხინვალის საავადმყოფოში რეანიმატოლოგად. სამჯერ იყო დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის წევრი. ამჟამად ე.წ. საკანონმდებლო ორგანოს ვიცე-სპიკერია.
  • დიმიტრი ტასოევი - 1974 წელს დაიბადა. ის მეწარმეა, განათლებით საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, რამდენჯერმე არჩეული იყო დე ფაქტო პარლამენტში.
  • გარი მულდაროვი - 1987 წელს დაიბადა. პროფესიით იურისტია. მუშაობდა დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. საგარეო დაზვერვაში. შემდეგ ე.წ. სახელმწიფო დაცვის სამსახურში. 2019 წლიდან დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატია.

დე ფაქტო რესპუბლიკის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 30 ათასი ბიულეტენი დაბეჭდა. დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებისთვის უბნები ვლადიკავკაზსა და მოსკოვშიც გაიხსნება. 10 აპრილის არჩევნებზე დამკვირვებლები რუსეთის ფედერაციიდან და ასევე არაღიარებული რესპუბლიკებიდან ჩადიან. რაც შეეხება პრესას, 20-მდე მედიასაშუალების წარმომადგენელმა გაიარა აკრედიტაცია.

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ინფორმაციის დე ფაქტო კომიტეტის ხელმძღვანელმა მარია კოტაევამ 7 აპრილს ადგილობრივი ჟურნალისტებისთვის პრესკონფერენცია გამართა და იმ მედიასაშუალებებზე ისაუბრა, რომლებსაც 10 აპრილს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების გაშუქება აინტერესებთ.

„სამხრეთ ოსეთში საპრეზიდენტო არჩევნების მიმართ დიდი ინტერესია, ბევრს უნდა ჩამოსვლა, მაგრამ მსოფლიოში შექმნილი სიტუაცია ისე აყალიბებს დღის წესრიგს, რომ ახლა ყველა ვერ ჩამოვა“, - განაცხადა კოტაევამ. მისი თქმით, ინფორმაციის კომიტეტმა დღემდე აკრედიტაცია გასცა მედიის 20-მდე წარმომადგენლისთვის - მათ შორის TASS-ი, RIA Novosti-ის თანამშრომლებისთვის. არჩევნებს ასევე გააშუქებს ჩრდილოოსური მედია - სახელმწიფო ტელერადიომაუწყებლობის კომპანია „ალანია“ და „ირისტონი“, ასევე რუსული გამოცემები „იზვესტია“, „კრასნოდარსკიე იზვესტია“.

მარია კოტაევას მიერ ჩამოთვლილ მედიასაშუალებებში არ არიან რუსეთის ცენტრალური სახელმწიფო ფედერალური სატელევიზიო არხები. როგორც აღმოჩნდა, ოკუპირებულ რეგიონში ჩასატარებელი ე.წ. არჩევნებით რუსეთში მხოლოდ საინფორმაციო სააგენტოები და ონლაინგამოცემები დაინტერესდნენ.

რუსეთის ფედერალური სახელმწიფო არხები ახლა უფრო მეტად უკრაინის მიმართ საინფორმაციო-პროპაგანდისტულ ომში არიან ჩართული და ოკუპირებული რეგიონის არჩევნების მიმართ ინტერესი ნაკლებია.

სოციალურ ქსელებში უკვე ისმის ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეების მოწოდებები იმის შესახებ, რომ ბიბილოვი არჩევნებს თუ გააყალბებს, ქუჩაში საპროტესტო აქციებზე გამოვლენ.