აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, ჟურნალისტების შესაბამისი კითხვის პასუხად, გამოეხმაურა უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სანქციების გვერდის ავლით, რუსები ქმნიან კონტრაბანდის არხებს, რომლებიც გადის საქართველოს ტერიტორიაზე.
„ეს ძალიან სერიოზული ბრალდებაა და ის შესაბამისი არხებით უნდა გაირკვეს მთავრობებს შორის, ეს არის ამგვარი საკითხის გამოძიების სწორი გზა. აქ მთავრობამ განაცხადა, რომ საქართველო არ იქნება სანქციების გვერდის ავლისთვის გამოყენებული და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი“, - განაცხადა კელი დეგნანმა, რომელიც გორში იმყოფებოდა ღონისძიებაზე.
მისი სიტყვებით, ეს არ არის მედიის წინაშე განსახილველი საკითხი, ის მთავრობებს შორის კომუნიკაციით უნდა იქნეს გამოძიებული და ერთადერთი, ვინ ამგვარი ურთიერთდაპირისპირებით სარგებელს იღებს, რუსეთია.
კელი დეგნანის თქმით, რუსეთის მიმართ სანქციების ერთობლივი ძალისხმევით დაცვა ძალზედ მნიშვნელოვანია და ამ ერთიანობაშია სანქციების ძალა. ელჩი ამბობს, რომ შეერთებული შტატები ახლოდან აკვირდება, რომ სანქციების პირობები იყოს დაცული, რათა შეინარჩუნოს რუსეთზე ზეწოლის ეფექტი.
ასევე ნახეთ ნედ პრაისი: ვნახეთ, რომ ქართველი ხალხი, საქართველოს მთავრობა საერთაშორისო თანამეგობრობის გვერდით დგასსაქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალია ამბობს, რომ უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა გუშინ, 5 აპრილს გამართულ შეხვედრაზე, გაფრთხილების მიუხედავად, არ წარადგინა ის მტკიცებულებები, რომლებითაც დადასტურდებოდა საქართველოს ტერიტორიის გავლით რუსეთისთვის სანქცირებული საქონლის მიწოდება.
ასევე ნახეთ საგარეო უწყება: გაფრთხილების მიუხედავად, უკრაინულმა მხარემ არ მოგვაწოდა მტკიცებულებები5 აპრილს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალია შეხვდა საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულს, ანდრიი კასიანოვს.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამსახურმა 4 აპრილს განაცხადა, რომ სანქციების გვერდის ავლით, რუსები ქმნიან კონტრაბანდის არხებს, რომლებიც გადის საქართველოს ტერიტორიაზე.
უკრაინული დაზვერვის მტკიცებით, საქართველოს სპეცსამსახურებს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ დაავალა, ხელი არ შეუშალონ კონტრაბანდისტების საქმიანობას.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მეორე დღეს, 5 აპრილს, უპასუხა უკრაინული დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.
ასევე ნახეთ კონტრაბანდული ტვირთების საკითხზე საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულთან შეხვედრა გაიმართაუკრაინის ვიცე-პრემიერისა და რეინტეგრაციის მინისტრის, ირინა ვერეშჩუკის განცხადებით, მას არ აქვს მიზეზი, არ დაუჯეროს უკრაინული დაზვერვის ცნობას რუსების მიერ კონტრაბანდული პროდუქციის გატარებაზე საქართველოს ტერიტორიაზე.
საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უკრაინის ხელისუფლების განცხადებებს 4 აპრილს უწოდა „ყოვლად დაუსაბუთებელი და აბსურდული ბრალდება".