ლექსო ლაშქარავას ცემაში ბრალდებული ყველა პირი სასამართლომ დამნაშავედ ცნო

4 აპრილის სასამართლო სხდომაზე, მოსამართლე ნინო ელიეშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორზე, ლექსო ლაშქარავაზე 5 ივლისს განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული ყველა პირი დამნაშავედ ცნო და მათ პატიმრობა მიუსაჯა:

  • აკაკი ნაკაშიძე: 5 წელი;
  • თორნიკე დავლაშერიძე: 5 წელი;
  • ცოტნე ჩიხლაძე: 5 წელი;
  • დავით კუტალაძე: 5 წელი;
  • ოთარ გელაშვილი: 5 წელი;
  • გია გიგუაშვილი: 5 წელი.

არცრთი მათგანი, ისევე, როგორც 5 ივლისის საქმის სხვადასხვა ეპიზოდზე დაკავებული პირები, დანაშაულს არ აღიარებს. ისინი აცხადებენ, რომ არავისზე უძალადიათ.

„ჩვენ ვიყავით მშვიდობიან აქციაზე ჩვენი პროტესტის გამოსახატად. არანაირი ძალადობა იქ არ ყოფილა, რომ გვდომოდა, ამის დიდი საშუალება გვქონდა. ხელს არავინ შეგვიშლიდა“, - განაცხადა ბრალდებულმა ოთარ გელაშვილმა განაჩენის გამოცხადებამდე.

ასევე ნახეთ ჟურნალისტებზე ძალადობაში ბრალდებულ კიდევ შვიდ პირს პატიმრობა შეეფარდა

რუსთაველის გამზირზე, მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებსა და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ბრალდებით დაკავებულ 27 პირს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა), 156-ე (დევნა), 225-ეს მე-2 ნაწილი (ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) მუხლებით ჰქონდა წაყენებული. ნაწილს კი ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 118 მუხლის მე-3 ნაწილით, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას.

5 ივლისის ძალადობრივი აქციის დროს 50-ზე მეტი ჟურნალისტი დაზარალდა.

ასევე ნახეთ "TV პირველი": გარდაცვლილ ოპერატორს შსს ოჯახის ნების საწინააღმდეგოდ უტარებს ექსპერტიზას

2021 წლის 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების წევრების მიერ ნაცემი ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

ამ დრომდე დაკავებული არ არის 5 ივლისის ძალადობრივი აქციის არცერთი ორგანიზატორი.