Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"TV პირველი": გარდაცვლილ ოპერატორს შსს ოჯახის ნების საწინააღმდეგოდ უტარებს ექსპერტიზას


"TV პირველის" ინფორმაციით, მათ ოპერატორს ლექსო ლაშქარავას შინაგან საქმეთა სამინისტრო ექსპერტიზას ოჯახის ნების საწინააღმდეგოდ უტარებს. ამ ეტაპზე ჯერ არ არის დაკმაყოფილებული ტელეკომპანიის მოთხოვნა, დამოუკიდებელი ექსპერტის ჩართვის შესახებ.

"ჩამოვიდა ექსპერტი, რომელმაც მითხრა, რომ არანაირი ინფორმაცია გამოძიებისგან, რომ მე უნდა მივიღო ექსპერტიზაში მონაწილეობა, მათ მიღებული არ აქვთ და, შესაბამისად, ვერ ჩავერთვები, სანამ ნებართვა არ ექნებათ... როგორც მითხრეს, ამ ეტაპზე გვამის გამოკვლევა დაწყებული არ აქვთ... თუ გამოძიებამ არ დაუშვა ჩემი დაშვება ექსპერტიზაზე, ჩემ გარეშე ჩატარდება..." - უთხრა "TV პირველს" დამოუკიდებელმა ექსპერტმა ალექსანდრე გეჯაძემ, რომელიც ამავე არხის დაკვეთით უნდა ჩართულიყო პროცესში.

რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ დამოუკიდებელი ექსპერტი შეძლებს ჩაერთოს ექსპერტიზის პროცესში.

ოპერატორი გარდაცვლილი დღეს დილით დედამ სახლში იპოვა. საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით იძიებს.

ლექსო ლაშქარავას, რამდენიმე დღის წინ - 5 ივლისს, ძალადობრივი ჯგუფის წევრები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ის რამდენიმე დღე საავადმყოფოშიც მკურნალობდა.

ამ დროისთვის, ლექსო ლაშქარავაზე თავდამსხმელი მხოლოდ ორი პირია დაკავებული. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული. მირანდა ბაღათურია, ჟურნალისტი, რომელიც თან ახლდა ლექსოს ძალადობრივი თავდასხმის დროს, ჰყვება, რომ მათი თავდამსხმელების რაოდენობა 20 მაინც იყო. თავდასხმის შემდეგ ლექსო ლაშქარავას დაზიანებული ჰქონდა სახის ძვლები და ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია.

XS
SM
MD
LG