„ეს არის 2000 პოტენციური გვამი“, - როგორ ეხმაურებიან უკრაინაში სოხუმიდან და ცხინვალიდან დამატებითი ძალის გადასროლას

განადგურებული რუსული ჯავშანმანქანა ხარკოვის სიახლოვეს. 28 მარტი

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ტელეგრამის არხის ცნობით, ცხინვალის რეგიონში დისლოცირებული მე-4 რუსული გვარდიული სამხედრო ბაზის სამხედრო კონტრაქტორთა ნაწილი დაბრუნდა უკრაინის საბრძოლო მოქმედებათა ზონიდან, სადაც ისინი არცთუ ისე დიდი ხნის წინ გაემგზავრნენ.

ასევე ნახეთ რა ძალები დარჩა საქართველოში და რა გადაისროლეს რუსული საოკუპაციო ბაზებიდან უკრაინისკენ

„ეხო კავკაზას“ ცნობით, საუბარია ამ კონტინგენტის ე.წ. სამხრეთ ოსეთის მცხოვრებლებზე, რომელთა ასეთი მოულოდნელი დაბრუნების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

თუმცა რადიო თავისუფლებას დონბასში მეომარმა ქართველმა მოხალისემ, ირაკლი ქურასბედიანმა აცნობა, რომ დაახლოებით 10 დღის წინ ხარკოვთან გამართულ ბრძოლებში, უკრაინის დამცველებმა ცხინვალიდან გადასროლილი ზემოხსენებული ქვედანაყოფის რამდენიმე ათეული მებრძოლი, მათ შორის, სავარაუდოდ, ოსი ეროვნების ჯარისკაცებიც გაანადგურეს.

ოფიციალური ცხინვალი უკრაინაში ოსი მებრძოლების დაღუპვის შესახებ არ საუბრობს. დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ექსპრეზიდენტმა, ედუარდ კოკოითიმ თავის ტელეგრამის არხში დაწერა, რომ „არავის აქვს უფლება, გაკიცხოს ეს ბიჭები ან დაადანაშაულოს სიმხდალეში. საჭიროა გავერკვეთ იმ თავდაპირველ მიზეზში, თუ რა მოხდა და როგორ იყო ორგანიზებული მათი მონაწილეობა. ამას ძალიან სერიოზულად მოვეკიდებით“, - დაწერა კოკოითიმ.

ასევე ნახეთ უკრაინიდან დაბრუნებულ ცხინვალელ ჯარისკაცებს ნათესავები როკის გვირაბთან ხვდებიან

„თქვენ აქ გელოდებათ ნამდვილი ჯოჯოხეთი“

ედუარდ კოკოითი, რომელიც დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ედგა სათავეში, მოსახლეობას მოუწოდებს, რომ შეინარჩუნონ სიმშვიდე და თავი შეიკავონ საპროტესტო აქციებისგან.

„ეს მხოლოდ ზიანს მიაყენებს ჩვენს მებრძოლებს და გაართულებს ვითარებას, რომელიც ისედაც დაძაბულია. ჩვენ ჩვენს ბიჭებს არავის დავაჩაგვრინებთ და ვიბრძოლებთ თითოეული მათგანისთვის. უნდა გვახსოვდეს, რომ ასეულობით ჩვენი მებრძოლი იმყოფება საბრძოლო მოქმედების ზონაში და გმირულად ასრულებს თავის ვალს, არ უნდა დავუშვათ, რომ რაიმე გარემოებამ შეარყიოს მათი მებრძოლი სული“, - აღნიშნავს კოკოითი.

მაგრამ, როგორც ჩანს, ცხინვალელი ოსების ყოფილი ლიდერი რაღაცას ბოლომდე არ ამბობს და ყურადღებას მხოლოდ საბრძოლო მოქმედებაში მონაწილეობის „სათანადო ორგანიზაციულ“ ნაკლოვანებაზე ამახვილებს.

თუმცა, ცოტა უფრო ადრე, კოკოითი სამხრეთ ოსეთიდან უკრაინაში საომრად გაგზავნილი ახალგაზრდებისთვის „ელემენტარული პირობების“ შექმნას მოითხოვდა და გენოფონდის განადგურების საფრთხეზე საუბრობდა.

„ეს არ არის საზარბაზნე ხორცი, ისედაც ძალიან ცოტანი დავრჩით. ჩვენ (უკვე) პრაქტიკულად დავკარგეთ გენოფონდი“, - განაცხადა კოკოითიმ.

კოკოითი თვლიდა, რომ უკრაინაში შეიძლება გამოცდილი სამხედროები დაიღუპონ, მაგრამ ეს ახალგაზრდობა ჯერ ახლა დგება ფეხზე. მისი თქმით, უკრაინაში დაღუპულ ცხინვალელ ახალგაზრდას, ანდრეი ბაკაევს იცნობდა.

„მას შვილი ერთი თვის განმავლობაშიც კი არ სჭერია ხელში. ვაჟი ობლად დარჩა. და რამდენი ასეთი იქნება ახლა? მოდით ამაზე დავფიქრდეთ. მოდით, ამაში მაინც გავერთიანდეთ ჩვენი ბიჭების გადასარჩენად“, - დასძინა კოკოითიმ, თუმცა იქვე განმარტა, რომ მხარს უჭერს რუსეთის შეჭრას უკრაინაში.

ასევე ნახეთ „ჩვენ პრაქტიკულად დავკარგეთ გენოფონდი“ - ედუარდ კოკოითი

უკრაინაში სხვა ოსი მებრძოლის დაღუპვის შესახებ სხვა ინფორმაცია არ არსებობს. მაგრამ, როგორც რადიო თავისუფლების ქართულ სამსახურს უამბო დონბასში უკრაინის დასაცავად მებრძოლმა ირაკლი ქურასბედიანმა, დაახლოებით 10 დღის წინ უკრაინის დამცველებმა ხარკოვთან ახლოს გაანადგურეს მოწინააღმდეგის რამდენიმე ათეული ჯარისკაცი, რომელთა შორის ცხინვალიდან გადასროლილი მებრძოლებიც იყვნენ.

კიდევ ერთი წყაროს "ცენზორ.ნეტის" ცნობით, რამდენიმე დღის წინ რუსეთის ერთ-ერთი ტაქტიკური ჯგუფის პირადმა შემადგენლობამ, რომელიც სწორედ ცხინვალთან მდებარე მე-4 გვარდიულ ბაზაზე დაკომპლექტდა, - უარი თქვა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიაში მონაწილეობაზე.

ასევე ნახეთ

„ცენზორ.ნეტ“-ი: სამხრეთ ოსეთში ფორმირებული ტაქტიკური ჯგუფის დიდმა ნაწილმა უარი თქვა უკრაინაში ომზე
  • 16 მარტს „ეხო კავკაზა“ ცხინვალიდან იტყობინებოდა, რომ უკრაინაში საომრად გაემგზავრნენ სამხრეთ ოსეთის მცხოვრებლები, რუსეთის მე-4 გვარდიული სამხედრო ბაზის კონტრაქტიანი სამხედროები.
  • 26 მარტს ცნობილი გახდა, უკრაინაში დამატებითი კონტინგენტის გადასროლის შესახებ. ტელეგრამის არხების ინფორმაციით, უკრაინაში „სამხრეთ ოსეთიდან კიდევ დაახლოებით 150 მებრძოლი გაგზავნეს“.
  • სამხედროებს შეხვდა დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი და განაცხადა, რომ „მათ მშვენივრად ესმით, რომ მიდიან, რათა დაიცვან რუსეთი და დაიცვან ოსეთი“.

თუმცა, ბიბილოვის ამ პათოსს ცხინვალელთა ნაწილი არ იზიარებს. ისინი დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტს ანატოლი ბიბილოვს ოსური არმიის დაშლის და ჯარისკაცების რუსულ არმიაში გაშვების გამო აკრიტიკებენ. განსაკუთრებით აქტიურობდნენ ფეისბუკის ჯგუფ „ბონვარონში“, სადაც ერთი კომენტატორი, ალან ჯიოევი იმასაც წერს, რომ მცირე ერების წარმომადგენლებს ომში, წინა ხაზზე არ უნდა იწვევდნენ, სამხრეთი ოსეთი კი ახლა დემოგრაფიულ პრობლემებს განიცდის.

ასევე ნახეთ ვაითუ, ჩვენი შვილები ვერ დაბრუნდნენ ამ ომიდან? - რისი ეშინიათ სოხუმსა და ცხინვალში?

დე ფაქტო ოსეთიდან უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად შერეული რუსულ-ოსური ქვედანაყოფის მოქმედება ყურადღებიდან არ გამორჩენია უკრაინის გენერალურ შტაბს, რომლის ინფორმაციითაც, ცხინვალის რეგიონიდან უკრაინაში გადაისროლეს სამი ბატალიონი, რომელთა შემადგენლობაში 1200-მდე რუსი და ოსი სამხედრო მოსამსახურეა. აფხაზეთიდან უკრაინაში ჩაიყვანეს რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის შემადგენლობაში მყოფი მე-7 ბაზის ორი ბატალიონი - დაახლოებით 800 სამხედრო.

ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის ჩავიდა და სად ასრულებს საბრძოლო ამოცანას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან უკრაინაში გადასროლილი დამატებითი ძალა. თუმცა, უკრაინის დამცველები აცხადებენ, რომ სადაც არ უნდა იყვნენ, მათ, როგორც დამპყრობლებს ისე მოექცევიან.

„იმ 2000 რუს ჯარისკაცს, რომლებიც კრემლმა გადმოისროლა უკრაინაში თავისი უაზროდ დიდი დაჯგუფების გასაძლიერებლად, უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის, წინააღმდეგობის ძალებისა და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული თავდაცვითი ძალებისთვის აბსოლუტურად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. უბრალოდ ჩვენთვის ეს არის კიდევ 2000 პოტენციური გვამი, ეს არის კიდევ 2000 დამწვარი ოკუპანტი და როგორც შედეგი, ეს არის კიდევ 2000 დანგრეული ოჯახი, ატირებული დედები, ცოლები, შვილები, დები და ძმები. ეს მათი არჩევანია, მაგრამ მე კატეგორიულად ვურჩევდი მათ, წადით, გაიქეცით, ნუ შეასრულებთ დანაშაულებრივ ბრძანებას. აქ თქვენ გელოდებათ გარდაუვალი სიკვდილი, აქ გელოდებათ ნამდვილი ჯოჯოხეთი, ცეცხლი და ტყვია“, - ამბობს ზორიან შკირიაკი, უკრაინის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის მრჩეველი, რომელიც ამჟამად კიევის ტერიტორიული თავდაცვის მებრძოლია.

მოაშიშვლა თუ არა რუსეთმა საქართველოს ფლანგი?

30 მარტს გამოქვეყნდა უკრაინის გენშტაბის ახალი სტატისტიკა, რომლის თანახმად, რუსეთმა ომში 17 300 სამხედრო, 605 ტანკი და 262 საავიაციო საშუალება დაკარგა.

ასევე ნახეთ უკრაინის გენშტაბის ახალი სტატისტიკა: რუსეთმა ომში 17300 სამხედრო, 605 ტანკი და 262 საავიაციო საშუალება დაკარგა

ოფიციალური რუსეთი არ აღიარებს პირადი შემადგენლობისა და ტექნიკის ასეთ დიდ დანაკარგს.

25 მარტს რუსეთის გენერალურმა შტაბმა დანაკარგების შესახებ ბოლო ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, 24 თებერვლის შემდეგ უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთმა მოკლულის სახით დაკარგა 1351 ჯარისკაცი, ხოლო 3825-მა სხვადასხვა ჭრილობა მიიღო.

მაგრამ, როგორც ჩანს, რუსეთის დანაკარგი ცოცხალი ძალის მხრივ იმდენად დიდია, რომ მოსკოვმა გადაწყვიტა, დანაკლისი ყველა არსებული რესურსით შეავსოს. სწორედ ამას უნდა ემსახურებოდეს სამაჩაბლოდან და აფხაზეთიდან საოკუპაციო ჯარების პირადი შემადგენლობისა და ტექნიკის უკრაინაში გადასროლა, რაც იმდენად უმნიშვნელოა, რომ ვერავითარ გავლენას ომის მსვლელობაზე უკვე ვეღარ მოახდენს.

„თავისთავად, ჩვენთვის და უკრაინელებისთვის მაგას აქვს სიმბოლური მნიშვნელობა. ის 2000 კაცი, რომლებიც ცხინვალიდან და აფხაზეთიდან გამოიყვანეს, არაფერ გადამწყვეტს, რა თქმა უნდა, არ წარმოადგენს აქ და ვერავითარ გარემოს ვერ შექმნის, მაგრამ რეალური მნიშვნელობა აქვს რუსებისთვის, რადგან სამაგისოდ მიუდგათ საქმე. რეალურად მანდ ორი ფაქტორია, ერთი, რომ მართლა ესაჭიროებათ ცოცხალი ძალა და სერიოზულად უჭირთ როტაციის თვალსაზრისით, და მეორე: არანაირ „საფრთხეს“ არ ხედავენ საქართველოს ხელისუფლებისგან, არანაირ საჭიროებას არ ხედავენ იქ ამ ხალხის დასატოვებლად და იმიტომაც გაიყვანეს. ვესაუბრე მე ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც იქ [ცხინვალის] სიახლოვეს ცხოვრობენ და ადრე თუ მაგალითად გაჩახჩახებულ-გაბრდღვიალებული იყო რუსეთის ბაზები ცხინვალის ტერიტორიაზე, ახლა დენიც კი ჩამქრალი აქვთ და, როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, თითქმის ათეულის დონეზე ჰყავთ დატოვებული ჯარისკაცები ბაზებზე. და ჩვენთვის ამას, თავისთავად, დადებითი მნიშვნელობა აქვს, ისევე, როგორც ეს უკრაინისთვის პრობლემას არ წარმოადგენს“, - ამბობს საქართველოს ყოფილი თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც სხვა ქართველ მოხალისეებთან ერთად რიგით ჯარისკაცად იბრძვის უკრაინაში.

მაგრამ ცხინვალიდან და აფხაზეთიდან 2000 სამხედრო მოსამსახურის გასვლა შესაძლოა ამცირებდეს საოკუპაციო ძალების საბრძოლო პოტენციალს, თუმცა, ორივე ოკუპირებულ ტერიტორიაზე კვლავ რჩება რუსეთის მნიშვნელოვანი სამხედრო ძალა, რომელსაც მოსკოვი 2008 წლის შემდეგ სრულიად უკონტროლოდ ზრდიდა.

ბოლო მონაცემებით, ორივე ბაზაზე 10 ათასამდე პირი მსახურობს. ცხინვალში განთავსებული საოკუპაციო მე-4 სამხედრო ბაზა, რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის, 58-ე არმიის შემადგენლობაში შედის. სამხედრო ბაზაზე 4500-მდე მოსამსახურეა, ამას ემატება რეგიონში განთავსებული „ეფესბეს“ სასაზღვრო სამსახურის 1200-კაციანი კონტინგენტი, ეს შემადგენლობა საოკუპაციო ხაზის მოწყობასა და დაცვაზეა პასუხისმგებელი. ბაზა აშენებულია ცხინვალის ჩრდილოეთ ნაწილში, ოკუპირებული ქართული სოფლის, თამარაშენის სიახლოვეს.

აფხაზეთიდან უკრაინაში ჩაიყვანეს რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის შემადგენლობაში მყოფი მე-7 ბაზის ორი ბატალიონი.

ასევე ნახეთ რუსული სამხედრო ბაზები ყარაბაღსა და კავკასიაში - სად, რამდენი, რა ამოცანით

„აფხაზეთში მდებარე რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზა ფლობს თანამედროვე აღჭურვილობას: Т-90 და Т-72Б3 კატეგორიის ტანკებს, БТР-82АМ კატეგორიის ჯავშანტექნიკის მატარებლებს, 152-მმ თვითმავალ ჰაუბიცებს 2С3 „Акация“, 300 მმ-იან ცეცხლსასროლ რეაქტიულ მძიმე ტექნიკას საზენიტო სარაკეტო კომპლექსით. რა თქმა უნდა, ეს სია ყველა არსებულ შესაძლებლობას არ ასახავს, რადგან მე-7 სამხედრო ბაზას და აფხაზეთის ჯარს რუსეთისგან ნებისმიერი იარაღის მიღება შეუძლია“, - ეს არის ნაწყვეტი sputnik-abkhazia-ს 2019 წლის სტატიიდან აფხაზური არმიის მოდერნიზაციის შესახებ.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთს მხარდაჭერა აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმაც აღუთქვა. 25 მარტს მოსკოვში შეხვედრა შედგა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვსა და ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს ასლან ბჟანიას შორის. ბჟანიამ მხარი დაუჭრა რუსეთის „სპეცოპერაციას“ უკრაინის ტერიტორიაზე და განაცხადა, რომ მზად არის თავდაცვისა და სპეცსამსახურების მიმართულებით დახმარების გასაწევად.

ასევე ნახეთ სერგეი ლავროვი ასლან ბჟანიას მოსკოვში შეხვდა

თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, თუ რაში გამოიხატება ეს დახმარება და აპირებს თუ არა სოხუმიც, ცხინვალის მსგავსად, უკრაინაში თავისი მებრძოლების გაგზავნას.