Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინიდან დაბრუნებულ ცხინვალელ ჯარისკაცებს ნათესავები როკის გვირაბთან ხვდებიან


ფოტო არქივიდან: რუსეთის საოკუპაციო ძალების სამხედროები ცხინვალის რეგიონში.
ფოტო არქივიდან: რუსეთის საოკუპაციო ძალების სამხედროები ცხინვალის რეგიონში.

ამ წუთებში ოკუპირებული ცხინვალის ის მცხოვრებლები, რომელთა ნათესავები რუსეთის მე-4 საოკუპაციო სამხედრო ბაზიდან უკრაინის ომში გაიწვიეს, როკის გვირაბისკენ მიემართებიან. კრემლი ცხინვალიდან გაწვეულ ჯარისკაცებს უკან აბრუნებს, ნათესავები კი მათ დასახვედრად მიდიან. ამის შესახებ კონფლიქტოლოგ ზურაბ ბენდიანიშვილს მისმა ცხინვალელმა კოლეგამ აცნობა, რომლის შვილიც ასევე გაწვეული იყო უკრაინაში საომრად. გარდა ამისა, სოციალურ ქსელ „ფეისბუკში" ცხინვალელებს „დღესასწაული" აქვთ და ერთმანეთს ულოცავენ ომიდან ნათესავების მშვიდობით დაბრუნებას.

ომიდან დაბრუნებულ ჯარისკაცებთან შესახვედრად ასევე მიემგზავრებიან დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატები. ეს საკითხი მათთვის პოლიტიკური ქულების დაწერის საშუალება ხდება. ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტების ცნობით, ბიბილოვის რეიტინგი ძალიან დაბალი იყო და კრემლმა მისი რეიტინგის ასაწევად ჯარი უკან დააბრუნა, რადგან ბიბილოვის მიმართ მოსახლეობის უკმაყოფილება სულ უფრო ხშირად ისმოდა და ამას საჯაროდ გამოთქვამდნენ.

როგორც ჩანს, ოსური ბატალიონის და მე-4 ბაზის კონტრაქტზე მყოფი ცხინვალელი სამხედროების დაბრუნების შესახებ გუშინვე იცოდა დე ფაქტო ყოფილმა პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითიმ, რომელმაც გენოფონდის დაკარგვის შესახებ განაცხადა. სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ექსპრეზიდენტმა, ედუარდ კოკოითიმ მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ცხინვალის რეგიონიდან უკრაინაში საომრად გაგზავნილ ჯარისკაცებს „ელემენტარული პირობები“ უნდა ჰქონდეთ.

„ეს არ არის საზარბაზნე ხორცი, ისედაც ძალიან ცოტანი დავრჩით. ჩვენ (უკვე) პრაქტიკულად დავკარგეთ გენოფონდი“, - განაცხადა კოკოითიმ.

ოკუპირებული ცხინვალიდან უკრაინისკენ ადგილობრივი ჯარისკაცების მეორე ჯგუფი გასულ კვირას წაიყვანეს. ამის ამსახველი კადრები სოციალური ქსელით გავრცელდა და ჩანდა, როგორ ტოვებდნენ ჯარისკაცები, ავტობუსებითა და „კამაზის" მარკის სატვირთო ავტომანქანებით, ცხინვალში განთავსებული მე-4 საოკუპაციო ბაზის ტერიტორიას. მათ ხელში დე ფაქტო რესპუბლიკის დროშები ეჭირათ და ოჯახების წევრებს ემშვიდობებოდნენ.

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან ეს ჯარისკაცების გაყვანის მეორე შემთხვევა იყო. პირველი კადრები 16 მარტს გავრცელდა. მაშინ ცხინვალში განთავსებული რუსეთის ფედერაციის მე-4 სამხედრო ბაზიდან მძიმე სამხედრო ტექნიკა და პირადი შემადგენლობა გაიყვანეს. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წამოწყებულ ომში ცხინვალელი ახალგაზრდების წაყვანას ადგილობრივი საზოგადოების პროტესტი მაშინვე მოჰყვა.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში განთავსებული მე-4 სამხედრო ბაზიდან შეიარაღებული ძალების გაყვანამდე, დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ე.წ. უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია და ძალოვანი უწყებების მინისტრებს, საქართველოსთან ე.წ. საზღვრის დაცვის და დე ფაქტო ძალოვანი უწყებების მობილიზება დაავალა. ბიბილოვის აზრით, ნატო-საქართველოს დაგეგმილი სწავლებები საფრთხეს უქმნის დე ფაქტო რესპუბლიკის უსაფრთხოებას და ძალოვნები მუდამ ფხიზლად უნდა იყვნენ.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ 30 მარტს, დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, რუსეთმა საკუთარი ძალების დასაკომპლექტებლად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკრაინაში ჩაიყვანა 2 ათასამდე სამხედრო. უკრაინის გენერალური შტაბის თანახმად, ცხინვალის რეგიონიდან უკრაინაში გადაისროლეს რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქში შემავალი მე-4 ბაზის სამი ბატალიონი, რომელთა შემადგენლობაში 1200-მდე რუსი და ოსი სამხედრო მოსამსახურეა. აფხაზეთიდან უკრაინაში ჩაიყვანეს რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის შემადგენლობაში მყოფი მე-7 ბაზის ორი ბატალიონი - დაახლოებით 800 სამხედრო.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და რამდენიმე დღეში დამოუკიდებელი სამხედრო ექსპერტები უკვე ლაპარაკობდნენ იმის შესახებ, რომ რუსეთის ჩანაფიქრმა და საომარმა სტრატეგიამ მარცხი განიცადა. ომმა, ორივე მხარეს, უკვე შეიწირა ათასობით ადამიანის სიცოცხლე.

XS
SM
MD
LG