პარლამენტმა ორი კვირით გადადო „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებების განხილვა.
ინიციატივით პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე გამოვიდა.
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებს ბევრი სპეკულაცია მოჰყვა, თუმცა, არცერთი არსებითი სამართლებრივი არგუმენტი ჩვენ არ მოგვისმენია. ხალხს ჰგონია, კომპეტენციების გამიჯვნას შეეხება ეს ნორმა. არადა, განხილვის შესაძლებლობაზეა ლაპარაკი. ეს ყველამ კარგად ვიცით. ამიტომ, ის ოდნავ საკამათო არგუმენტი - ასე ჩქარა რატომ განვიხილავთ - რომ გამოვრიცხოთ, ორი კვირის ვადა მივცეთ ოპონენტებს და შემდეგ იგივე წესით განვიხილოთ. ორი კვირის განმავლობაში მობრძანდით, წარმოადგინეთ სამართლებრივი არგუმენტები“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
„ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული კანონპროექტი პარლამენტს დაჩქარებული წესით ამ კვირაში უნდა მიეღო.
კანონპროექტის მიხედვით, საკონსტიტუციო დავის წამოწყება შესაძლებელი გახდება, თუკი ერთი სახელმწიფო ორგანო ჩათვლის, რომ მეორე სახელმწიფო ორგანომ მისი კონსტიტუციური უფლებამოსილება რაიმე მოქმედებით ან უმოქმედობით დაარღვია.
ოპოზიცია „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს პრეზიდენტზე ანგარიშსწორებად აფასებს. კანონპროექტის მომზადება დაიწყო მაშინ, როცა „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტის ბოლოდროინდელი განცხადებების შემდეგ საუბარი დაიწყო მის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანაზე.
ასევე ნახეთ ოხანაშვილი: როგორ შეიძლება ეს საკითხი ვთარგმნოთ, როგორც პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები?საპარლამენტო ოპოზიცია კანონპროექტის განხილვის ვადის გადადებას დაეთანხმა.
კანონპროექტის არსი
რაც შეეხება კანონპროექტის დეტალებს, როგორც მმართველი გუნდის დეპუტატების მიერ შექმნილი კანონპროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, საქართველოს კონსტიტუცია ამომწურავად ადგენს იმ უფლებამოსილებებს, რომლებიც დღესდღეობით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს მინიჭებული. ერთი-ერთი ასეთი უფლებამოსილება კი არის საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის, მთავრობის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, გენერალური პროკურორის, ეროვნული ბანკის საბჭოს, გენერალური აუდიტორის, სახალხო დამცველის ან ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი, ან აღმასრულებელი ორგანოს სარჩელის საფუძველზე შესაბამისი ორგანოს უფლებამოსილების შესახებ დავის განხილვა (საქართველოს კონსტიტუცია. მუხლი 60, პუნქტი 4, „დ“ ქვეპუნქტი).
ამასთანავე, კანონპროექტის ავტორების თქმით, გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნულ ორგანოთა უფლებამოსილებების შესახებ დავების განხილვისას საკონსტიტუციო სასამართლო მხედველობაში იღებს შესაბამისი ორგანოს კონსტიტუციური უფლებამოსილების არა მხოლოდ სიტყვასიტყვით მნიშვნელობას, არამედ მის არსს, მასში გამოხატულ ნამდვილ აზრსა და მისი გამოყენების პრაქტიკასაც.
ასევე ნახეთ რა კონსტიტუციურ დარღვევებს ედავება „ქართული ოცნება“ პრეზიდენტს?კანონპროექტის ავტორები თვლიან, რომ აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოთ ჩამოთვლილი უფლებამოსილება და მისი განხორციელების პირობები ჯეროვნად არ არის ასახული „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში, რაც ნათლად მიუთითებს ამ კანონის კონსტიტუციასთან შეუსაბამობაზე. მათი თქმით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მოქმედი ნორმები საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის ნორმას აქცევს ფიქციად და გამორიცხავს მისი სრულფასოვნად შესრულების შესაძლებლობას.
კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, ცვლილება შედის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტში, 26-ე მუხლსა და 34-ე მუხლში. კერძოდ, კანონპროექტით წარმოდგენილი კანონი ითვალისწინებს შემდეგ ნორმებს:
- შესაბამისი ორგანოს უფლებამოსილების შესახებ კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვს საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტს, საქართველოს მთავრობას, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, გენერალურ პროკურორს, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს, გენერალურ აუდიტორს, საქართველოს სახალხო დამცველს, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს წარმომადგენლობით ან აღმასრულებელ ორგანოს, თუ ის მიიჩნევს, რომ მიღებულია/გამოცემულია სამართლებრივი აქტი ან განხორციელდა მოქმედება ან უმოქმედობა, რომელმაც სრულად ან ნაწილობრივ ხელყო მისი კონსტიტუციური უფლებამოსილება. ამ შემთხვევაში მოპასუხეა სადავო სამართლებრივი აქტის მიმღები/გამომცემი, სადავო მოქმედების ან უმოქმედობის განმახორციელებელი. შესაბამისი ორგანოს უფლებამოსილების შესახებ კონსტიტუციური სარჩელის მიღებისთანავე საკონსტიტუციო სასამართლო სარჩელის ასლს უგზავნის ზემოაღნიშნულ სუბიექტებს. თუ ასლის ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში რომელიმე მათგანი განაცხადებს, რომ კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილება გამოიწვევს მისი კონსტიტუციური უფლებამოსილების სრულად ან ნაწილობრივ ხელყოფას, საკონსტიტუციო სასამართლოს უფლება აქვს განმცხადებელი მოპასუხედ ჩააბას საქმეში.
- საკონსტიტუციო სასამართლო შესაბამისი ორგანოს უფლებამოსილების შესახებ დავის საქმეზე სადავო სამართლებრივი აქტის/მისი ნაწილის შეფასებისას ამოწმებს ამ სამართლებრივი აქტის/მისი ნაწილის შინაარსის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობას, ხოლო სადავო მოქმედების/უმოქმედობის შეფასებისას ამოწმებს ამ მოქმედების/უმოქმედობის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობას.
- შესაბამისი ორგანოს უფლებამოსილების შესახებ დავის საქმეზე კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილება იწვევს იმ სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობას, ან იმ მოქმედების, ან უმოქმედობის არაკონსტიტუციურად აღიარებას, რომელმაც სრულად, ან ნაწილობრივ ხელყო მოსარჩელის კონსტიტუციური უფლებამოსილება.
კანონპროექტის ავტორები არიან მმართველი გუნდის წევრები ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი და რატი იონათამიშვილი.
დღეს მოქმედი კანონით, ერთ სახელმწიფო ორგანოს მეორეს მიმართ დავის წამოწყება მხოლოდ ნორმატიული აქტის საფუძველზე შეუძლია ანუ მხოლოდ ნორმატიული აქტი შეიძლება გასაჩივრდეს (და არა მოქმედება ან უმოქმედობა).
ასევე ნახეთ IDFI: პრეზიდენტის განცხადებები არ გასცდენია საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს