Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

IDFI: პრეზიდენტის განცხადებები არ გასცდენია საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს


"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" (IDFI) შეფასებით, საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს საქართველოს კონსტიტუცია არ დაურღვევია.

ორგანიზაციის განცხადების თანახმად, ბრალდებები კონსტიტუციის დარღვევის შესახებ მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს.

IDFI-ში აცხადებენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ საგარეო ურთიერთობებში პრეზიდენტის კომპეტენცია შეზღუდულია და ძირითადად მთავრობასთან შეთანხმებით ხორციელდება, ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტის ნებისმიერი მოქმედება/უმოქმედობა, რომელიც გავლენას ახდენს საგარეო პოლიტიკაზე, საჭიროებს მთავრობის თანხმობას:

„მთავრობის თანხმობის გარეშე პრეზიდენტი ვერ დადებს საერთაშორისო ხელშეკრულებას, ვერ ისარგებლებს ხმის უფლებით საერთაშორისო ორგანოებში, თუმცა, მას როგორც სახელმწიფო მეთაურს, არ ეკრძალება საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციების გამოხატვა ქვეყნის შიგნით ან ქვეყნის გარეთ, განსაკუთრებით არაფორმალური ვიზიტის ფარგლებში. უფრო კონკრეტულად, საერთაშორისო თანამშრომლობის თვალსაზრისით პრეზიდენტის მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯი ვერ იქნება დამოკიდებული საქართველოს მთავრობის ნებაზე და ვერც საგარეო პოლიტიკის განხორციელებად ჩაითვლება“.

14 მარტს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ მიმდინარე წლის 26 თებერვალს, წერილობითი უარი მიიღო მთავრობისგან პარიზში, ბრიუსელში, ბერლინსა და ვარშავაში სამუშაო ვიზიტების გამართვაზე. თუმცა, საჭიროდ მიიჩნია პირადი კონტაქტების გამოყენება და სამუშაო ვიზიტების პირად შეხვედრებად გადაქცევა და ასე გაემგზავრა საზღვარგარეთ.

პრეზიდენტის ეს განცხადება „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევად მიიჩნია და 15 მარტს თქვა, რომ მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს და მოითხოვს საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის დადასტურებას.

როგორც IDFI-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, ინფორმაციის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტის მიერ ჩატარებული შეხვედრები არ იყო ფორმალური და ამ შეხვედრებს საქართველოსთვის არ წარმოუშვია რაიმე სახის ახალი ვალდებულება. ამავე დროს, ორგანიზაციის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილი, მეტიც, ვალდებულიც კია საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მიიღოს ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად:

„შინაარსობრივი თვალსაზრისით საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოში თუ საზღვარგარეთ გაკეთებული განცხადებები და ქმედებები არ გასცდენია საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს. მეტიც პრეზიდენტის ამგვარი ქმედებები, შეგვიძლია სახელმწიფოს მეთაურის პირდაპირ კონსტიტუციურ ვალდებულებად განვიხილოთ. ჩვენი შეფასებით, ყველა გარემოება მიუთითებს, რომ პრეზიდენტმა, როგორც სახელმწიფო მეთაურმა უბრალოდ შეასრულა კონსტიტუციით მისთვის დაკისრებული კომპეტენცია/ვალდებულება“.

15 მარტს „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა საბჭომ ვრცელი განცხადება გამოაქვეყნა 14 მარტს პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის შესახებ და განაცხადა, რომ იძულებული ხდება, უახლოეს მომავალში მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს და საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის დადასტურება მოითხოვოს.

„ქართულმა ოცნებამ“ მოუწოდა საქართველოს პრეზიდენტს, გაეცნოს საქართველოს კონსტიტუციასა და პარლამენტის, მთავრობისა და პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებებს.

პოლიტსაბჭოს განცხადებით, „აშკარაა, რომ მისი [პრეზიდენტის] სურვილია იმოქმედოს კონსტიტუციის მიღმა“.

XS
SM
MD
LG