უკრაინული დელეგაციის წინადადებაა, რომ აღმოსავლეთ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ბედი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს შორის მოლაპარაკებებისას გადაწყდეს.
ამის შესახებ სტამბოლში რუსეთ-უკრაინის დელეგაციებს შორის გამართული მოალაპარაკების დასრულების შემდეგ განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა.
„რაც შეეხება "დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების" ტერიტორიებს, ეს საკითხები ცალკე პუნქტშია შეტანილი, რომელიც განიხილება უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების მოლაპარაკებების ფარგლებში“, - განაცხადა პოდოლიაკმა.
ყირიმის საკითხიც ასევე, შესაძლოა, სამშვიდობო ხელშეკრულების ცალკე პუნქტად იქცეს.
უკრაინის დელეგაციის წინადადებაა დაფიქსირდეს, რომ ყირიმისა და სევასტოპოლის სტატუსთან დაკავშირებით ორმხრივი მოლაპარაკებები 15 წლის განმავლობაში გაგრძელდება და ამ დროის განმავლობაში ყირიმის საკითხის გადასაწყვეტად არ იქნება გამოყენებული სამხედრო ძალა.
სტამბოლში „დოლმაბაჰჩე“- ს სასახლეში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკების მორიგი რაუნდის დასრულების შემდეგ უკრაინული დელეგაციის წევრმა, უკრაინის პარლამენტის ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, დავით არახამიამ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ პირობები და ის ქვეყნები დაასახელა, რომლებსაც ასეთ გარანტორებად განიხილავენ.
ასევე ნახეთ უკრაინამ მოლაპარაკებაზე უსაფრთხოების გარანტიების პირობები დაასახელარუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, პრეზიდენტ პუტინის თანაშემწემ ვლადიმირ მედინსკიმ კონსტრუქციული უწოდა უკრაინის დელეგაციასთან სტამბოლში დღეს გამართულ მოლაპარაკებას. მისი დასრულების შემდეგ მედინსკიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ რუსეთი დეესკალაციის მიზნით დგამს ორ ნაბიჯს - სამხედროს და პოლიტიკურს.
სამხედრო ნაბიჯში მედინსკი გულისხმობდა რუსეთის გადაწყვეტილებას კიევის და ჩერნიგოვის მიმართულებებით სამხედრო აქტივობის „კარდინალურად შემცირების“ შესახებ. ეს გადაწყვეტილება სტამბოლში გამოაცხადა რუსეთის დელეგაციის წევრმა, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრ ფომინმა.
ასევე ნახეთ მედინსკი: რუსეთი დეესკალაციის მიზნით დგამს ორ ნაბიჯსსაომარი მოქმედებების პარალელურად, უკრაინამ და რუსეთმა მოლაპარაკება 28 თებერვლიდან დაიწყეს. რამდენიმე რაუნდი ბელარუსის ტერიტორიაზე გაიმართა, შემდეგ კი, მოლაპარაკება ვიდეოფორმატით გრძელდებოდა. უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებით, კიევის მოთხოვნებია ომის შეწყვეტა, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. რუსეთის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა უკრაინის ნეიტრალიტეტი.