ვაითუ, ჩვენი შვილები ვერ დაბრუნდნენ ამ ომიდან? - რისი ეშინიათ სოხუმსა და ცხინვალში?

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში ნელ-ნელა სულ უფრო მეტი ადამიანია აპროტესტებს იმას, რომ მათი ჯარისკაცები შესაძლოა, რუსეთის მხარეს, უკრაინაში მიმდინარე ომში წაიყვანონ.

ხმა - აფხაზეთიდან: „მეც კი ერთი პატარა ჩალაგებული ჩანთით ვზივარ“

ომი უკრაინაში მთავარი სალაპარაკო თემაა აფხაზეთის მცხოვრებლებისთვის. სოციალურ ქსელებში აფხაზები ღიად გამოხატავენ უკმაყოფილებას უკრაინაში მათი ჯარისკაცების შესაძლო გაწვევის გამო. საჯარო სტატუსებიდან ჩანს, რომ ისინი არც დე ფაქტო ხელისუფლების განცხადებებს ეთანხმებიან რუსეთისათვის „საჭიროების შემთხვევაში“ სამხედრო დახმარების გაწევაზე.

გალის რაიონში მცხოვრები რადიო თავისუფლების წყარო (მის სახელს მისივე უსაფრთხოების გამო არ ვამჟღავნებთ) გვიყვება, უკრაინაში ომის დაწყებისთანავე, ადგილობრივები, როგორც ქართველები, ისე აფხაზები, შეშინდნენ - ხომ არ მოჰყვებოდა ამ ამბავს კონფლიქტის ესკალაცია მათთან?

„როგორც კი ომი დაიწყო, პატარა ჩანთა ჩავალაგე: საბუთებით, პირველადი მოხმარების აუცილებელი საგნებით, ჩემი და ბავშვების ნივთებით. ეს ჩანთა დღემდე ასე დევს, რამე რომ მოხდეს და ისევ გასაქცევი ვიყოთ... ეს ჩვენი განცდები რა მოსატანია იმასთან, რაც დღეს უკრაინაში ხდება, მაგრამ ასე მგონია, ჩვენ რომ გვესმის, ისე არავის არ ესმის მათი“...

სოხუმის ხედი

ჩვენი რესპონდენტი გვიზიარებს მისი ნაცნობი აფხაზების განწყობასაც აფხაზების მონაწილეობაზე რუსეთ-უკრაინის ომში - მისი თქმით, ჯერჯერობით, საერთო მობილიზაციაზე აფხაზეთში არავინ ლაპარაკობს, თუმცა ხალხმა იცის, რომ დონეცკში ამ ომამდეც მოქმედებდა აფხაზებით დაკომპლექტებული მცირე სამხედრო ფორმირება, რომლის წევრებიც, ჩვენი რესპონდენტის ინფორმაციით, დღესაც იქ იბრძვიან.

მოხალისეების წასვლას ხელს ვერავინ შეუშლის, გვეუბნება ის, თუმცა, როცა სიტყვა სავალდებულო გაწვევაზე ჩამოვარდება ხოლმე, ყველა მისი ნაცნობი ამბობს, რომ მას „არ სურს ამ ომში მონაწილეობა და არც სადმე წასვლა“:

„ყველას გვყავს ახლობლები, 25 წლამდე ბიჭები და ძალიან გვეშინია. გვეშინია იმისიც, რომ ომის რომანტიზება არ მოხდეს, არ მოტყუვდნენ და მაინც არ წავიდნენ. მაგრამ მე რასაც ვაკვირდები, აქ არ არის დიდად მოწონებული რუსეთის ქმედება. მომავლის შიში იგრძნობა... თუმცა ისიც ფაქტია, რომ არც ღია პროტესტს გამოხატავს ვინმე უკრაინაში მიმდინარე მოვლენების მიმართ“.

რა ბრძანებები მიიღეს ამ დღეებში მოსკოვში მყოფმა აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს, ეს ხალხისთვის უცნობია - ხალხი მხოლოდ ვარაუდობს და ჩვენი რესპონდენტიც ამ ვარაუდს გვიზიარებს, რომ შესაძლოა, მოქმედმა მთავრობამ თავიდან მხოლოდ მოხალისეების შესთავაზოს წასვალა:

„დარწმუნებული ვარ, ამასაც პროტესტი მოჰყვება. ასე მგონია, არ დათმობს მოსახლეობა მართლა თითზე დასათვლელი ახალგაზრდების გაყვანას აფხაზეთიდან“.

ხმა ცხინვალიდან: შიში გაჩნდა, ვაითუ, მათი შვილები აღარ დაბრუნდნენ ამ ომიდან

უკრაინაში გაჩაღებული ომის პირველ დღეებში, ოდნავ სხვაგვარი განწყობა იყო ასევე რუსეთის მიერ ოკუპირებულ ე.წ. სამხრეთ ოსეთში - ოღონდ მანამ, სანამ იქაც მოიმატებდა ცნობები ომში დაღუპული ადგილობრივების შესახებ.

რადიო თავისუფლების კიდევ ერთი რესპონდენტი, ცხინვალის რეგიონიდან (მის ვინაობასაც მისივე თხოვნით ანონიმურს ვტოვებთ), გვეუბნება, რომ დღეს, ცხინვალში, მოსახლეობის უფრო დიდი ნაწილია წინააღმდეგი მათი შვილების, ქმრების თუ ოჯახის ახლობელ-მეგობრების უკრაინაში გაწვევის.

ჯერჯერობით, მიჰყავთ ის, ვინც რუსულ ბაზებზე მუშაობდა, გაფორმებული ჰქონდა კონტრაქტი და ხელფასს იღებდა.

თუმცა ცხინვალში სხვაგვარ განწყობასაც შეხვდებით.

„ერთი ჩემი ნაცნობი ქალი ამბობდა თავის ქმარზე, რა მოხდა მერეო? ეს მისი სამსახურია. 70 000-ს თვეში ისე ხომ არ უხდიდნენ? ხომ ვიცით, სად მუშაობს და დღეს ან ხვალ გამოიძახებენო“.

რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპული, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების 58-ე არმიის ჯარისკაცის, ანდრეი ბაკაევის დაკრძალვა, ცხინვალი, 2022

თუმცა დღეს უკვე, როცა ადგილობრივების უკრაინაში დაღუპვის ათამდე ამბავი მაინც გავრცელდა, ცხინვალის რეგიონში შიშმა იმატა, რომ მათი შვილები, შესაძლოა, ამ ომიდან ვეღარ დაბრუნდნენ.

„აპრილში ცხინვალი დე ფაქტო პრეზიდენტს ირჩევს და მე უკვე ვიცი რამდენიმე ადამიანი, რომლებიც ამბობენ, თუ არაფერი შეიცვალა და ისევ ბიბილოვი გახდა პრეზიდენტი, უკრაინაში წავალთ საბრძოლველად, თუ მანამდე ომი არ დასრულდებაო“...

"ახლა კარგი დროა, აფხაზებსა და ოსებს ისევ დაველაპარაკოთ"

სჭირდება თუ არა რეალურად რუსეთს ან აფხაზეთის, ან სამხრეთ ოსეთის სამხედრო დახმარება? ეს კითხვა რადიო თავისუფლებამ დაუსვა კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილს, რომელიც ფიქრობს, რომ რუსეთს იქაური ჯარისკაცები სჭირდება სიმბოლურად, იმისთვის, რომ მხარეები კიდევ უფრო მეტად იმსახუროს.

„რუსეთს სურს, რომ დღეს მათ მიმართაც უარყოფითი დამოკიდებულება გაჩნდეს. თუ ვფუჭდები და ვბინძურდები, თქვენც უნდა დაბინძურდეთ. დაახლოებით იმავეს ცდილობს რუსეთი დღეს ბელარუსის მიმართაც. თუმცა ფაქტია, ვხედავთ, რომ ცოცხალ ადამიანებს მას ჯერ არავინ აძლევს. არც ყაზახეთი, არც სომხეთი, ყველა თავს იკავებს“.

პაატა ზაქარეიშვილი

პაატა ზაქარეიშვილი ყვება, რომ აფხაზეთში დღეს შეიმჩნევა მართვადი ანტირუსული განწყობა - ხალხი დადუმებულია, ბოლომდე ვერ ამბობენ სათქმელს, მაგრამ ეს ვითარება მაინც განსხვავდება პრორუსული განწყობისგან და ეს მას მნიშვნელოვანად მიაჩნია.

ზაქარეიშვილის დაკვირვებით, რუსეთით აღტკინება დღეს ე.წ. სამხრეთ ოსეთში უფრო შეინიშნება, რაც შეიძლება იმით აიხსნას, რომ იქაურ საზოგადოებას "სურს რუსეთთან შეერთება" და დღეს ამ გზით ცდილობენ დაუდასტურონ რუსებს თავიანთი ერთგულება და პატივისცემა.

„თუმცა, იმასაც ვხედავთ, რომ არც ჯარისკაცების გაშვება უნდათ. თუ გადახედავთ მათ ფეისბუკგვერდებს, ისინიც აჭრელებულია განწყობით - ჩვენ ცოტანი ვართ და რატომ უნდა გავუშვათ ჩვენი შვილები სხვა ომშიო“.

აფხაზეთში დღეს არსებულ განწყობებზე ლაპარაკისას პაატა ზაქარეიშვილი ერთ ფაქტორსაც მიიჩნევს საყურადღებოდ - მისი თქმით, ახლახან იქ ჩატარებულ დე ფაქტო პარლამენტის არჩევნებზე, პირველად ბოლო წლების განმავლობაში, მათ საკანონმდებლო ორგანოში ვერცერთი რუსი ვერ მოხვდა, რაც, იშვიათი ამბავია.

"აფხაზები დღეს ანტიქართულ განცხადებებს უფრო ებღაუჭებიან. კერძოდ, იმას, თითქოს საქართველო ემზადება გამოიყენოს შექმნილი ვითარება და თავს დაესხას აფხაზეთს. ამიტომ უნდა ისმოდეს დღეს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მკაფიო სიგნალები, რომ არავინ არაფერს არ აპირებს. რომ აფხაზები და ოსები ჩვენი ხალხია, რომ ისინი არ არიან რუსები და რომ მათთან საჭიროა დიპლომატია. ახლა გვაქვს მომენტი, კარგად ვუპასუხოთ აფხაზებს და ოსებს და ვუთხრათ, რომ საქართველოსთვის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია სამშვიდობო პოლიტიკა, ვიდრე "რაღაც მომენტის" გამოყენება. თუმცა, ამის მაგივრად, ხელისუფლება "ნაციონალურ მოძრაობას" აბრალებს რაღაც ტალღის აგორებას და ამ ამბავს შიდაპოლიტიკურ დაპირისპირებად აქცევს“, - გვითხრა პაატა ზაქარეიშვილმა.

რაც შეეხება უკრაინაში ბრძოლას, კონფლიქტოლოგის აზრით, აფხაზები ამ საკითხში პრინციპულობას გამოიჩინენ და მიუხედავად იმისა, რომ ბჟანიას რუსეთმა უკვე მოსთხოვა დონბასში მხარდაჭერა, რუსეთის მხარეს საბრძოლველად წასვლას გააპროტესტებენ.

ასევე ნახეთ რა ძალები დარჩა საქართველოში და რა გადაისროლეს რუსული საოკუპაციო ბაზებიდან უკრაინისკენ

რა ვიცით განწყობებზე აფხაზურ-ოსური პრესიდან

რამდენიმე დღის წინ რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას მოსკოვში ვიზიტის და იქ სერგეი ლავროვთან გამართული შეხვედრების შემდგომ ითქვა, რომ აფხაზეთი მზადაა დაეხმაროს რუსეთს საჭიროების შემთხვევაში: „თქვენ შეგიძლიათ ჩვენი იმედი გქონდეთ“, - განაცხადა ბჟანიამ. მისი განცხადებიდანვე გახდა ცნობილი, რომ აფხაზეთიდან ორჯერ გაიგზავნა ჰუმანიტარული დახმარება დონბასში. მისივე სიტყვებით, აფხაზეთში დღეს ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებიდან ჩასული 150-ზე მეტი ქალი და ბავშვი ისვენებს.

მკაფიო იყო აფხაზეთის თავდაცვის მინისტრის, ვლადიმერ ანუას განცხადებებიც, რომლის თანახმად, „აფხაზეთის რესპუბლიკა და თავდაცვის სამინისტრო, სრულად უჭერენ მხარს რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში განხორციელებულ სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“.

ვლადიმერ ანუამ განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტრო, მოკავშირეთა ვალდებულებების თანახმად და აფხაზეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, გაუწევს სამხედრო დახმარებას რუსეთის ფედერაციის უმაღლესი სარდლის მიერ რუსეთის შეიარაღებული ძალების მიზნების მიღწევაში.

აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის ხელმძღვანელობის ოფიციალური განცხადებების გარდა, „amra life“-ის ტელეგრამის არხზე გამოქვეყნდა უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი, Пятнашки-ს ბრიგადის მეთაურის, ზედმეტსახელად „აფხაზის“, იმავე ახრა ავიძბას ინტერვიუ, რომელიც დონბასში 2014 წელსაც იბრძოდა და ამჯერადაც შეუერთდა რუსულ ჯარს. ის ამბობს, რომ მოხალისეები დღემდე ჩადიან ადგილზე: „ჩვენ არ შეგვიძლია უარი ვუთხრათ მათ, მიიღონ სამშობლოს დაცვის სიამოვნება“.

რაც შეეხება ე.წ. სამხრეთ ოსეთს, როგორც ცნობილია, იქ დისლოცირებული მე-4 რუსული სამხედრო ბაზის სამხრეთ ოსეთის კონტრაქტორები უკრაინის საბრძოლო ზონაში გადაიყვანეს.

„ეხო კავკაზას“ ადგილობრივ კორესპონდენტთან საუბარში ცხინვალელები აცხადებენ, რომ მართალია, ეს ამ ჯარისკაცების სამხედრო მოვალეობა იყო და იცოდნენ, სად მიდიოდნენ, მაინც რთულია ოჯახებისთვის ამ ფაქტის მიღება.

მაგალითად, ირინა ცხინვალიდან ამბობს, რომ მისი ძმაც გაიწვიეს: „ჩემი ძმა რომ არ იყოს მათ შორის, ჩავთვლიდი, რომ ეს მათი სამხედრო მოვალეობაა და რასაც უნდა აკეთებდნენ, მაგრამ ახლა ძალიან მიჭირს“.

კატიას კი არ ესმის, რატომ უნდა გააგზავნონ ამ ომში ბიჭები სამხრეთ ოსეთიდან: „მირჩევნია, ჩვენმა ბიჭებმა დაგვიცვან საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში... იქ არიან უცხო ტერიტორიაზე. ვფიქრობ, ყველა იქ უნდა დარჩენილიყო, სადაც არის“.

უფლებადამცველმა ფატიმა მარგიევამ კი „ეხო კავკაზასთან“ საუბარში ისიც თქვა, რომ ადგილობრივ სამხედროებს, რომლებიც გახდნენ ჯარისკაცები კონტრაქტით, უბრალოდ სხვა არჩევანი არ დაუტოვეს: „ხალხს სხვა გზა არ აქვს, გარდა კონტრაქტის ჯარისკაცად დარეგისტრირებისა“, - ამბობს მარგიევა.

რამდენიმე დღის წინ სოციალური ქსელებით ვიდეოკადრებიც გავრცელდა, რომელთა თანახმად, სამხედრო ტექნიკა ტოვებს ცხინვალს და შემდეგ მთლიანად რეგიონს როკის გვირაბის გავლით.

რუსულ სამხედრო ბაზაზე კონტრაქტით მომსახურე პირების უკრაინაში გაგზავნის გამო ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი არაერთმა იქ მცხოვრებმა გააკრიტიკა სოციალურ ქსელებში.

ასევე ნახეთ "ბარემ ყველა გაგზავნეთ, სკოლის მოსწავლეებიც და მოხუცებიც" - ცხინვალში უკმაყოფილება მოჰყვა სამხედროების უკრაინაში წაყვანას  

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში განთავსებული მე-4 სამხედრო ბაზიდან შეიარაღებული ძალების გაყვანამდე, დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ე.წ. უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია და ძალოვანი უწყებების მინისტრებს, საქართველოსთან ე.წ. საზღვრის დაცვის და დე ფაქტო ძალოვანი უწყებების მობილიზება დაავალა.

ბიბილოვის აზრით, ნატო-საქართველოს დაგეგმილი სწავლებები საფრთხეს უქმნის დე ფაქტო რესპუბლიკის უსაფრთხოებას და ძალოვნები მუდამ ფხიზლად უნდა იყვნენ.

ასევე ნახეთ ოკუპირებული ცხინვალის საზოგადოების ნაწილი შეშფოთებულია რეგიონიდან სამხედრო ძალების გაყვანით