რა გაირკვევა ნატოს საგანგებო სამიტზე უკრაინისთვის?

24 მარტს, ბრიუსელში, ნატოს ლიდერების საგანგებო სამიტზე, რომელიც კიევისთვის პრაქტიკული მხარდაჭერის ახალი გზების გამონახვას ისახავს მიზნად, სავარაუდოდ, იმსჯელებენ პოლონეთის ინიციატივაზეც - ნატოს სამშვიდობო კონტინგენტი უკრაინაში, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად შევიდეს.

წინადადებას ალიანსის წინაშე ვარშავა ფორმალურად წარადგენს, თუმცა იდეას აზრთა სხვადასხვაობა უკვე მოჰყვა როგორც ნატოს ქვეყნებში, ასევე ცალკეულ პოლიტიკოსებსა და ექსპერტებს შორისაც.

  • რა ვიცით ამ ეტაპისთვის პოლონეთის ინიციატივის შესახებ და რამდენად შესაძლებელია ასეთი ნაბიჯის გადადგმა?
  • როგორ რეაგირებს რუსეთი უკრაინაში ნატოს მისიის შესვლის იდეაზე?
  • რას სთხოვს დასავლელი პარტნიორებს უკრაინა ნატოს სამიტის წინ?

პოლონეთის ინიციატივა, ნატოს სამშვიდობო მისიის უკრაინაში გაგზავნასთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ 15 მარტს გახმაურდა, როცა, სიცოცხლის რისკის ფასად, უკრაინის პრეზიდენტთან, კიევში ჩავიდნენ პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვენიის უმაღლესი პირები. მათ შორის იყო პოლონეთის ვიცე-პრემიერი იაროსლავ კაჩინსკი, რომელმაც პირველმა გაახმოვანა ნატოსთან დაკავშირებული ეს ინიციატივა.

„ვფიქრობ, საჭიროა ნატოს სამშვიდობო მისია ანდა უფრო ფართო საერთაშორისო შეთანხმება იმისათვის, რომ ასეთმა მისიამ იფუნქციონიროს უკრაინაში და მან საკუთარი თავის დაცვაც შეძლოს... ეს არის ის, რაც უკრაინას, ევროპასა და მთელ დემოკრატიულ სამყაროს სჭირდება...

დეტალებზე ლაპარაკი ნაადრევია... ეს არ არის ის საკითხი, რაზეც ჩვენ აქამდე არ გვილაპარაკია, მაგრამ - არა ნატოს ფორმატში. უკრაინა სუვერენული სახელმწიფოა. მისი თანხმობა სავსებით საკმარისი იქნებოდა ასეთი მისიის მისაღებად“, - იაროსლავ კაჩინსკის სიტყვები აქტიურად გააშუქა მათ შორის პოლონეთის მედიამ.

ასევე მედიაში, კაჩინსკის თანაგუნდელებმა ოდნავ მოგვიანებით საჭიროდ ჩათვალეს დაეზუსტებინათ, რომ ეს ინიციატივა არ გულისხმობს საბრძოლო მოქმედებებში ჩართვას უკრაინის ტერიტორიაზე.

ასევე ნახეთ კაჩინსკი საჭიროდ მიიჩნევს უკრაინაში ნატოს სამშვიდობო მისიის გაგზავნას

პოლონეთის, უკრაინისა და რუსეთის მედიამ ასევე აქტიურად გააშუქა პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, მატეუშ მორავეცკის სიტყვები, რომ - სამშვიდობო მისიასთან დაკავშირებულ ინიციატივას პოლონეთი წამოაყენებს ნატოს ლიდერების სამიტზე, რომელიც 24 მარტს ბრიუსელში გაიმართება.

პოლიტიკური მომომხილველებისთვის საყურადღებო აღმოჩნდა აშშ-ის ელჩის გაეროში, ლინდა ტომას-გრინფილდის CNN-თან ინტერვიუც, სადაც ელჩი ამბობს, რომ „აშშ-ის სამხედროები ამ ეტაპზე არ იქნებიან უკრაინის ტერიტორიაზე“, ხოლო ნატოს სხვა წევრებს შეუძლიათ, რომ ეს საკითხი სხვაგვარად გადაწყვიტონ.

ნატოს ლიდერების საგანგებო სამიტში, რომელსაც 24 მარტს ბრიუსელი უმასპინძლებს, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენიც მონაწილეობს. 25 მარტს კი ის უკვე პოლონეთს ეწვევა და, დაუზუსტებელი ინფორმაციით, შესაძლოა, უკრაინის საზღვართან ან მის მიღმაც, შეხვდეს ვოლოდიმირ ზელენსკისაც.

ასევე ნახეთ პოლონეთის კონტრდაზვერვა ქვეყნიდან 45 რუსი დიპლომატის გაძევებას ითხოვს
ასევე ნახეთ პოლონეთი მოუწოდებს ევროკავშირს, სრულად აკრძალოს რუსეთთან ვაჭრობა

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, უკრაინის უშუალო სახმელეთო მეზობელი პოლონეთი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზაა ნატოს ქვეყნების საბრძოლო შეიარაღების კიევისთვის მისაწოდებლად და, ამასთან, სხვადასხვა წყაროს ცნობით, სწორედ ამ გზით, პოლონეთის ტერიტორიაზე უკვე გადასულია 2 მილიონი უკრაინელი ლტოლვილი.

ასევე, პოლონეთი, ბალტიის სამ სახელმწიფოსთან ერთად, კრემლის პროპაგანდისტი ექსპერტების მუდმივი სამიზნეა და ამ ქვეყნების წინააღმდეგ ზოგი არც რუსეთის ბირთვულ შეტევას გამორიცხავს.

უკრაინა პოლონეთთან კოორდინირებულად მოქმედებს და, როგორც თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი ტვიტერზე წერს, გეგმები შეთანხმდა ნატოს სამიტის წინაც.

„მქონდა ნაყოფიერი საუბარი ჩემს კოლეგასთან [მარიუშ ბლაშაკი]! ჩვენ მოვახდინეთ თანამშრომლობის კოორდინაცია ნატოს სამიტის წინ. მადლიერი ვარ პოლონეთის მტკიცე პოზიციისა და უკრაინელი ხალხის თანმიმდევრული მხარდაჭერისთვის რუს დამპყრობელთან ბრძოლაში“, - დაწერა 23 მარტს უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ტვიტერზე.

რუსეთი იმუქრება, რომ არ დაუშვებს ნატოს სამშვიდობო მისიას უკრაინის ტერიტორიაზე. საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ბოლო დღეებში ამ თემაზე არაერთი კომენტარი გააკეთა და 23 მარტს თქვა, რომ:

„იმედია, ისინი [ნატოში] ხვდებიან, რაზე ლაპარაკობენ. ეს იქნება რუსეთისა და ნატოს ძალების ზუსტად ის პირდაპირი შეტაკება, რომლის თავიდან აშორება არათუ ყველას უნდოდა, არამედ ამბობდნენ კიდეც, რომ ეს პრინციპულად არ უნდა მოხდეს“.

პროკრემლისტური მედიასაშუალებები პოლონელების აქტიურობის უკან დასავლეთის ქვეყნების შეთქმულებასაც ეძებენ. მაგალითად, იუტუბარხი „ასპექტი“ (Аспекты) მაყურებლებს ამცნობს, რომ ევროპელების მშველელად მიღება უკრაინას ტერიტორიების დაკარგვად დაუჯდება. შეთქმულების ამ თეორიის მიხედვით, პოლონეთს უკრაინაში საკუთარი ისტორიული ტერიტორიის დაბრუნების მიზანი ამოძრავებს.

ასევე ნახეთ რა იარაღით ემუქრება რუსეთი უკრაინასა და სხვა ქვეყნებს?
ასევე ნახეთ ლავროვის მუქარას, რომ მოსკოვი არ დაუშვებს უკრაინისთვის S-300-ის მიწოდებას, კულებამ უპასუხა

აშშ-მა და ნატოს წევრმა სხვა სახელმწიფოებმა არაერთხელ გაუსვეს ხაზი, რომ ისინი არ დაუშვებენ ალიანსის უშუალო ჩართვას უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, თუკი კონფლიქტი უკრაინის საზღვრებს გასცდება, ის უფრო მეტ მსხვერპლს მოიტანს.

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) თანადამფუძნებელი, ყოფილი ელჩი უკრაინასა და რუსეთში, ვალერი ჩეჩელაშვილი პრაქტიკულად გამორიცხავს, რომ ნატოს რომელიმე ქვეყნის ჯარისკაცები შევიდნენ უკრაინაში; ხოლო თუკი ეს მაინც მოხდება, მსგავს მისიას ვერაფრით დაერქმევა სამშვიდობო და ექსპერტისთვის პირდაპირი ნიშანი იქნება იმისა, რომ ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა გადაწყვიტა ჩაებას საბრძოლო მოქმედებებშიც.

„პოლონეთი ასეთ გადაწყვეტილებას მარტო ვერ მიიღებს და თუკი ეს განხორციელდება, ეს იქნება არა პოლონეთის, არამედ ნატოს სამხედრო ოპერაცია და ეს ნიშნავს მაშინ, რომ ნატო ახორციელებს სამხედრო ოპერაციას, რათა რუსეთი აიძულოს მშვიდობისთვის...

სამშვიდობო მისიაზე შესაძლოა იყოს ლაპარაკი მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა კონფლიქტში ჩართული ორივე მხარე თანხმდება, რომ მესამე ძალა სამშვიდობო მიზნებით ჩადგეს მათ შორის. თუ არ არის ორივე მხარის თანხმობა, ეს სამშვიდობო მისია ვერ იქნება. ასეთ შემთხვევაში ის [ნატოს მისია] შესვლისთანავე გახდება კონფლიქტის მხარე“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ვალერი ჩეჩელაშვილი.

მისი შეფასებით, ნატოსთვის სამხედროების შეყვანაზე გაცილებით უფრო იოლად შესასრულებელი იქნებოდა „ცის ჩაკეტვა“ რუსეთის თვითმფრინავებისთვის, რასაც დიდი ხნის განმავლობაში უშედეგოდ ითხოვდა უკრაინის ხელისუფლება. ნატოს ქვეყნების პოზიციით, ასეთი სვლა გამოიწვევდა სამხედრო დაპირისპირებას რუსეთთან. ამავე მიზეზით გაჭიანურდა უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემაც. ამას მაშინ პოლონეთმაც აარიდა თავი.

რას ითხოვს თავად უკრაინა ნატოს სამიტის წინ?

ნატოს სამშვიდობო მისიის შეყვანის მოთხოვნას ვერ ვხვდებით 4-პუნქტიან ჩამონათვალში, რომლითაც პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენელმა, მიხაილო პოდოლიაკმა 23 მარტს დასავლელ პარტნიორებს მიმართა.

„ძვირფასო პარტნიორებო! საჭიროა 4 ნაბიჯის გადადგმა იმისთვის, რომ სიზმარში არ ნახოთ დაღუპული ჩვენი ბავშვების თვალები და არ იგრძნოთ დამწვარი მარიუპოლის სუნი. 1. თანამედროვე ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემები, თუკი თქვენ არ შეგიძლიათ ჩაკეტოთ ცა; 2. ფრთოსანი რაკეტები ანდა საბრძოლო მასალები მძიმე შეიარაღებისთვის; 3. მკაცრი ემბარგო ნავთობზე; 4. რუსული გემებისთვის პორტების ჩაკეტვა მთელ მსოფლიოში“, - დაწერა პოდოლიაკმა ტვიტერზე.

ასევე ნახეთ გერმანიის კანცლერი შოლცი რუსული ნახშირწყალბადის ემბარგოს ინიციატივით გამოდის

ნატოს სამიტის გარდა, 24 მარტს, ბრიუსელში ევროკავშირის საგანგებო სამიტიც იმართება. წინასწარი ინფორმაციით, ევროკავშირი განიხილავს ემბარგოს დაწესებას რუსეთის ნავთობზე.

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა 23 მარტს განაცხდა, რომ დროა, წერტილი დაესვას გერმანიის დამოკიდებულებას რუსეთიდან იმპორტირებულ ნავთობზე, გაზსა და ნახშირზე. გერმანია ყველაზე მეტად არის გამოკიდებული რუსეთის ენერგომატარებლებზე.

გერმანიის კანცლერი ამბობს, რომ რუსეთის მიმართ ევროპული სანქციები არ უნდა იყოს მოკლევადიანი და მიმდინარეობს მუშაობა შემდგომ სანქციებზე, „რომლებიც ასეთსავე ეფექტს იქონიებს აგრესორზე“.

24 მარტს ერთი თვე შესრულდება რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის შემდეგ. ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში ექსპერტებისთვის უკვე ცხადი იყო, რომ რუსეთს „ბლიცკრიგის“ სტრატეგიული გეგმა ჩაეშალა. ომის 28-ე დღეს რუსეთის არმიას ჯერ ისევ არა აქვს აღებული უკრაინის არცერთი დიდი ქალაქი. ომის „ნელი ტემპი“ კრემლისტი ექსპერტებისა და ჟურნალისტების უკმაყოფილებას იწვევს.

უკრაინული მხარე აცხადებს, რომ დაღუპულების, დაჭრილებისა თუ ტყვედ ჩავარდნილების სახით, რუსეთმა ცოცხალი ძალის თითქმის მეოთხედი უკვე დაკარგა. სამხედრო სპეციალისტები თვლიან, რომ რუსეთის ხელისუფლებამ სათანადოდ ვერ შეაფასა უკრაინული არმიის მომზადების დონე და ზოგადად, უკრაინელი ხალხის თავისუფლებისთვის ბრძოლის ძლიერი მოტივაცია.