Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის კანცლერი შოლცი რუსული ნახშირწყალბადის ემბარგოს ინიციატივით გამოდის


გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხდა, რომ რუსეთის მიმართ ევროპული სანქციები მოკლევადიანი არ უნდა იყოს და მან გრძელვადიანი კონფლიქტის სახე უნდა მიიღოს.

მისი თქმით, აუცილებელია წერტილი დაესვას გერმანიის დამოკიდებულებას რუსეთიდან იმპორტირებულ ნავთობზე, გაზსა და ნახშირზე და რაც შეიძლება სწრაფად და ინტენსიურად.

„ევროპამ, მეგობრებთან ერთად, ასეთი დიდი ქვეყნის მიმართ არნახულად მკაცრი სანქციები შემოიღო, ჩანს რომ ისინი მოქმედებს“,- განაცხადა ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე ოლაფ შოლცმა და დაამატა „ვფიქრობთ ასევე ინსტრუმენტებზე, რომლებიც ასეთივე ეფექტს იქონიებს აგრესორზე, ამასთან მინიმულური გავლენა ექნება ჩვენს ეკონომიკურ განვითარებაზე, რათა ამ სანქციების ზიდვა შევძლოთ“,- განაცხადა შოლცმა.

დასავლეთში ისმის უკმაყოფილება იმის გამო, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის მიუხედავად, ევროპული ქვეყნები აგრძელებენ რუსეთისგან ნახშირწყალბადების შესყიდვას, რაც უზრუნველყოფს ფულის მუდმივ შედინებას მის ეკონომიკაში.

10-11 მარტს პარიზში გამართულ ევროკავშირის სამიტზე გამოჩნდა, რომ უკრაინის დაჩქარებული წესით მიღების საკითხში ევროკავშირის შიგნით სერიოზული უთანხმოებაა.

ენერგომატარებლებზე უკრაინაში შეჭრით გამოწვეული ფასების ზრდამ, საფრთხე შეუქმნა ევროკავშირის ეკონომიკას, რომელიც უკვე დასუსტებულია კორონავირუსის პანდემიით.

ევროკავშირი ბუნებრივი აირის დაახლოებით 40 პროცენტის იმპორტს რუსეთიდან ახორციელებს. გერმანია, ევროპის უმსხვილესი ეკონომიკა, განსაკუთრებით დამოკიდებულია ენერგიის ნაკადზე, იტალიასთან და ცენტრალური ევროპის რამდენიმე ქვეყანასთან ერთად.

ევროკავშირის ნავთობის იმპორტის დაახლოებით მეოთხედი ასევე რუსეთზე მოდის.

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.

პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც.

უკრაინაზე თავდასხმის გამო, ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა რუსეთის ეკონომიკის და საფინანსო სექტორებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათთან დაახლოებულ ბიზნესმენებს უპრეცედენტო სანქციები დაუწესეს და უკრაინას უწევენ სამხედრო და ფინანსურ დახმარებასაც.

XS
SM
MD
LG