რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ რუსეთის ფედერაციას შეუძლია ბირთვული იარაღის გამოყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანას „ეგზისტენციალური საფრთხე“ დაემუქრება.
"ჩვენ გვაქვს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, ის საჯაროდ ხელმისაწვდომია, შეგიძლიათ წაიკითხოთ ყველა მიზეზი, რის გამოც ბირთვული იარაღის გამოყენება შეიძლება. ანუ, თუ ქვეყნის არსებობას შეექმნება საფრთხე, მაშინ ის შეიძლება გამოყენებულ იქნას ჩვენი კონცეფციის შესაბამისად. ამ ტექსტში სხვა მიზეზები არ არის ნახსენები,"- განაცხადა პესკოვმა ამერიკულ ტელეკომპანია „სი-ენ-ენთან“ ინტერვიუში.
წამყვანის, ქრისტიან ამანპურის ჩაკითხვაზე, აპირებს თუ არა პუტინი ბირთვული იარაღის გამოყენებას, თუ ის მხოლოდ აშინებს მსოფლიოს, დიმიტრი პესკოვმა არ გასცა პირდაპირი პასუხი და მკაფიოდ არ გამორიცხა, ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობა.
დასავლეთის ქვეყნები არ გამორიცხავენ, რომ ჩიხში მოქცეული რუსეთი უკრაინაში ქიმიურ ან ბირთვულ იარაღს გამოიყენებს.
ასევე ნახეთ
რა იარაღით ემუქრება რუსეთი უკრაინასა და სხვა ქვეყნებს?
რუსეთის მიერ ქიმიური იარაღის „ყალბი დროშით“ (არა თავისი სახელით) გამოყენების საფრთხეზე უკვე დიდი ხანია ლაპარაკობენ როგორც ბრიუსელში, ასევე ვაშინგტონში და განსაკუთრებით მას შემდეგ - რაც რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ახალი ძალით დაიწყო ლაპარაკი ბიოლოგიური იარაღის უკრაინაში შექმნისა და ფრინველების საშუალებით რუსეთში გავრცელების ჩანაფიქრის შესახებ.
27 თებერვალს პუტინმა დასავლეთს ამცნო, რომ ის არც ბირთვული იარაღის გამოყენებას მოერიდება და რუსეთის არმიის შეკავების ძალები, ბირთვული იარაღის არსენალით, ე.წ. განსაკუთრებულ რეჟიმში გადაიყვანა.