გაეროს მონაცემებით, უკრაინაში 900-ს გადააჭარბა დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეების რიცხვმა

გაეროს მიერ დადასტურებული მონაცემებით, უკრაინაზე რუსეთის შეიარაღებული თავდასხმიდან 24 დღეში(24 თებერვალი -19 მარტი) უკრაინაში დაიღუპა 902 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 39 ბავშვი. დაიჭრა 1459.

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის თანახმად, სამოქალაქო მოსახლეობაში მსხვერპლი, ძირითადად, გამოწვეულია მძიმე არტილერიის და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით განხორციელებული შეტევების და სარაკეტო და საჰაერო დარტყმების შედეგად.

ამასთან, უმაღლესი კომისრის ოფისში განმარტავენ, რომ მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი გაცილებით მეტია. ვერ ხერხდება ინფორმაციის მიღება ისეთი რაიონებიდან, როგორიცაა მარიუპოლი, ვოლნოვახა, იზიუმი და სხვა.

რაც შეეხება უკრაინული მხარის მონაცემებს, გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, 24 თებერვლიდან 20 მარტამდე დაღუპულია 115 ბავშვი. ადგილობრივი ხელისუფლების თანახმად, მხოლოდ ქალაქ მარიუპოლში დაღუპულია სულ მცირე 2300 მშვიდობიანი მოქალაქე.