აშშ უკრაინას ანტისარაკეტო სისტემებს უგზავნის - რა არ უნდა გამოგრჩეს 17 მარტს

ბაიდენი უკრაინას უგზავნის დამატებით ანტისარაკეტო სისტემებს და დრონებს

აშშ უკრაინას ანტისარაკეტო სისტემებს, ჯავშანსაწინააღმდეგო იარაღსა და დრონებს უგზავნის. ამის შესახებ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა. აშშ-ის ადმინისტრაცია უკრაინას დამატებით 800 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს, რაც, საერთო ანგარიშით, 2 მილიარდ დოლარამდე ზრდის კიევისთვის გაგზავნილ თანხას.

"უკრაინას მივცემთ იარაღს, რათა მან იბრძოლოს და თავი დაიცვას მომავალ რთულ დღეებში", - თქვა ბაიდენმა.

ბაიდენის გამოსვლამდე რამდენიმე საათით ადრე ხანგრძლივი ტაშით შეხვდნენ კონგრესში უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეოჩართვაში გამოჩენას.

ზელენსკიმ სამხედრო დახმარების გაზრდა ითხოვა და კიდევ ერთხელ მოუწოდა აშშ-ს უკრაინის ცის დახურვისკენ.

წაიკითხე მეტი.

ჰააგის სასამართლო რუსეთს უბრძანებს შეწყვიტოს უკრაინაში შეჭრა

16 მარტს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ ჰააგაში გამოაცხადა წინასწარი გადაწყვეტილება უკრაინის სარჩელზე და რუსეთს უბრძანა უკრაინაში სამხედრო მოქმედებები შეწყვიტოს. გადაწყვეტილება სიმბოლური მნიშვნელობისაა.

უკრაინის სარჩელი ეხება ვლადიმირ პუტინის მხრიდან უკრაინაში შეჭრისთვის დასახელებულ საბაბს - რომ მას იქ პრორუსულად განწყობილთა "გენოციდი" უნდა დაესრულებინა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტვიტერით დაწერა, რომ ჰააგის სასამართლოს განაჩენი "სრული გამარჯვებაა რუსეთის წინააღმდეგ" და "მისი უგულებელყოფა კიდევ უფრო გააღრმავებს რუსეთის იზოლაციას".

ასევე ნახეთ უკრაინასთან ომი - ვერსიები რუსეთის მომავლისთვის

პუტინი აცხადებს, რომ უკრაინაში "სამხედრო ოპერაცია" გეგმის მიხედვით მიმდინარეობს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის" წარმატებული მსვლელობის შესახებ განაცხადა. მან რუსეთის რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერის ღონისძიებების შესახებ შეხვედრის დროს განაცხადა, რომ სპეცოპერაცია მიმდინარეობს წინასწარ დამტკიცებული გეგმების მკაცრი დაცვით.

პუტინის თქმით, დასავლეთი ცდილობს დააზიანოს რუსეთის ეკონომიკა, თუმცა ქვეყანა სანქციებს გაუძლებს. "თვალთმაქცური საუბრებისა და ე.წ. კოლექტიური დასავლეთის დღევანდელი ქმედებების მიღმა, მტრული გეოპოლიტიკური მიზნები დგას. მათ არ სურთ ძლიერი და სუვერენული რუსეთის არსებობა", - თქვა პუტინმა.

წაიკითხე მეტი.

ვითარება უკრაინაში: რუსეთის არმიამ მარიუპოლის დრამატული თეატრი დაბომბა

უკრაინის ქალაქ მარიუპოლის საკრებულოს პრესსამსახურის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მიზანმიმართულად გაანადგურეს ქალაქ მარიუპოლის დრამატული თეატრი. საკრებულოს ინფორმაციით, შენობას თავს აფარებდა ხუთასამდე მშვიდობიანი მოქალაქე - ქალები და ბავშვები. განადგურებულია დრამატული თეატრის ცენტრალური ნაწილი. ნანგრევებმა კი ჩახერგა თავშესაფარში ჩასასვლელი.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ უკრაინულმა არმიამ მელიტოპოლის მერი ივან ფიოდოროვი რუსეთის საოკუპაციო ძალების ტყვეობიდან დაიხსნა. ფიოდოროვი უკვე ესაუბრა პრეზიდენტ ზელენსკის.

ოთხშაბათს რუსმა სამხედროებმა კიდევ ერთი ქალაქის მერი გაიტაცეს. ხერსონის რაიონის ქალაქ სკადოვსკის მერის ალექსანდრ იაკოვლევისა და მისი მოადგილის იური პალიუხის გატაცებას მოსახლეობის საპროტესტო აქცია მოჰყვა.

ცოტა ხნით ადრე ბერდიანსკში რუსმა სამხედროებმა დააკავეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს მღვდელი, მამა ოლეგ ნიკოლაევი.

პარალელურად გრძელდება დედაქალაქის დაცვა. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის განცხადებით, კიევის დაცვა სტრატეგიული ამოცანაა და კიევი გაუძლებს.

წაიკითხე მეტი.

Financial Times: უკრაინა და რუსეთი ნეიტრალობის გეგმას ათანხმებენ ომის დასასრულებლად

გამოცემა Financial Times-ი წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ უკრაინამ და რუსეთმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს წინასწარი, 15-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის შეთანხმებაში, რომელიც მოიცავს ცეცხლის შეწყვეტას და რუსეთის ძალების უკრაინიდან გასვლას - იმ შემთხვევაში, თუ კიევი ნეიტრალიტეტს გამოაცხადებს და დათანხმდება მისი შეიარაღებული ძალებისთვის დაწესებულ შეზღუდვებს.

შეთავაზებული შეთანხმება, რომელიც უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლებმა პირველად ორშაბათს განიხილეს, ითვალისწინებს კიევის მხრიდან უარის თქმას ნატოში გაწევრიანების მისწრაფებაზე და პირობას, რომ არ უმასპინძლებს უცხოეთის სამხედრო ბაზებს ან შეიარაღებას - ამის სანაცვლოდ კი ქვეყანა მიიღებს დაცვის გარანტიებს მოკავშირეებისგან, მაგალითად, აშშ-ისგან, ბრიტანეთისა და თურქეთისგან, ამბობენ წყაროები. უკრაინის უსაფრთხოების დასავლური გარანტიების შინაარსი - და ის, თუ რამდენად მისაღები იქნება ისინი მოსკოვისთვის - შესაძლოა კვლავაც წინაღობა აღმოჩნდეს შეთანხმების მიღწევის პროცესში, ისევე, როგორც რუსეთის და მისი მოკავშირეების მიერ 2014 წელს დაკავებული უკრაინის ტერიტორიების სტატუსის საკითხი.

წაიკითხე მეტი.

პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფარგლებში შს მინისტრი მივა

17 მარტს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მოუსმენენ შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს, რომელიც „მინისტრის საათის“ ფარგლებში მივა საკანონმდებლო ორგანოში.

მან გაწეულ სამუშაოსა და სამომავლო გეგმებზე უნდა ისაუბროს. ამის შემდეგ კი დაიწყება კითხვა-პასუხის ნაწილი დეპუტატებთან.

მოსალოდნელია, რომ კითხვების ნაწილი დაკავშირებული იქნება რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოში შემოსვლის პროცესთან, რომელიც რუსეთის მიმართ დასავლეთის სანქციების შემდეგ აქტუალური საკითხი გახდა და ეს პროცესი სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტროს ეხება.

თვალი ადევნე სიახლეებს ამ თემაზე რადიო თავისუფლების ახალი ამბების სექციაში.

ასევე ნახეთ შს მინისტრის თქმით, "დოჟდის" ჟურნალისტმა შემოშვების "რაღაც კრიტერიუმი" ვერ დააკმაყოფილა

საფრანგეთი თავშესაფარს სთავაზობს რუსეთის პირველი არხის რედაქტორს

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი რუსეთის პირველი არხის რედაქტორს, მარინა ოვსიანნიკოვას სთავაზობს თავშესაფარს ან საელჩოს მხრიდან დაცვას. ამის შესახებ ტელეკომპანია France 24 იუწყება. პრეზიდენტ მაკრონის განცხადებით, ამ საკითხს პირდაპირ დასვამს პრეზიდენტ პუტინთან მომდევნო საუბრის დროს.

14 მარტს ღამით, როცა კრემლის მიერ კონტროლირებული პირველი არხის პირდაპირ ეთერში გადიოდა პროპაგანდისტული საინფორმაციო პროგრამა „ვრემია“ და წამყვანი ეკატერინა ანდრეევა რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებზე ლაპარაკობდა, მარინა ოვსიანნიკოვა სტუდიაში პლაკატით შევიდა. პლაკატზე ეწერა: „შეაჩერეთ ომი. არ დაუჯეროთ პროპაგანდას. აქ თქვენ გატყუებენ“. ოვსიანნიკოვამ პირდაპირ ეთერში წარმოთქვა მოწოდებაც: "შეაჩერეთ ომი! არა ომს!"

წაიკითხე მეტი.

პეკინი რუსეთ-უკრაინის ომის სათავისოდ გამოყენებას ცდილობს

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პეკინისა და რუსეთის ახლო ურთიერთობა სამიზნეში ამოიღო. ვაშინგტონმა გაავრცელა დაზვერვის ინფორმაცია, რომ მოსკოვმა ჩინეთს სამხედრო აღჭურვილობით დახმარება სთხოვა. ამის ერთ-ერთი მიზანი შეიძლება ისიც ყოფილიყო, რომ ჩინეთი კრემლის უფრო ძლიერი მხარდაჭერისგან გადაერწმუნებინათ.

ეს ცნობები ახალი კუთხით გვაჩვენებს, თუ რა მხარდაჭერის იმედი შეიძლება ჰქონდეს რუსეთს უკრაინასთან ომში. ამავე დროს, ის ცხადად წარმოაჩენს, თუ ვის მხარესაა პეკინი ამ კონფლიქტში - ჩინეთის მხარეს.

ჩინეთის მიერ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მხარდაჭერამ პეკინი ახლებური ზეწოლის წინაშე დააყენა. ცნობები მოსკოვის მიერ ჩინეთისთვის დახმარების თხოვნის შესახებ - რომელსაც ჩინეთმაც და რუსეთმაც დეზინფორმაცია უწოდეს - გავრცელდა ერთი დღით ადრე, ვიდრე აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი, ჯეიკ სალივანი რომში ჩინელ კოლეგასთან შვიდსაათიან დაძაბულ შეხვედრას გამართავდა.

ჩინეთის თავშეკავებამ მოსკოვის კრიტიკასთან დაკავშირებით და მისმა მხარდაჭერამ რუსეთის მიერ პროპაგანდისა და კონსპირაციის თეორიების გავრცელებაში, პეკინის ურთიერთობა ევროპასთანაც დაძაბა. ეს ყველაფერი კი სი ძინპინის მთავრობას სტრატეგიულ თავის ტკივილს უჩენს.

წაიკითხე მეტი.

კულტურის მინისტრმა კინოცენტრის დირექტორი, გაგა ჩხეიძე ამ თანამდებობიდან სამწლიანი ვადის ამოწურვამდე 1 თვით ადრე გაათავისუფლა. სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზად კინოცენტრში არსებულ დარღვევებს ასახელებს და შიდა აუდიტის დასკვნას ეყრდნობა, რომელიც საჯარო მისი გათავისუფლების შემდეგ გახდა. თავად გაგა ჩხეიძე კი ფიქრობს, რომ გათავისუფლების მიზეზი მისი ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებები გახდა, მათ შორის, გადაწყვეტილება რუსეთიდან ქართული ფილმების ასლების ჩამოტანის პროცესის შეჩერების შესახებ. კინოცენტრის უკვე ყოფილი დირექტორი ამბობს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე რუსულ საბიუჯეტო ორგანიზაციაში ფულის გადარიცხვას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს.

კინოცენტრის დირექტორის ხელმძღვანელის მოვალეობას ახალი დირექტორის არჩევამდე მინისტრის მოადგილე, კახა სიხარულიძე ასრულებს. კანონი კულტურის მინისტრს აძლევს უფლებას, პირდაპირი წესით დანიშნოს ახალი დირექტორი.