საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ამბობს, რომ რუსული ხელისუფლების მიმართ კრიტიკული ტელევიზიის, "დოჟდის", ჟურნალისტი საქართველოს საზღვარზე სტანდარტული პროცედურის ვერგავლის გამო არ შემოუშვეს. იმის მიუხედავად, რომ ეს საკითხი ქართული მედიასაშუალებების ყურადღების ცენტრში მოექცა, მინისტრმა კონკრეტული მიზეზი არ დაასახელა.
"ბევრი ადამიანი არ შემოვუშვით, 100-ზე მეტი, ერთ-ერთი ალბათ ეგეც მოყვა... ეს არის ჩვეულებრივი გაწერილი წესია, რომელსაც მესაზღვრე თვითონ წყვეტს - არ წყვეტს არც მინისტრი და არც მისი მოადგილე...
ჩვეულებრივად, სტანდარტულად ხდება ადამიანის არშემოშვება ადამიანის, არის კრიტერიუმები - სად რჩება, ვისთან მიდის, აღებული აქვს თუ არა უკან წასასვლელი ბილეთი - ბევრი რაღაც არის ჩამოწერილი და რაღაც ვერ დააკმაყოფილა. ბევრჯერ არის ხოლმე მოქალაქის არშემოშვების მიზეზი აგრესია - აგრესიას გამოხატავს... ზუსტად ვერ გეტყვით მიზეზს", - თქვა მინისტრმა.
5 მარტს ცნობილი გახდა, რომ საქართველოში არ შემოუშვეს რუსეთის დამოუკიდებელი ტელეარხის, „დოჟდის“, ჟურნალისტი მიხაილ ფიშმანი.
ფიშმანი განმარტავს, რომ საქართველოში არაერთხელ უმოგზაურია და აქამდე პრობლემა არასდროს შეჰქმნია. ის დარწმუნებულია, რომ ქვეყანაში არშეშვების მიზეზი მისი ჟურნალისტური საქმიანობაა. თუმცა ფიშმანი საქართველოს საზღვრიდან ისე გააბრუნეს, მიზეზი არავის აუხსნია.
მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსეთმა ომი დაიწყო და სანქციები დაწესდა, სოციალურ ქსელებში წერენ, რომ გაიზარდა რუსეთიდან საქართველოში ჩამოსული მოქალაქეების რაოდენობა. 6 მარტს სოციალურ ქსელებში ასევე ვრცელდებოდა ფოტოები, რომლებშიც ასახული იყო ბანკომატებთან რიგები. შს მინისტრი ამბობს, რომ ამ დროის განმავლობაში საქართველოში რუსეთის იმაზე ნაკლები მოქალაქე შემოვიდა, ვიდრე პანდემიამდე, 2019 წელს.
უკვე მეთოთხმეტე დღეა რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე სრულმასშტაბიან საომარ მოქმედებებს ატარებს - იბომბება არა მხოლოდ სამხედრო ობიექტები, არამედ საცხოვრებელი სახლები. უკვე დაიღუპა 30-ზე მეტი ბავშვი და ათეულობით მშვიდობიანი მოქალაქე. მსოფლიო რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად აწესებს სანქციებს, საქართველო კი "ეროვნული ინტერესების" მოტივით არ უერთდება მათ.