14 წელი, 3 ცოცხალი და 1 მკვდარი ბრალდებული - როგორ გაგრძელდება ჰააგის პროცესი?

რუსეთის ავიაციის მიერ დაბომბილი საცხოვრებელი კორპუსი გორში. 2008 წლის აგვისტო.

ჰააგის სასამართლოს პროკურორის მიერ გაცემული დაპატიმრების ორდერები მხოლოდ პირველი ნაბიჯია აგვისტოს ომის დამნაშავეების დასჯის გზაზე. წინ რთული ამოცანაა - ბრალდებულების, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის სამი „მოქალაქის“ დაკავება. ჰააგის ტრიბუნალი მათ დაუსწრებლად ვერ გაასამართლებს.

სავარაუდო ბრალდებულებს შორის მოხსენიებულია რუსი გენერალ-მაიორი, ვიაჩესლავ ბორისოვი, რომელსაც აგვისტოს ომის დროს „გორის კომენდანტადაც“ მოიხსენიებდნენ. პროცესი მის შემთხვევაში ვერ გაგრძელდება - ის გარდაცვლილია.

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორის ოფისმა, 14 წლის წინანდელ ომზე, გამოძიება 6 წლის წინ დაიწყო. პროცესთან შემხებლობაში მყოფი პირები რადიო თავისუფლებას ეუბნებიან, რომ გაჭიანურებულ პროცესს ბიძგი მისცა უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებულმა ომმა. დანაშაულებების ხასიათიდან გამომდინარე, უკრაინასა და საქართველოს შორის პარალელი თავად პროკურორმაც გაავლო.

ამ ეტაპზე, 3 პირის დაპატიმრების პროცედურის გასააქტიურებლად, პროკურორი წინასასამართლო პალატის დასტურს ელოდება. სპეციალისტები ამბობენ, რომ უარი პრაქტიკულად გამორიცხულია.

  • რა ბერკეტები აქვს ჰააგის ტრიბუნალს ბრალდებულთა დასაკავებლად?
  • შესაძლებელია თუ არა, რომ დაკავების სანქციები გაიცეს სხვა პირებზეც, აგვისტოს ომის დროს ჩადენილი დანაშაულებისთვის?

ბრალდებული ღელავს

„სამხრეთ ოსეთის სამი მოქალაქის დაკავების შესახებ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უშუალოდ უკავშირდება უკრაინაში დღეს მიმდინარე მოვლენებს და შეესაბამება კოლექტიური დასავლეთის მკაფიო პოლიტიკას, მიმართულს რუსეთის წინააღმდეგ“, - განაცხადა 11 მარტს, ცხინვალში, ე.წ. პარლამენტის დეპუტატმა დავიდ სანაკოევმა, რომელიც ერთ-ერთია მათ შორის, ვიზეც ჰააგის სასამართლოს პროკურორმა დაკავების სანქცია გასცა.

სანაკოევი მაშინ, ადამიანის უფლებათა საკითხებში სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტის წარმომადგენელი იყო. ახლა ის ჰააგის სასამართლოს პროკურორს „საქართველოს სახელმწიფოს მხეცობისთვის“ ხელის დაფარებაში სდებს ბრალს, ხოლო საკუთარ თავზე ამბობს, რომ 2008 წელს მხოლოდ მშვიდობიან მოლაპარაკებებს აწარმოებდა და დაკავებული ქართველების „სამშობლოში“ დაბრუნებით იყო დაკავებული.

„ჯერჯერობით არცერთს არ უგია პასუხი მათგან, ვინც მიიღო გადაწყვეტილება დასხმოდა თავს სამხრეთ ოსეთს და შეესრულებინა ეს ბრძანებები“, - სანაკოევის ამ სიტყვებს ადგილობრივი სააგენტო „РЕС“-ი ავრცელებს.

ასევე ნახეთ ჰააგის სასამართლოს პროკურორმა აგვისტოს ომის საქმეზე დაპატიმრების პირველი ორდერები წარმოადგინა

„ეთნიკურად ქართველი მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავება, წამება, არაადამიანური მოპყრობა, ადამიანური ღირსების შელახვა, მძევლად აყვანა და უკანონო გადაყვანა“, - ასეთია ბრალდებების ჩამონათვალი, რომლის მიხედვითაც, სანაკოევის გარდა, პროკურორმა კარიმ ხანმა წინასასამართლო პალატას დაპატიმრების ორდერები კიდევ ორ პირზე წარუდგინა:

  • გენერალ-ლეიტენანტ მიხაილ მინძაევზე, რომელიც 2005 წელს დაინიშნა დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა მინისტრად და თანამდებობაზე იყო 2008 წლის 31 ოქტომბრამდე;
  • ჰამლეტ გუჩმაზოვიზე - დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი დაკავების დაწესებულების ყოფილ უფროსზე.

იმის გამო, რომ აწ უკვე გარდაცვლილია, ჰააგის სასამართლო ვეღარ გაასამართლებს პროკურორ კარიმ ხანის მიერ სავარაუდო დამნაშავედ ცნობილ კიდევ ერთ პირს - რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალ-მაიორს, საჰაერო-სადესანტო ძალების სარდლის მოადგილეს - ვიაჩესლავ ბორისოვს, რომელიც 2008 წელს, გორში, ტყვეთა გაცვლის პროცესებში მონაწილეობდა.

ომიდან მე-14 წელს

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში (ICC) გამოძიება 2016 წელს დაიწყო, როცა პროკურორის პოსტს კარიმ ხანის წინამორბედი, ფატუ ბენსუდა იკავებდა. გამოძიება დაინტერესდა 2008 წლის 1 ივლისიდან 10 ოქტომბრამდე პერიოდით.

ჰააგის ტრიბუნალის გამომძიებლები საქმეს დამოუკიდებლად და გასაიდუმლოებული წესით იძიებდნენ - საზოგადოებამ ზუსტად არასოდეს იცოდა, თუ როდის ჩამოდიოდნენ და ვის ხვდებოდნენ ისინი საქართველოში.

„ეს გამოძიება წლების დაგვიანებით იმიტომ დაიწყო, რომ მანამდე, კომპლემენტარობის პრინციპიდან გამომდინარე, საქართველოს მიცემული ჰქონდა დრო დანაშაულების ადგილობრივ დონეზე გამოსაძიებლად... საქართველოს ხელისუფლებამ 2015 წელს აცნობა მათ, რომ არ ჰქონდა წვდომა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ვერ აწარმოებდა სრულყოფილ გამოძიებას და შემდეგ, ამაზე დაყრდნობით თქვა ჰააგის სასამართლოს პროკურორმა - მე ვერთვებიო“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას „საერთაშორისო სამართლიანობის“ ("Justice International") აღმასრულებელი დირექტორი, ნიკა ჯეირანაშვილი, რომელიც პირველივე დღიდან აქტიურად ადევნებდა თვალს ჰააგაში მიმდინარე პროცესებს, გარკვეულწილად ჩართულიც იყო და კარგად იცნობს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს საქმიანობას.

ასევე ნახეთ დაზარალებულებს შეუძლიათ დაასჯევინონ 2008 წლის ომში დამნაშავეები

ჯეირანაშვილი განმარტავს, რომ ჰააგის ტრიბუნალის პრაქტიკა დაუსწრებელი წესით გასამართლებას არ ითვალისწინებს და, შესაბამისად, ბრალდებულები ფიზიკურად უნდა წარდგნენ სასამართლოს წინაშე.

სად შეიძლება დააკავონ ისინი?

მათი დაკავება, თეორიულად, შესაძლებელია ყველგან, რომის სტატუტის (ICC-ის წესდება) მონაწილე თუ არა მონაწილე სახელმწიფოების ტერიტორიაზე და ოკუპირებულ ტერიტორიებზეც. რადგან ჰააგის სასამართლოს "არც ჯარი ჰყავს და არც პოლიცია", ძებნილები მასპინძელი ქვეყნის ხელისუფლებამ უნდა დააკავოს.

თითქმის წარმოუდგენელია, რომ, მაგალითად, რუსეთი საქართველოს ამის საშუალებას მისცემს. მით უფრო წარმოუდგენელია მათი დაუყოვნებლივ დაპატიმრება ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

„წინასასამართლო პალატის მიერ პროკურორის შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემდეგ, დაკავების განჩინებები გაეგზავნება ყველა რელევანტურ სახელმწიფოს, რათა უზრუნველყონ ამ პირების დაკავება და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინაშე წარდგენა“, - ვკითხულობთ საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ასევე ნახეთ იუსტიციის სამინისტრო: 2008 წლის ომზე საქართველომ მორიგი გამარჯვება მოიპოვა

გენერალური პროკურატურის მსგავსად, 11 მარტს იუსტიციის სამინისტრომაც გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სახელმწიფო სტრუქტურებმა მნიშვნელოვანი დახმარება გაუწიეს ჰააგის სასამართლოს.

„2016 წლიდან საქართველოს მთავრობა, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს კოორდინაციით, გენერალური პროკურატურისა და ყველა შესაბამისი უწყების ჩართულობით, აქტიურად თანამშრომლობდა ჰააგის სასამართლოს პროკურორის ოფისთან და აწვდიდა გამოძიების ჯეროვანი წარმართვისათვის საჭირო სრულყოფილ ინფორმაციასა და მტკიცებულებებს. პროკურორის ოფისს მიეწოდა, სხვებს შორის, სტრასბურგის სასამართლოში აგვისტოს ომის საქმის მოსაგებად შეგროვებული და წარდგენილი ასეულობით მტკიცებულება“, - წერია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.

მათ არ უხსენებიათ არასამთავრობო სექტორი, რომელმაც 2015 წელს უდიდესი როლი შეასრულა დაზარალებულების ხმების ჰააგამდე მიწვდენის პროცესში. „რეალურად, სახელმწიფო ერთ-ერთი მხარე იყო, რომელიც ჰააგას ინფორმაციას აწვდიდა. ჩვენც ვაწვდიდით და კიდევ ბევრი სხვა არასამთავრობო ორგანიზაციაც“, - გვეუბნება ნიკა ჯეირანაშვილი.

ასევე ნახეთ ფატუ ბენსუდა რუსეთ-საქართველოს საქმეზე შედეგს 2020 წლისთვის ელის

გამოძიების მოსამზადებელ ეტაპზე, 2015 წელს, სასამართლოში საქართველოდან გაიგზავნა შეფასებები 9-დან 90 წლამდე ასაკის 7 ათასამდე დაზარალებულის სახელით. ამ მასალების თავმოყრისა და ჰააგაში გაგზავნის პროცესში დიდი როლი შეასრულეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, შემდგომ ეტაპებზე, ჰააგის სასამართლოს პროკურორის ოფისის წარმომადგენლებმა დაზარალებულებისგან, სხვადასხვა დროს, ინფორმაცია პირადადაც მიიღეს.

„ღია საზოგადოება - საქართველო“ ამ პროცესებში აქტიურად იყო ჩართული. როგორც ადამიანის უფლებების პროგრამის ხელმძღვანელი, გიორგი ჩიტიძე გვეუბნება, გამოძიების დაგვიანებით დაწყების გამო, უკვე განადგურებული იყო ბევრი მტკიცებულება.

„გამოძიება ომის შემდეგ მერვე წელს დაიწყო... ბევრი მტკიცებულება ისედაც ნადგურდება და მათი მოპოვება ჭირს. ეს აისახა შედეგზეც - ამ ოთხ ადამიანზე გადაწყვეტილება დაგვიანდა იმიტომ, რომ რაც უფრო გვიან იწყებ გამოძიებას, მით უფრო ძნელია მტკიცებულებების შეკრება“, - ამბობს ჩიტიძე.

ასევე ნახეთ გასცემს თუ არა ჰააგის სასამართლო პუტინის დაკავების ორდერს?

მისი შეფასებით, უკრაინის შემთხვევაში პროცესები მათ შორის - იმ ფაქტმაც დააჩქარა, რომ ამჟამად უკრაინაში მიმდინარე ომი „უპრეცედენტოდ დოკუმენტირებულია“ და უფრო იოლად მოხდება ბრალდებების დასაბუთება.

არასამთავრობო სექტორში 11 მარტს აცხადებდნენ, რომ აუცილებელია, ICC-ის პროკურორის ოფისმა კვლავაც გააგრძელოს საქართველოსთან დაკავშირებული გამოძიება, მეტი დამნაშავის გამოსავლენად, მათ შორის - რუსეთის ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში.

შესაძლებელია, რომ ეს მოხდეს?

როგორც ჯეირანაშვილი და ჩიტიძე გვეუბნებიან - თეორიულად ეს შეიძლება მოხდეს, მაგრამ პრაქტიკულად არ არის მოსალოდნელი.

ასევე თეორიულად შესაძლებელია, რომ პროკურორს უკვე გამოცემული ჰქონდეს სხვა ორდერებიც და ეს ინფორმაცია, სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, სენსიტიურობის გამო არ საჯაროვდებოდეს.

ასევე ნახეთ სააკაშვილი ჰააგის სასამართლოზე: სადამდე უნდა ითმინოთ, რომ ამხელა გამარჯვების ავტორი ციხეში ვიჯდე

სპეციალისტები რადიო თავისუფლებას უხსნიან, რომ, ზოგადად, ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოსთვის მიმართვა ქვეყნებისთვის „დელიკატური საკითხია“, რადგან არ არის გამორიცხული, რომ დამნაშავეთა შორის მათივე მოქალაქე აღმოჩნდეს. საქმე ის არის, რომ ICC-ი ადგენს არა მტყუან-მართალს ქვეყნებს შორის, არამედ იძიებს ომის დროს კონკრეტული პირების მიერ ჩადენილ დანაშაულებს და, შესაბამისად, შესაძლებელია, რომ ასეთი პირები კონფლიქტის ყველა მხარეს აღმოაჩინოს.

ასეთი ალბათობა საქართველოს შემთხვევაშიც არსებობდა. ოპოზიცია ხშირად ადანაშაულებდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას იმაშიც, რომ მას, ჰააგის სასამართლოს გამოყენებით, წინა ხელისუფლების წარმომადგენლებისა და სამხედროების დასჯა სურდა. ხელისუფლება ამას ყოველთვის სიცრუეს უწოდებდა. ამ საკითხზე კამათმა და დაპირისპირებამ მხარეებს შორის 11 მარტსაც იჩინა თავი.

ასევე ნახეთ რას შეცვლის საქართველოსთვის მოსკოვის მიერ ჰააგის სასამართლოს საბოლოო უარყოფა

რუსეთი რომის სტატუტის წევრი არ არის. ვლადიმირ პუტინის განკარგულების საფუძველზე, 2016 წლის 16 ნოემბერს რუსეთი საბოლოოდ გაემიჯნა რომის სტატუტს, ანუ უკან გაიწვია (2000 წლის 13 სექტემბრით დათარიღებული) თავისი ხელმოწერაც და ამით საბოლოოდ უარყო ჰააგის ტრიბუნალის სამართალი.

მაშინ ეს სვლა ბევრმა 2014 წელს უკრაინის ოკუპაციასთან დაკავშირებულ მოვლენებს დაუკავშირა, რადგან ჰააგის სასამართლოს მაშინდელმა პროკურორმა, ფატუ ბენსუდამ ყირიმის ანექსია რუსეთ-უკრაინის ომს გაუთანაბრა. თუმცა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 2016 წლის ნოემბერში გამოქვეყნებულ განცხადებაში მოხსენიებული იყო საქართველო და არა უკრაინა.

„შეუძლებელია რუსეთს არ აწუხებდეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დამოკიდებულება 2008 წლის აგვისტოს მოვლენებისადმი. მშვიდობიან ცხინვალზე სააკაშვილის რეჟიმის თავდასხმისა და რუსი მშვიდობისმყოფელების დახოცვის ფონზე სასამართლოს ბრალდება მიმართული იყო სამხრეთ ოსეთის მებრძოლებისა და რუსეთის სამხედრო მოსამსახურეების წინააღმდეგ, ხოლო ქართველი თანამდებობის პირთა მოქმედებებისა და ბრძანებების გამოძიება მიზანმიმართულად არის მიშვებული ქართული მართლმსაჯულების ნებაზე და რჩება ჰააგის სასამართლოს ყურადღების მიღმა. მოვლენათა ასეთი განვითარება ყველაფერზე მეტყველებს. ასეთ პირობებში ძნელია ილაპარაკო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიმართ ნდობაზე“.

10 მარტს ICC-ის პროკურორმა განაცხადა, რომ მისმა ოფისმა საქართველოში აღრიცხულის მსგავსი ფაქტები გამოავლინა „უკრაინის ვითარების“ წინასწარი გამოძიების დროსაც. „ღრმად შეშფოთებული ვარ დღეს უკრაინაში მიმდინარე დაპირისპირების ფონზე სავარაუდოდ ჩადენილი საერთაშორისო დანაშაულების გამო“, - განაცხადა კარიმ ხანმა.