რუსეთ-საქართველოს ომის საქმეზე გამოძიება აქტიურ ფაზაშია და არ არის გამორიცხული, რომ საქმეზე კონკრეტული შედეგები ჰააგის სასამართლოს პროკურორის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე დადგეს, - ამის შესახებ განაცხადა ჰააგის სასამართლოს პროკურორმა ფატუ ბენსუდამ, საქართველოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან შეხვედრაზე. ფატუ ბენსუდას უფლებამოსილების ვადა 2020 წლის ბოლოს ეწურება.
ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ფატუ ბენსუდას ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრი სახელმწიფოების ასამბლეის რიგით მე-18 სესიის ფარგლებში შეხვდა.
შეხვედრაზე იუსტიციის მინისტრმა რუსეთ-საქართველოს ომის გამოძიების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს მოსახლეობა, რომელიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ეთნიკური წმენდის, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი და ომის დანაშაულების მსხვერპლი გახდა, გამოძიებიდან ელოდება კონკრეტულ შედეგებს, რათა აღსრულდეს მართლმსაჯულება. ასევე, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მხარეებს შორის თანამშრომლობა ძალიან მაღალ დონეზე ხორციელდება.
2016 წლის 27 იანვარს, ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს (ICC) წინასასამართლო პალატამ ჩათვალა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის წინ, მიმდინარეობისას და შემდეგ შესაძლოა მომხდარიყო ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულები.
ეს წინაპირობა საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ წინასასამართლო პალატის სამ მოსამართლეს პროკურორ ფატუ ბენსუდასთვის დაერთო ნება, დაეწყო რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომში ჩადენილი დანაშაულების გამოძიება.
ჰააგის სასამართლომ შესასწავლად 2008 წლის 1 ივლისიდან 10 ოქტომბრამდე პერიოდი განსაზღვრა. ეს მონაკვეთი, სავარაუდოდ, მსხვერპლთა ისტორიებს ემთხვევა.