უმეტესობა ხედავს, რომ რუსეთის „უძლეველმა არმიამ“ დასახულ მიზნებს ვერ მიაღწია, მიუხედავად იმისა, რომ 13 დღეა გრძელდება უკრაინის ქალაქების დაბომბვა და იღუპებიან არა მხოლოდ სამხედროები ორივე მხარეს, არამედ უკრაინის მშვიდობიანი მოქალაქეები, მათ შორის - ბავშვები.
უკრაინის პრეზიდენტი ყოველდღე, რამდენიმე, გამამხნევებელ, ემოციურ მიმართვას ავრცელებს, რომლის ადრესატები არა მხოლოდ უკრაინელები, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობა და ხან რუსეთიცაა. ვოლოდიმირ ზელენსკი, მისი გარემოცვა, უკრაინელი სამხედროები ამბობენ, რომ ბოლომდე იბრძოლებენ და გაიმარჯვებენ.
დღითი დღე სუსტდება ოპტიმიზმი კრემლის მეხოტბე ექსპერტების განცხადებებში.
- რა ვერ გათვალა რუსეთის არმიამ უკრაინაზე თავდასხმამდე და უშუალოდ ომში?
- რისი იმედი აქვს რუსეთს?
- რა ასაზრდოებს უკრაინელების ოპტიმიზმს?
8 მარტს, ომის მე-13 დღეს, უკრაინაში სურათი თითქმის უცვლელია - რუსეთის არმიამ, ინტენსიური დაბომბვის მიუხედავად, ვერ მოახერხა აეღო სამიზნე ქალაქები - კიევი, ხარკოვი, ჩერნიგოვი, სუმი, მარიუპოლი თუ ნიკოლაევი. ხოლო, მაგალითად, ქალაქ ხერსონში შესულ რუს ჯარისკაცებს ადგილობრივები ყოველდღე მიტინგებს უწყობენ და დასდევენ შეძახილებით - „ხერსონი უკრაინაა“, „გაეთრიეთ“.
ძველებურად ამაყად და დამაჯერებლად აღარ გამოიყურებიან კრემლისტურ მედიებში შეკრებილი ექსპერტები. მაგალითად, კრემლის პროპაგანდისტ ჟურნალისტს, ვლადიმირ სოლოვიოვს, რომელსაც ორი მრავალმილიონიანი ვილა „დაუპატიმრეს“ იტალიაში, დამაიმედებელს ვეღარაფერს ეუბნება მისი რჩეული სამხედრო ექსპერტი - იაკობ კედმი.
„გაუგებარია, უარი თქვეს თავდაპირველ მიზნებზე?! ძალიან დუნედ მიდის პროცესი. არ არის სერიოზული ცვლილებები. ვხედავთ მხოლოდ უბრალო ბრძოლებს ამა თუ იმ პუნქტისთვის... რამდენიმე დღის წინ იყო შეტევა შავი ზღვიდან და რა მერე?!... რაც კიევის გარშემო ხდება, ასეთი ტემპებით, არ ვიცი, როდის რა იქნება... მე არ მიყვარს პოზიციური ომები, ეს ნიშნავს ან ჩიხს ძალთა თანაფარდობაში, ანდა მიზნების ცვლილებას. ეს ომი დღეს პოზიციურია... არცერთი ქალაქი არ აუღიათ. ერთი ხერსონი და ისიც ისე რაა...“, - უთხრა კედმიმ 8 მარტს სოლოვიოვს, რომელსაც სახეზე ეტყობოდა სანქციების კვალი.
ორი დღის წინ, კედმი ჯერ კიდევ იმის შესახებ ლაპარაკობდა, რომ, უკრაინისთვის „კისრის მოგრეხის“ შემდეგ, კრემლს პირდაპირ ნატოსა და ამერიკისკენ უნდა გაელაშქრა და შესაძლოა - ბირთვული იარაღითაც.
ასევე ნახეთ ზელენსკი ამბობს, რომ მზადაა დიალოგისთვის, მაგრამ არა კაპიტულაციისთვისიაკობ კედმი, რომელიც თავიდან ომის რამდენიმე დღეში დამთავრებას წინასწარმეტყველებდა, ახლა ამბობს, რომ „თუკი არ არსებობდა ქალაქების აღების დამუშავებული ტაქტიკა, სურვილი და განზრახვა, მაშინ უსარგებლო იყო ამ ოპერაციის [ომის] დაწყება“.
სამხედრო ექსპერტი ცდილობდა ეთერიდან ეკარნახა კრემლისთვის, რომ საჭირო იყო ქალაქებში შესვლა, ადგილობრივი ხელისუფლების ჩანაცვლება კრემლის კანდიდატებით და, ასევე, საჭირო იყო, სხვადასხვა ადგილას ალყაში მოქცეული უკრაინელი ჯარისკაცების ამოხოცვა.
ასევე ნახეთ პუტინი 8 მარტს ქალებს დაჰპირდა, რომ ახალწვეულებს ომში არ წაიყვანსრა ვერ გათვალა პუტინმა? რატომ აღმოჩნდა „რუსეთის უძლეველი“ არმია ასეთ მდგომარეობაში?
მცდარი წარმოდგენები
უკრაინელი პოლიტოლოგი, „თავისუფალი ყირიმის“ დამფუძნებელი, ტარას ბერეზოვეცი ამბობს, რომ პუტინი უკრაინის არმიის შესაძლებლობებს ძალიან მოძველებული საზომებით მიუდგა.
„პუტინის მთავარი შეცდომა ის არის, რომ არ გაითვალისწინა უკრაინის არმიაში გატარებული რეფორმები და ეგონა, რომ შეტაკება მოუწევდა 2014 წლის დროინდელ არმიასთან. მას კი შერჩა 2022 წლის მოდელის უკრაინული არმია... ჯერ კიდევ ომამდე ვამბობდი, რომ პუტინს არანაირი შანსი არ ექნებოდა უკრაინასთან ომში, მე-20 საუკუნის მეთოდების გამოყენებით... უკრაინის მომზადების და მოტივაციის გათვალისწინებით, „ბლიცკრიგის“ იდეა თავიდანვე განწირული იყო“, - ამბობს ბერეზოვეცი.
ანალიტიკოსის აზრით, რუსებს არც ის წარმოედგინათ, რომ უკრაინის არმია ასე კარგად იქნებოდა შეიარაღებული თანამედროვე დასავლური იარაღით და ასე კარგად გამოიყენებდა ამ იარაღს.
ასევე ნახეთ უკრაინელი ქალების მარტი - პუტინი შეცდა, ამ ომში ქალებიც იბრძვიანრუსი სამხედრო ანალიტიკოსებისა და ბლოგერების შეფასებით, კორუმპირებულმა სამხედრო მაღალჩინოსნებმა დააჯერეს პუტინი, რომ რუსეთის არმია უახლესი საშუალებებით არის აღჭურვილი, უბრალოდ - უძლეველია და მას „მთელი მსოფლიოც ვერაფერს დააკლებს“. სინამდვილეში კი, ის „ჟანგიანი და შიგნიდან გამოღრღნილი აღმოჩნდა“.
რუსეთის ერთადერთ უპირატესობად ამ ეტაპამდე სამხედრო ავიაცია რჩება, რამაც ბევრი მშვიდობიანი ადამიანის, მათ შორის - ქალებისა და ბავშვების სიცოცხლეც შეიწირა. კიევი ამ დრომდე უშედეგოდ ითხოვს, რომ საერთაშორისო პარტნიორებმა ჩაკეტონ ცა რუსული თვითმფრინავებისთვის. უარის მიზეზი ნატოს წევრებმა იმით ახსნეს, რომ ასეთ შემთხვევაში სამხედრო კონფლიქტში ჩაბმა მოუწევდათ.
ასევე ნახეთ წავა რუსეთი მობილიზაციაზე ან ბირთვულ ომზე?კიევს იმედი აქვს, რომ მოკავშირეები დაპირებულ სამხედრო თვითმფრინავებს მიაწვდიან. ამ პირობის შესრულებისთვის განსაკუთრებით აქტიურობს აშშ.
მითის დამსხვრევა
უკრაინული მხარე აცხადებს, რომ უკვე, სულ მცირე, 12 ათასი რუსი სამხედრო გამოასალმა სიცოცხლეს და, 8 მარტის მონაცემებით, მტერს უკვე 48 თვითმფრინავი, 80 სამხედრო ვერტმფრენი და 303 ტანკი გაუნადგურა. უკრაინელი სამხედროები ამბობენ, რომ რუსეთის არმიის ჯარისკაცები, რომლებსაც საჭმელი და საწვავი ელევათ, ნებაყოფლობით ბარდებიან ტყვედ, ანდა გარბიან და ტყეებს აფარებენ თავს.
პრეზიდენტ ზელენსკის აპარატი იუწყება, რომ უკრაინელმა სამხედროებმა მოახერხეს 30-40-ათასიან ჯგუფებად დაქსაქსული რუსული არმიის გმირულად შეკავება.
უფუნქციო ხერგილად იქცა კიევის მიმართულებით ნელი სვლით მიმავალი სამხედრო ავტომობილების 60-კილომეტრიანი კოლონა, რომელიც, თითქოს, თავიდან შიშის ზარს სცემდა საერთაშორისო ექსპერტებსაც.
თუმცა ექსპერტები დღეს ამბობენ, რომ კოლონა უკვე სრულიად გაჩერებულია; ხოლო მიზეზი ახსნილია შემდეგნაირად: სამხედრო მანქანები ორმწკრივად მოძრაობდნენ ვიწრო გზაზე და გაჭირდა გვერდის ავლა, როცა რამდენიმე მათგანი, საწვავის გამოლევისა თუ მწყობრიდან გამოსვლის გამო, გაჩერდა.
ერთადერთ პრობლემას ახლა ეს კოლონა ქმნის მხოლოდ იმ მხრივ, რომ ჩახერგილია გზა კიევის ჩრდილოეთით და შესაძლოა, ვთქვათ, მომარაგების პროცესს შეუშალოს ხელი.
„ადამიანებო მთელ მსოფლიოში, ნუ გეშინიათ. მიბაძეთ უკრაინას. უკრაინამ სრულად დაანგრია მითი რუსეთის სამხედრო ძლევამოსილების შესახებ, რომელმაც შეაშინა მსოფლიო... მაგრამ არა ჩვენ. ჩვენ ვიბრძოლებთ და გავიმარჯვებთ. მოვუწოდებ ყველას, ვაჩვენოთ, რომ თავისუფალ მსოფლიოს არ ეშინია ბუნკერში დამალული ტირანის [პუტინის]“, - დაწერა 8 მარტს ტვიტერზე უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა.
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსი მრჩეველი ალექსი არისტოვიჩი, „ФейгинLIVE“-ში საუბრის დროს, დარწმუნებით აღნიშნავს, რომ უკრაინა რუსეთის არმიაზე „აბსოლუტურ, კლასიკურ გამარჯვებას“ მოიპოვებს. მისი ინფორმაციით, შეიარაღების მარაგები სწრაფად ივსება და უკრაინის მხარე მოწინააღმდეგეს რიცხობრივადაც აღემატება.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, უკრაინის არმიას ბოლო დღეებში 16 ათასი მოხალისე შეემატა და მათ შორის - 3 ათასი მებრძოლი აშშ-დან.
უკრაინის შეიარაღებულ ძალებში შენიშნეს წინაპირობები, რომ ბელარუსის არმია შესაძლოა, რუსეთის დასახმარებლად, ომში ჩასართავად ემზადებოდეს. თუმცა ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ბელარუსის არმიის საბრძოლო გამოცდილება მხოლოდ „ლუკაშენკას წინააღმდეგ მიმართული მიტინგების დაშლით შემოიფარგლება“ და, ამასთან, შეუძლებელია ბელარუსებს ჰქონდეთ ამაღლებული მოტივაცია უკრაინელებთან საბრძოლველად.
ჟურნალისტი დმიტრი გორდონი მიმართავს სირიელებს, რომ არ ჩაერთონ ომში რუსეთის მხარდასაჭერად და არ წამოეგონ კრემლის ცრუ დაპირებებს გარდაუვალი სიკვდილის სანაცვლოდ. გორდონი აღნიშნავს, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით, რუსეთი სირიელებს თვეში 1600 დოლარსა და უკრაინელი ქალების უფასო სექსმომსახურებას ჰპირდება.
ყვავილების ნაცვლად ტყვიებით
Conflict Intelligence Team-ის წარმომადგენელი, რუსლან ლევიევი „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ ეუბნება, რომ რუსეთის არმიას არა აქვს მოტივაცია, რადგან ისინი არ იყვნენ მზად ომისთვის.
„ისინი მზად იყვნენ წვრთნებისთვის და ელოდნენ, რომ 20 თებერვალს სახლში დაბრუნდებოდნენ. ამასთან, ვიდრე ისინი საზღვართან იდგნენ, უკვე ჰქონდათ მომარაგების პრობლემა. მათი უმრავლესობა უბრალოდ მშიერი იყო და საშინელ პირობებში უწევდა ცხოვრება - ზოგი სპორტულ დარბაზებში და ზოგიც - ქუჩაში გაშლილ კარვებში. ამან დამატებით მოახდინა მათი დემოტივირება“, - ამბობს ლევიევი.
მისივე ინფორმაციით, რუსეთის არმიაში მრავლად არიან 18-19 წლის ახალგაზრდები, საბრძოლო გამოცდილების არმქონენი, რომლებსაც სავალდებილო სამხედრო სამსახურში ყოფნის დროს, ომამდე ცოტა ხნით ადრე, შესთავაზეს დროებითი კონტრაქტები - თითქოსდა ფასიან წვრთნებზე გასაგზავნად. ახალგაზრდები მოტყუვდნენ. რეალურად კი, ისინი, თავიანთი გამოცდილებით, არაფრით განსხვავდებიან ჩვეულებრივი წვევამდელებისგან.
ექსპერტები ამბობენ, რომ რუსეთის არმიისთვის მთავარი შოკი იყო, როცა მათ „უკრაინაში არა ყვავილებით, არამედ ტყვიებით დახვდნენ“. ტყვედ ჩავარდნილი რუსი ჯარისკაცები არაერთ ვიდეოში ჰყვებიან, რომ მეთაურები მათ სრულიად საწინააღმდეგო სურათს უხატავდნენ და ეგონათ, რომ მოხდებოდა ის, რაც 2014 წელს ლუგანსკსა და დონეცკში მოხდა.
არ გამართლდა არც მოსკოვის ბოლო მოლოდინი, რომ სიხარულით შეხვდებოდნენ ხარკოვში მაინც, სადაც რუსულენოვანი მოსახლეობის საგრძნობი სიმრავლე იყო. მანამდე, უპასუხოდ დარჩა პუტინის მიმართვაც უკრაინელი სამხედროებისთვის, ომის პირველ დღეებში, რომ მოეწყოთ სამხედრო გადატრიალება და მოსკოვი მათთან გამონახავდა საერთო ენას.
კრემლისტურ მედიასაშუალებებში ხშირად ისმის შეკითხვა - რა დრო დასჭირდება იმას, რომ რუსეთმა მტრულად განწყობილი უკრაინელების „ტვინები გაასუფთაოს“ და მათ ტერიტორიაზე საკუთარი რეჟიმი დაამყაროს?.
ამ შეკითხვებზე დამოუკიდებელი ანალიტიკოსების პასუხია - არასდროს. ისინი დარწმუნებული არიან, რომ რუსეთი ვერ შეძლებს უკრაინაში „კრემლის ადამიანის გამეფებას“ და კრემლმა ზელენსკის ხელისუფლების განადგურებაც რომ მოახერხოს, უკრაინაში პარტიზანული ომი არასოდეს ჩაცხრება.