უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტელეკომპანია ABC-სთან ინტერვიუში კითხვაზე, აპირებს თუ არა უკრაინა კონსტიტუციის გადახედვას და ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმას, ყირიმის რუსეთის ტერიტორიად და დონბასის ორი სეპარატისტული რეგიონის "დამოუკიდებლობის აღიარებას", უპასუხა, რომ „არ აპირებს კაპიტულაციას“.
ინტერვიუში ზელენსკის ხმას ინგლისურენოვანი თარჯიმნის ხმა ფარავს, ჩანაწერიდან შეუძლებელია პასუხის ორიგინალური ვერსის გარჩევა, თარგმანის მიხედვით, პასუხი ასეთია.
„უპირველეს ყოვლისა, მე დიალოგისთვის ვარ მზად, ჩვენ კაპიტულაციისთვის არ ვართ მზად, ეს ჩემზე არაა, ეს ხალხზეა, ვინც მე ამირჩია.
რაც შეეხება ნატოს, მე ამ თემაზე გავანელე საუბარი დიდ ხნის წინ, მას შემდეგ, რაც მივხვდით, რომ ნატო არ არის მზად უკრაინის გასაწევრიანებლად. ალიანსი უფრთხის კონტრავერსიულ საკითხებს და რუსეთთან კონფრონტაციას, ჩვენ არ ვიქნებით ქვეყანა, ვინც მუხლმოდრეკილი ითხოვს, მე არ ვიქნები ასეთი პრეზიდენტი“, - ამბობს ზელენსკი.
რაც შეეხება დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "აღიარებას", ზელენსკი უპასუხებს:
„მე უსაფრთხოების გარანტიებზე ვსაუბრობ, ვფიქრობ დროებით ოკუპირებული ტერიტორიების და არაღიარებული რესპუბლიკების (რუსეთის გარდა, ისინი არავის უღიარებია) საკითხი, ეს ფსევდორესპუბლიკები, ჩვენ უნდა გავიხილოთ და ვიპოვოთ კომპრომისი იმის შესახებ, როგორ იცხოვრებენ ეს ტერიტორიები. ჩემთვის მნიშვნელოვანია, როგორ იცხოვრებს ხალხი ამ ტერიტორიებზე, ვისაც სურს იყოს უკრაინის ნაწილი, ვინ იტყვის უკრაინაში, რომ სურთ მათი მიღება? ამდენად საკითხი გაცილებით რთულია, ვიდრე უბრალოდ მათი აღიარება, ეს მორიგი ულტიმატუმია. მაგრამ ჩვენ ულტიმატუმების მისაღებად არ ვართ მზად. ის რაც უნდა გაკეთდეს - პრეზიდენტმა პუტინმა უნდა დაიწყოს საუბარი, დაიწყოს დიალოგი, ნაცვლად უჟანგბადო საინფორმაციო ბუშტში ცხოვრებისა“, - ამბობს ზელენსკი.
რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვლიდან აწარმოებს სამხედრო მოქმედებებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი. პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია".
რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. ლტოლვილად იქცა 1.5 მილიონზე მეტი.