ამ გამოცდის მიმართ ოსურ საზოგადოებაში განსხვავებული დამოკიდებულებაა. კანდიდატები მიუთითებენ, რომ ისინი არათანაბარ პირობებში არიან, ადგილობრივი დამკვირვებლები კი საგამოცდო პროცედურების გაუმჭვირვალობაზე საუბრობენ.
ე.წ. საპრეზიდენტო კანდიდატის საბოლოო რეგისტრაციამდე დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტობის მსურველებმა ჯერ საინიციატივო ჯგუფები შექმნეს და კრებები ჩაატარეს. შემდეგ 3500-კაციანი მხარდამჭერთა სიები წარადგინეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. 15 მარტამდე ამ სიებს გადაამოწმებენ. ახლა გამოცდა უნდა ჩააბარონ, შემდეგ მათ ნამუშევრებს შეამოწმებენ და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება მათი საბოლოო რეგისტრაცია. ადგილობრივი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ე.წ. საპრეზიდენტო მარათონს რამდენიმე მსურველი უკვე გამოეთიშა და კიდევ არაერთი მათგანი დარჩება არჩევნების მიღმა, რადგან საგამოცდო კომისია ბიბილოვის ხალხითაა დაკომპლექტებული.
გამოცდებს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სახელმწიფო უნივერსიტეტის 6 პედაგოგი ჩაატარებს. კომისიაში რუსული და ოსური ენების სპეციალისტები შედიან. კომისიას ხელმძღვანელობს პროფესორი ზოია ბიტართი.
ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატები ან მათი წარმომადგენლები კომისიის წევრებს შეხვდნენ. ერთ-ერთმა ე.წ. კანდიდატმა დავით სანაკოევმა „ეხო კავკაზასთან“ ინტერვიუში თქვა, რომ გამოცდების გამჭვირვალობა სერიოზულ კითხვის ნიშნებს აჩენს.
„მე შევთავაზე, რომ ყველა კანდიდატმა ერთსა და იმავე ოთახში დაწეროს კარნახი ერთდროულად და ერთად ჩააბაროს ზეპირი გამოცდაც - ისე, რომ ყველა თანაბარ პოზიციაში იყოს. ჩემს წინადადებას მხარი თორმეტმა კანდიდატმა დაუჭირა, სამი კი წინააღმდეგი იყო: ვლადიმერ ფუხაევი, ზელიმ კაზიევი და ანატოლი ბიბილოვის წარმომადგენელი პიოტრ გასიევი. მას შემდეგ, რაც არ დათანხმდნენ, ყველა ისევ ცალ-ცალკე გამოცდებს დაუბრუნდა, თუმცა ამ შემთხვევაში პირობები თანაბარი აღარ არის. ეს კომისიის წევრებმაც კი აღიარეს. ავიღოთ, მაგალითად, ის ფაქტი, რომ ვიღაცას დილით მოუწევს კარნახის დაწერა, ვიღაცას კი საღამოს“.
მე დავწერე ჩემს ხელთ არსებული ინფორმაცია მზაკვრული სქემების შემუშავების შესახებ, რათა მათთვის (ხელისუფლებისთვის) არასასურველი და ხალხში ავტორიტეტული კანდიდატები მარათონს ჩამოაშორონ...რობერტ გარდი
გამოცდები დილის ათიდან საღამოს ათ საათამდე ჩატარდება და კანდიდატებს სათითაოდ, მთელი დღის განმავლობაში მიიწვევენ. თითოეულს ორი საათი ექნება გამოცდისთვის. ამ დროის განმავლობაში ე.წ. კანდიდატმა უნდა დაწეროს ორი კარნახი ოსურ და რუსულ ენებზე (თითო დაახლოებით 220-230 სიტყვა) და ამ დროში გაიაროს კომისიასთან ზეპირი გასაუბრებაც. ე.წ. კანდიდატს რვა შეცდომაზე მეტის დაშვების უფლება არა აქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში მას არჩევნებიდან მოხსნიან.
ოსურ საზოგადოებაში ბევრი აღნიშნავს, რომ პროცედურა საკმარისად გამჭვირვალე არ არის. თეორიულად შესაძლებელია, რომ კომისია დაეხმაროს ერთ-ერთ კანდიდატს. ეს თემა ახლა აქტიურად განიხილება სოციალურ ქსელში. ბლოგერმა რობერტ გარდმა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე ამ გამოცდებს სამარცხვინო უწოდა.
„... მე დავწერე ჩემს ხელთ არსებული ინფორმაცია მზაკვრული სქემების შემუშავების შესახებ, რათა მათთვის (ხელისუფლებისთვის) არასასურველი და ხალხში ავტორიტეტული კანდიდატები მარათონს ჩამოაშორონ, ეს ყველაფერი, ფაქტობრივად, აზარტული თამაშია და ჩვენთვის ცნობილი მხოლოდ ერთი კანდიდატის (ბიბილოვის) ინტერესებს ატარებს, რომელსაც აქვს ქვეყანაში ყველა ადმინისტრაციული რესურსი“.
ასევე ნახეთ ედუარდ კოკოითის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტობა ისევ სურს
დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის ე.წ. ყოფილი დეპუტატი, მოძრაობა „ალანია-რუსეთის კავშირის“ თანათავმჯდომარე როლანდ ქელეხსაევი ამბობს, რომ ბევრი ამ გამოცდებს ფარსს უწოდებს სწორედ იმიტომ, რომ ისინი არ არის გამჭვირვალე:
„გამოცდა საპრეზიდენტო არჩევნების ნაწილია. ყველაფერი, რაც კანდიდატის ბედს ეხება, დაკვირვებადი უნდა იყოს. მაგალითად, ხმების დათვლა საარჩევნო უბანზე, როდესაც კანდიდატების წარმომადგენლები დგანან და საარჩევნო კომისიის წევრებთან ერთად ითვლიან ბიულეტენებს. აქ კი, თითქოს იგივე ამბავია - გამოცდა, რომლის შედეგების მიხედვითაც შესაძლებელია კანდიდატის მოხსნა, მაგრამ რატომ არ არის აქ კონტროლი და გამჭვირვალობა? ეს საეჭვო მოვლენაა. სად არის გარანტია, რომ ერთ-ერთ კანდიდატს არ დაეხმარებიან ან არ მიეცემა ნაწარმოების გადაწერის შესაძლებლობა? როგორ დავრწმუნდეთ, რომ კანდიდატები წერენ ერთი და იმავე სირთულის კარნახებს? არ მინდა, ეჭვით ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ საკითხის ფასი ძალიან მაღალია, რომ სიტყვაზე ვენდოთ. აუცილებელია ან გაუქმდეს ეს ლინგვისტური კომისია, ან უზრუნველყოფილი იყოს კანდიდატების დამკვირვებლებისგან გამოცდის გამჭვირვალობის კონტროლი“.
ტექნიკურ კანდიდატებს, ბიბილოვის ინტერესების გამტარებლებს დატოვებენ ე.წ. დემოკრატიის ფასადისთვის, დანარჩენ კონკურენტებს კი ჩამოიშორებენ. ნებისმიერ კარნახში ადვილია შეცდომების პოვნა, თუ ამას მოინდომებენ. ასე რომ, გაყალბება უკვე დაწყებულია...
როლანდ ქელეხსაევის თქმით, ოსურ პატარა საზოგადოებაში ადამიანებს აქვთ წარმოდგენა კანდიდატების ზოგადი განათლებისა და წიგნიერების დონეზე, ასე რომ, თუ კომისიის შეფასებები განსხვავებული იქნება ამ მოსაზრებებისგან, მაშინ ე.წ. ჩაჭრილი კანდიდატები კომისიას არ დაეთანხმებიან და მოედანზე გავლენ გასაპროტესტებლად.
რადიო თავისუფლების ცხინვალელი წყარო, სამოქალაქო აქტივისტი, მიიჩნევს, რომ ბიბილოვმა არჩევნების გაყალბება უკვე დაიწყო და ლინგვისტური კომისიის მეშვეობით ის მთავარ კონკურენტებს მოიშორებს.
„ტექნიკურ კანდიდატებს, ბიბილოვის ინტერესების გამტარებლებს დატოვებენ ე.წ. დემოკრატიის ფასადისთვის, დანარჩენ კონკურენტებს კი ჩამოიშორებენ. ნებისმიერ კარნახში ადვილია შეცდომების პოვნა, თუ ამას მოინდომებენ. ასე რომ, გაყალბება უკვე დაწყებულია. აგერ, ედუარდ კოკოითი (ყოფილი ე.წ. პრეზიდენტი) საერთოდ არ დაარეგისტრირეს და ის ახლა სასამართლოში დადის, თუმცა მისი პრეზიდენტობის დროს არის საცხოვრებელი ცენზი შემოღებული. სოციალურ ქსელებში უკვე იწერება, რომ ბიბილოვს ძალიან დაბალი რეიტინგი აქვს და ის არჩევნების ჩაშლაზეც წავა, რადგან ახლა რუსეთს ჩვენთვის არ სცალია. საზოგადოება და კანდიდატების მხარდამჭერები ითხოვენ, რომ გამოცდები გაუქმდეს. 15 მარტამდე აქ ქაოსი დაიწყება, თუ მათი კანდიდატი გამოცდებზე ჩაიჭრება. ასე რომ, რთული დღეები გვაქვს წინ“.
დე ფაქტო რესპუბლიკაში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 10 აპრილს გაიმართება. ე.წ. კანდიდატების რეგისტრაციის საკითხი კი ლინგვისტური გამოცდის შემდეგ გადაწყდება.