Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანატოლი ბიბილოვი ე.წ. პრეზიდენტობისთვის ხელმეორედ იბრძოლებს


პარტია „ედინაია ოსეტიამ“, ცხინვალში გამართულ ყრილობაზე, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ვადით ასარჩევად ანატოლი ბიბილოვის კანდიდატურა წამოაყენა.

სააგენტო „რეს“-ის თანახმად, ყრილობა კინოსაკონცერტო დარბაზში ჩატარდა და 300 დელეგატი ესწრებოდა. ბიბილოვის კანდიდატურას 297 დელეგატმა დაუჭირა მხარი. 1 წინააღმდეგი იყო, 2 ბიულეტენი კი გაბათილდა.

"რეს"-ის ცნობით, ყრილობის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს დელეგაციებმა რუსეთიდან, პარტია „ედინაია როსიას“ გენერალური საბჭოს მდივნის, ანდრეი ტურჩაკის ხელმძღვანელობით; ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკა - ალანიას დელეგაციას პარტია „ედინაია როსიას“ უმაღლესი საბჭოს წევრი, სერგეი მენიაილო ხელმძღვანელობდა; ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის (ДНР) დელეგაციას ე.წ. პრეზიდენტი დენის პუშილინი ედგა სათავეში, ხოლო ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის (ЛНР) დელეგაციას, ე.წ. ეროვნული საბჭოს დეპუტატი - დენის კოლესნიკოვი.

ბიბილოვის კანდიდატურას მხარი დაუჭირა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პირველმა ე.წ. პრეზიდენტმა ლუდვიგ ჩიბიროვმაც.

სიტყვით გამოსვლისას ბიბილოვმა განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკა „დემოკრატიული სახელმწიფოს რანგში განაგრძობს განვითარებას“. მანვე დასძინა, რომ დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების ერთ-ერთ მიმართულებად რჩება „საქართველოს მხრიდან რევანშისტული მისწრაფებების მიმართ წინააღმდეგობა“.

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებამ სასაზღვრო ზონაში არაერთი პროვოკაცია განახორციელა, დაძაბულობის მთავარ პუნქტად იქცა ზნაურის რაიონის სოფელ უისტას მიმდებარე ტერიტორია (წნელისი - რედ.).

ამასთან დაკავშირებით, სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობა იძულებული გახდა გაეძლიერებინა უსაფრთხოების ზომები, ასევე დაეყენებინა დამატებითი პოსტები სოფელ უისტასთან. რესპუბლიკის ხელისუფლების მკაცრმა რეაქციამ შესაძლებელი გახადა საზღვარზე ქართული უშიშროების ძალების შემდგომი პროვოკაციების შეჩერება“, - განაცხადა ბიბილოვმა.

მისი თქმით, ჩაიშალა ქართული „დეოკუპაციის სტრატეგიის“ განხორციელება.

საქართველოს სტრატეგიის საბოლოო მიზანი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის დამყარება იყო. თუმცა რესპუბლიკის ხელმძღვანელობის მტკიცე პოზიციის გამო, ამ სტრატეგიის ვერცერთი პუნქტი ვერ განხორციელდა. ქართული მხარე თავად აღიარებს წაგებას და მას 2008 წლის აგვისტოს ომში საქართველოს მარცხთან აიგივებს“, - დასძინა ბიბილოვმა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სოფელ ჩორჩანაში საპოლიციო საგუშაგო 2019 წლის აგვისტოში განათავსა და მის აღებას არ აპირებს, რადგან მიიჩნევს, რომ საგუშაგო საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს და ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოებას იცავს. სოფელ წნელისს ცხინვალში უისტას უწოდებენ და ზნაურის რაიონში მდებარეობს.

რუსეთ-საქართველოს ომი დაიწყო 2008 წლის 8 აგვისტოს და რამდენიმე დღე გასტანა, რის შედეგადაც საქართველოს ტერიტორიის ნაწილი დღემდე ოკუპირებულია რუსეთის მიერ. აგვისტოს ომს საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე და 14 პოლიციელი შეეწირა. თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, დაღუპულად მიიჩნევა 169 სამხედრო. ომის დროს დაიჭრა 1 747 ადამიანი. საკუთარი სახლი დატოვა თითქმის 150 000-მა ადამიანმა, მათგან დღემდე დევნილობაში რჩება 30 000-მდე ადამიანი.

2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად საქართველომ კონტროლი დაკარგა 189 სოფელზე, მათგან 125 დღემდე რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ქვეშაა.

საქართველოს ორი რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღიარა რუსეთმა და იმავე წლის სექტემბერში - ნიკარაგუამ. 2009 წელს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონები ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარეს ვენესუელამ და ნაურუმ და 2018 წელს - სირიამ. საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობა ჯერ აღიარეს, შემდეგ კი გააუქმეს ვანუატუმ და ტუვალუმ.

ცხინვალში დღესვე ხელი მოეწერა პარტიების „ედინაია ოსეტიასა“ და „ედინაია როსიას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმებას.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს „ედინაია ოსეტიას“ თავმჯდომარემ ალან ტადტაევმა და „ედინაია როსიას“ გენერალური საბჭოს მდივანმა ანდრეი ტურჩაკმა.

ოკუპირებულო სამხრეთ ოსეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 10 აპრილს არის დაგეგმილი. პირველი ვადით ანატოლი ბიბილოვი 2017 წლის აპრილში აირჩიეს დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ პრეზიდენტად.

XS
SM
MD
LG