Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ედუარდ კოკოითის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტობა ისევ სურს


18 თებერვალს საინიციატივო ჯგუფმა ედუარდ კოკოითი დე ფაქტო პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა. წინასაარჩევნო შეხვედრა კოკოითიმ ცხინვალში, კაფე „ჩემპიონთა ლიგის“ ეზოში გაიმართა. მანამდე კოკოითის მხარდამჭერები სასტუმრო „ირისტონის“ შენობაში არ შეუშვეს, სადაც საინიციატივო ჯგუფის შეხვედრა უნდა გამართულიყო. კოკოითის კანდიდატურას მხარი საინიციატივო ჯგუფის ყველა წევრმა დაუჭირა.

დე ფაქტო რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით პირის კანდიდატად დასახელებას კრებაზე 100-მა ადამიანმა უნდა დაუჭიროს მხარი. კოკოითისთან შესახვედრად კი რამდენიმე ასეული მივიდა.

კოკოითის თქმით, მას ესმის, რომ ახლა რეგიონში რთული ვითარებაა და იმაზე რთულიც კი ვიდრე ეს 2008-ში იყო. ე.წ ექსპრეზიდენტმა ჯანსაღი ძალების კონსოლიდაციის, ახალგაზრდების მიგრაციის შეჩერებისა და მოქალაქეების რეგიონში დაბრუნების პირობების შექმნის პირობა დადო. გარდა ამისა, მან თავის მხარდამჭერებს მოუწოდა, მაქსიმალურად კორექტულად მოექცნენ მოქმედ პრეზიდენტს ანატოლი ბიბილოვს და სხვა კანდიდატებს. ედუარდ კოკოითიმ არჩევნებში მონაწილეობა 2017 წელსაც სცადა. თუმცა ის საარჩევნო კომისიამ არ დაარეგისტრირა, რადგან დე ფაქტო რესპუბლიკაში ბოლო 10 წლის განმავლობაში ბინადრობის მოთხოვნას არ აკმაყოფილებდა.

ოსი ექსპერტები აცხადებენ, რომ კოკოითი ამ მოთხოვნას ახლაც ვერ დააკმაყოფილებს და რეგისტრაციაში არ გაატარებენ, თუმცა ის ადგილზე წინასაარჩევნო ტემპერატურას აწევს და ბოლოს ეცდება რომ ოპოზიციურმა კანდიდატმა გაიმარჯვოს.

კოკოითი ოკუპირებულ რეგიონს 2001 წლიდან 2011 წლამდე ხელმძღვანელობდა, მისი ე.წ. პრეზიდენტობის დროს იყო 2008 წლის ომი. მან თანამდებობა 2011 წლის ზამთარში სოციალურ-პოლიტიკური კრიზისის შემდეგ დატოვა.

დე ფაქტო რესპუბლიკის საპრეზიდენტო ამბიცია უკვე დაახლოებით 20-მა კანდიდატმა გამოხატა, მათგან უმრავლესობამ საინიციატივო ჯგუფების კრებები ჩაატარა, ამის შემდეგ მათ მხამდაჭერთა 3500-წევრიანი სია უნდა წარადგინონ, ხოლო საბოლოო რეგისტრაციამდე ოსური ენის გამოცდა უნდა ჩააბარონ. მხოლოდ ამ პროცედურების გავლის შემდეგ ჩაითვლება კანდიდატი რეგისტრირებულად.

XS
SM
MD
LG