„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ილაპარაკა უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების შესახებ. მან თავდაპირველად უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადა, შემდეგ კი გააკრიტიკა მისი ხელისუფლების გადაწყვეტილება საქართველოდან ელჩის გაწვევის შესახებ.
„ეს გადაწყვეტილება არის ალოგიკურთან ერთად სრულიად გაუმართლებელი მრავალი მიზეზის გამო. კერძოდ, საქართველომ ქმედითი ნაბიჯებით გამოხატა უკრაინისადმი პოლიტიკური მხარდაჭერა ყველა შესაბამის პლატფორმაზე - ევროსაბჭოში, გაეროსა და ეუთოში. უკრაინას არ გაუწვევია ელჩები იმ ქვეყნებიდანაც კი, რომლებმაც აღნიშნულ საერთაშორისო ორგანიზაციებში რუსეთის სასარგებლო პოზიცია დააფიქსირეს. მაგალითად, უკრაინას არ გაუწვევია ელჩები იმ ქვეყნებიდან, რომლებმაც რუსეთისთვის ევროსაბჭოს წევრობის სტატუსის შეჩერებას არ დაუჭირეს მხარი ან გაეროს რეზოლუციის თანასპონსორობაზე თქვეს უარი. თუ ელჩის გაწვევის მიზეზი სანქციების არდაწესება იყო, სანქციების დაწესებაზე უარი თქვა არაერთმა ქვეყანამ, მათ შორის, მოლდოვამ, თურქეთმა, სომხეთმა, აზერბაიჯანმა, ისრაელმა და სხვამ, თუმცა უკრაინის ხელისუფლებას ელჩი არცერთი ამ ქვეყნიდან არ გაუწვევია.
თუ ელჩის გაწვევის მიზეზი საქართველოს ხელისუფლების მონაწილეობით მოხალისეების არგაგზავნა იყო, შეგახსენებთ, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება არაერთმა ქვეყანამ მიიღო, მათ შორის, დიდმა ბრიტანეთმა, პოლონეთმა და სხვამ. თუმცა არც ეს გამხდარა უკრაინის ხელისუფლებისთვის ელჩის გაწვევის მიზეზი.
ალოგიკურობის კულმინაცია არის ის, რომ უკრაინის ხელისუფლებას ელჩი დღემდე არ გაუწვევია ბელარუსიდანაც კი, როდესაც რუსეთი აღნიშნული ქვეყნის ტერიტორიას სამხედრო ინტერვენციისთვის იყენებს. აშკარაა ორმაგი სტანდარტი, რომელსაც ბუნებრივია, თავისი ახსნა უნდა ჰქონდეს. ისიც ალოგიკურია, რომ ომში ჩართული ქვეყნის ხელისუფლების ლიდერებს ერთ-ერთ მთავარ საზრუნავად საქართველოსთან ურთიერთობის გაფუჭება შეიძლება ესახებოდეთ", - აცხადებს კობახიძე.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი პასუხისმგებლობას „ნაციონალურ მოძრაობას“ აკისრებს და კონკრეტულად რამდენიმე ყოფილ თანამდებობის პირს გამოყოფს, რომლებიც უკრაინის ხელისუფლებასთან არიან დაახლოებულნი. გარდა ამისა, კობახიძემ ყურადღება გაამახვილა უკრაინის რადაში პრეზიდენტის ფრაქციის ლიდერ დავით არახამიაზე.
„როგორც გუშინაც განვაცხადეთ, აშკარაა კოორდინირებული მცდელობა საქართველო ჩათრეულ იქნას სამხედრო კონფლიქტში, რასაც ჩვენ არ დავუშვებთ. აღნიშნული მცდელობის კოორდინაცია საქართველოდან ხორციელდება „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ, რომელსაც, როგორც ყველასთვის ცნობილია, მრავლად ჰყავს თავისი წარმომადგენლები უკრაინის ხელისუფლებაში, მათ შორის, პრეზიდენტის უშუალო გარემოცვაშიც. დავით არახამია, პრეზიდენტის ნდობით აღჭურვილი პირი, როგორც მიხეილ სააკაშვილმა თავადაც აღნიშნა, მისი დაფრთიანებულია. უკრაინის ხელისუფლებაში დღემდე საკმაოდ მნიშვნელოვან პოზიციებს იკავებენ ყოფილი გენპროკურორი ზურაბ ადეიშვილი და სხვა ქართველი კრიმინალები. თავად მიხეილ სააკაშვილი დღემდე რჩება რეფორმების საბჭოს ფორმალურ ხელმძღვანელად.
ასეთ პირობებში უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენა, ბუნებრივია, მათ მარტივად შეუძლიათ“, - თქვა მან.
როგორც კობახიძე აღნიშნავს, საქართველოს ხელისუფლება არ აჰყვება „მოღალატეების სცენარს“ და არ ჩართავს ქვეყანას ომში.
მმართველი პარტიის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველო განაგრძობს უკრაინის ხელისუფლებისა და ხალხის ჰუმანიტარულ მხარდაჭერას.
„ჩვენი პოზიცია უკრაინის პოლიტიკურ მხარდაჭერასთან დაკავშირებით იქნება ურყევი“, - დაამატა მან.
1 მარტს, უკრაინაში ომის დაწყების მეექვსე დღეს, უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოდან ელჩი გაიწვია, მათთვის დახმარების მსურველი მოხალისეებისთვის ხელის შეშლისა და სანქციებისადმი გამოხატული პოზიციების გამო.
ასევე ნახეთ უკრაინის საელჩო კიდევ ერთხელ განმარტავს, რატომ გაიწვია ელჩი ზელენსკიმ საქართველოდან28 თებერვალს საქართველოდან ვერ გაფრინდა მოხალისეთა ის ჯგუფი, რომელიც ამბობდა, რომ უკრაინაში ჩასვლა და მეგობარი ქვეყნისთვის დახმარება სურდა.
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიჰალმა "ტვიტერზე", მათ შორის, ქართულ ენაზე გამოაქვეყნა ტექსტი, რომელშიც იმედს გამოთქვამდა, რომ ქართველ მოხალისეებს უკრაინაში ჩასვლა შეეძლებოდათ.
"მამაცი ქართველი ძმები უკრაინის დასახმარებლად აეროპორტში ფრენას ელოდებიან. იმედია, ღარიბაშვილი გამბედაობას გამოიჩენს და ფრენის ნებართვას გასცემს. უკრაინა ამას ელოდება! ევროპა ამას ელოდება", - დაწერა მან.
ასევე ნახეთ უკრაინის პრემიერი: იმედია ღარიბაშვილი გამბედაობას გამოიჩენს და მოხალისეებისთვის გასცემს ფრენის ნებართვას24 თებერვალს რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ძალებით შევიდა და სრულმასშტაბიან საომარ მოქმედებებს ატარებს. რუსეთს შესაჩერებლად აშშ-მ, ევროკავშირმა, კანადამ, დიდმა ბრიტანეთმა და ა.შ. სანქციები დაუწესეს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ "ეროვნული ინტერესებიდან" გამომდინარე, არ აპირებს შეუერთდეს ამ სანქციებს.