რუსი სამხედროები ქალაქ ხერსონის მთლიანად დაკავებას ცდილობენ

ანექსირებული ყირიმიდან ხერსონის ოლქში შესული რუსული ტექნიკა. 2022 წლის 24 თებერვალი.

რუსმა სამხედროებმა უკრაინის ქალაქ ხერსონის შესასვლელებთან ე.წ. ბლოკ-საგუშაგოები განათავსეს. ამის შესახებ ხერსონის მერი იგორ კოლიხაევი იუწყება. ქალაქის მერის თანახმად, რთულია იმის თქმა, როგორ განვითარდება სიტუაცია, მაგრამ ხერსონი იყო და დარჩება უკრაინის ქალაქად.

უკრაინული არხებით ვრცელდება ვიდეო, თანმხლები ინფორმაციით, რომ რუსი სამხედროები, მცირე ჯგუფებად, ხერსონის გარეუბანში ფეხით გადაადგილდებიან.

გვიან ღამით, უკრაინის სპეციალური კავშირის სახელმწიფო სამსახურმა განაცხადა, რომ რუსმა სამხედროებმა ხერსონზე იერიში დაიწყეს. ქალაქი ხერსონი რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის მახლობლად მდებარეობს.

ასევე ნახეთ კიევისკენ დაახლოებით 64 კმ სიგრძის სამხედრო კოლონა მიემართება - CNN

პრეზიდენტ პუტინის განკარგულებით, რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრნენ. პუტინმა "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოაცხადა უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს აწარმოებს სამი მხრიდან - ჩრდილოეთიდან(ბელარუსი), აღმოსავლეთიდან(დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან(ანექსირებული ყირიმი).

უკრაინაზე თავდასხმის გამო, რუსეთის ეკონომიკის, საფინანსო სისტემის, ხელისუფლების და მასთან დაახლოებული პირების წინააღმდეგ სერიოზული სანქციები აამოქმედეს ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა. რუსეთისთვის სანქციებით გამოცხადებული ბრძოლის გარდა, დასავლეთი უკრაინას უწევს ფინანსურ და სამხედრო დახმარებას.

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის მიერ საომარი მოქმედებების დაწყებიდან ხუთ დღეში უკრაინაში დაიღუპა 352 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 16 ბავშვი.

ასევე ნახეთ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო დაიწყებს უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამოძიებას

ომის დაწყებიდან მეხუთე დღეს, უკრაინის და რუსეთის წარმომადგენლებმა ბელარუსის ტერიტორიაზე, უკრაინის საზღვრის მახლობლად გამართეს პირველი მოლაპარაკება, რომელიც კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა.