სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორი აცხადებს, რომ იწყებს გამოძიებას "უკრაინაში მიმდინარე მოვლენებისა", მას შემდეგ, რაც იქ რუსეთი პროვოცირების გარეშე შეიჭრა.
"დღეს მინდა გამოვაცხადო, რომ მივიღე გადაწყვეტილება დაიწყოს გამოძიება უკრაინაში შექმნილი ვითარებისა, რაც შეიძლება სწრაფად", - წერს ICC-ის პროკურორი კარიმ ხანი 28 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში.
ხანის თქმით, გამოძიება შეეხება შესაძლო ომის დანაშაულებს, რომლებიც ჩადენილ იქნა როგორც რუსეთის უკრაინაში გასულ კვირაში შეჭრამდე, ისე მას შემდეგ.
ხანი ამბობს, რომ სასამართლომ უკვე ჩაატარა წინასწარი გამოძიება დანაშაულებისა, რომლებიც უკავშირდება კიევში 2013-2014 წლებში პროევროპული გამოსვლების ძალადობრივ ჩახშობას და დანაშაულებს, რომლებიც ყირიმში იქნა ჩადენილი, მას მერე, რაც მისი ანექსირება რუსეთმა მოახდინა 2014 წელს.
პროკურორი აცხადებს, რომ ბოლო დღეებში კონფლიქტის გაფართოების ფონზე, ის აპირებს უზრუნველყოს, რომ გამოძიება შეეხება კონფლიქტის ყველა მხარის მიერ ჩადენილ დანაშაულებს, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე. ხანის თქმით, არსებობს გონივრული საფუძველი ვარაუდისთვის, რომ უკრაინაში 2014 წლის შემდეგ ჩადენილ იქნა როგორც ომის, ისე კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები.