საქართველოში ოფიციალურ სტრუქტურებს ჯერ არ აქვთ მკაფიო პასუხები კითხვებზე:
- შეიძლება თუ არა, აეკრძალოთ ან შეზღუდვები დაუწესდეთ რუსულ კომპანიებს სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობაზე;
- ფიქრობს თუ არა მთავრობა რუსული და პრორუსული პროპაგანდისტული სატელევიზიო არხების მაუწყებლობის შეზღუდვაზე;
- თავისუფლად შეძლებენ თუ ვერა საქართველოში შემოსვლას, ბიზნესის წარმოებას, უძრავი ქონების შეძენას ან სულაც დასვენებას რუსეთის ის მოქალაქეები, რომლებიც დასავლეთის სანქციებს დაექვემდებარნენ;
- გამოიყენებს საერთაშორისო ბლოკადაში მოქცეული რუსეთი საქართველოს რეექსპორტისთვის?
- გაუწევს თუ არა რაიმე ტიპის სამხედრო დახმარებას უკრაინას საქართველო?
- იგეგმება თუ არა დამატებითი ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნა უკრაინაში?
ყველა ამ კითხვაზე ზოგადი პასუხი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გასცა დღეს 28 თებერვალს, მთავრობის სხდომაზე გაკეთებული განცხადებით. მან თქვა, რომ დღეს ის ხალხი „უკიჟინებს” საქართველოს მთავრობას, ჩაერთოს ომში და დაუწესოს სანქციები რუსეთს, ვინც 2008 წელს ომი ვერ აარიდეს საქართველოს. პრემიერმა იმის ასახსნელად, თუ რატომ არ უერთდება საქართველო სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, თქვა: „ამის [უკრაინაში ომის - რ.თ] შემჩერებელი დღეს არავინ არ არის. ვთქვათ პირდაპირ: სანქციები არ არის ეფექტური საშუალება”.
ასევე ნახეთ ღარიბაშვილი: სააკაშვილი რომ იყოს ხელისუფლებაში, ომი ჯერ აქ დაიწყებოდა, შემდეგ კიევში„რაში ჭირდებოდა ღარიბაშვილს ამ განცხადების გაკეთება? ვიღაცას თავს აწონებს? ვიღაცის წინაშე პოზიციონირებს და ეუბნება, ნუ გეშინიათ, მე აქ ვარ?” - კითხულობს ყოფილი თავდაცვის მინისტრი, თინა ხიდაშელი, რომელიც თვლის, რომ პრობლემა არა იმდენად სანქციებზე უარის თქმა, არამედ საქართველოს ხელისუფლების ზოგადი პოზიციაა - იპოვოს მიზეზები, რატომ არ უჭერს მხარს უკრაინას, იმის ნაცვლად, რომ ეძებოს უფრო ეფექტური და უფრო შესაფერისი გზები საკუთარი და უკრაინის სახელმწიფო ინტერესების დასაცავად.
ირაკლი ღარიბაშვილმა ისიც აღნიშნა, რომ ქართველი მეწარმეებისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი ბაზარია, რომელიც საქართველოსთვის „ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გაიხსნა და ბევრი ქართველის შემოსავალი ამ ქვეყანაზეა დამოკიდებული.
ეს არის ის მონაცემები, რომლებიც პრემიერ-მინისტრმა თავისი სიტყვების გასამყარებლად მოიყვანა:
- 2013-2021 წლებში საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებულია ჯამში 2 მილიარდი დოლარის აგროსასურსათო პროდუქცია. სხვა პროდუქციის ექსპორტი შეადგენს 3 მილიარდ დოლარს.
- ჯამურად ღვინის ექსპორტის ღირებულებამ შეადგინა 865 მილიონი დოლარი.
- ბოლო 5 წელიწადში 3 მილიარდ დოლარზე მეტი მიიღო [საქართველომ რუსეთიდან] და 5 მილიონზე მეტი რუსი ვიზიტორი შემოვიდა.
- 1 მლნ ქართველი თანამოქალაქე ცხოვრობს რუსეთში და ყოველწლიურად საშუალო გადმორიცხვები შეადგენს დაახლოებით 500 მილიონს.
„ჯამურად რომ მოვთვალოთ, ეს გამოდის 10-12 მილიარდზე მეტი ამ ბოლო 8 წელიწადში. ამიტომ მე კითხვას ვსვამ, როდესაც საუბარია სანქციების დაწესებაზე, ამ ყველაფერში ჩართულია თითქმის მთელი მოსახლეობა, რას მთხოვენ, საკუთარ ხალხს დავუწესოთ სანქციები? ეს ვის მოაკლდება, ეს შემოსავალი? მოაკლდება ჩვენს ხალხს, ჩვენს ეკონომიკას. დაიჩაგრება ჩვენი 1 მილიონი თანამოქალაქე, რომელიც ვეღარ გადმორიცხავს. ეს ზედმეტი ემოციები არაფრის მომცემია. პირიქით, ეს არის საზიანო ჩვენი ეროვნული ინტერესების“, - თქვა პრემიერმა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” ანალიტიკოსი, ბესო ნამჩავაძე გვიხსნის, რომ რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება 2013 წლიდან შეუქცევადად იზრდებოდა პანდემიამდე. 2019 წელს რუსეთიდან ფულადი გზავნილებით, ექსპორტით და ტურიზმით დაახლოებით მილიარდ-ნახევარ დოლარზე მეტი შემოვიდა საქართველოში. პანდემიის შემდეგ რუსეთზე საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება დაახლოებით 6%-ია.
იმპორტის მხრივ საყურადღებოა ხორბალი, რომელიც თითქმის სრულად რუსეთიდან შემოდის საქართველოში და ენერგეტიკა, რომელიც ჩანაცვლებადია სხვა ქვეყნებიდან [თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი] შემოტანილი ელექტროენერგიით და გაზით.
„სამწუხაროდ, უფრო რთულად უჩვენებს პრემიერ-მინისტრი საქართველოს რუსეთზე დამოკიდებულებას, ვიდრე ეს რეალურად არის. ეს ცუდია, რუსული პროპაგანდის ნაწილია, რომ ჩვენ რუსეთის გარეშე კატასტროფა დაგვემართება. იმაზე მეტად აშინებს ხალხს რუსეთით, ვიდრე უნდა გვეშინოდეს - ამ შემთხვევაში ვგულისხმობ მხოლოდ ეკონომიკურ ნაწილს. თან სურათი უფრო საშიში რომ გამოჩენილიყო, სპეკულირებდა ციფრებით: უფრო დიდი ციფრები რომ გამოჩენილიყო, წლებს კრეფდა და ამბობდა - 2 მილიარდი, სამი მილიარდი. წელიწადში რუსეთიდან ვიღებთ მილიარდ სამას მილიონს დაახლოებით და საქართველომ სულ რომ არაფერი გააკეთოს, ეს ციფრები მაინც შემცირდება. რუსეთს აღარ ექნება ფული”, - ამბობს ბესო ნამჩავაძე.
ასევე ნახეთ აისახება რუსეთისთვის დაწესებული სანქციები საქართველოზე? - ინტერვიუ გიგა ბედინეიშვილთან28 თებერვალსვე, მთავრობის სხდომის შემდეგ გაირკვა, რომ საქართველო ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ მიიჩნევს რუსეთის ცის დაკეტვას, თუმცა თანახმაა მიიღოს დევნილები უკრაინიდან. დეტალები დევნილების ქვეყანაში შემოსვლის გზებსა და რაოდენობაზე, რომლის მისაღებადაც საქართველო მზადაა, ცნობილი არ არის.
გაეროს აქვს მოლოდინი, რომ უკრაინიდან დევნილების რიცხვი მოვლენების ცუდი სცენარის შემთხვევაში 5 მილიონამდე გაიზრდება. 150 000-ზე მეტმა ადამიანმა უკვე დატოვა ქვეყანა. საქართველოს რუსეთთან პირდაპირი ფრენები არ აქვს, თუმცა არსებობს ჩარტერული რეისების პრაქტიკა.
ასევე ნახეთ მოქალაქეები საქართველოში მყოფ უკრაინელებს ღამის გასათევს და სხვა დახმარებას სთავაზობენეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ცის არჩაკეტვაზე გადაწყვეტილება რეგიონის ინტერესებით ახსნა, რომლებსაც გაურთულდებათ რუსეთთან კავშირი და თქვა, რომ ამ საკითხზე მეზობლებთან მართავს საქართველო კონსულტაციებს. თინა ხიდაშელი ცის დაკეტვას საჭიროდ მიიჩნევს არა იმდენად უკრაინის მხარდასაჭერად, რამდენადაც საქართველოს უსაფრთხოებისთვის და ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება, სანქციებისგან განსხვავებით, გაცილებით მარტივად მისაღები უნდა ყოფილიყო მთავრობისგან.
„როგორ გგონიათ, ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, რას აპირებენ? ან როგორ აპირებენ?“ - იკითხა დღეს ჟურნალისტების კითხვის პასუხად საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა. მან მთავრობის სიფრთხილე იმით ახსნა, რომ საქართველოს უკრაინისგან განსხვავებული ვითარება აქვს და ამ ვითარებაში რუსეთს „რამდენიმე წუთი დასჭირდება იმისათვის, რომ მთლიანად საქართველო თავდაყირა დააყენონ“.
„როგორ გგონიათ, პასუხისმგებლიანი მთავრობა, ხელისუფლება, ასეთი სიფრთხილით არ უნდა ეკიდებოდეს პროცესს? როდესაც 40 კილომეტრში, აი, აქვე დგანან. მათ არ სჭირდებათ დამატებითი მობილიზაცია - ის, რაც განახორციელეს უკრაინასთან - თვეობით კონტინგენტის მიყვანა. აქვე არიან, ავტობანიდან ჩანს მათი ოკუპაციის შედეგი”, - თქვა დავით ზალკალიანმა.
უკრაინისთვის მორალური მხარდაჭერის ნიშნად არსებობს შეზღუდვების დაწესების ნაკლებად ხისტი ფორმებიც. მაგალითად, საქართველოს შეუძლია უარი უთხრას რუსულ კომპანიებს, მიიღონ მონაწილეობა სახელმწიფო შესყიდვებში. შესყიდვების სააგენტოსთვის გაგზავნილ კითხვებზე რადიო თავისუფლებას პასუხი ჯერ არ მიუღია. სპეციალისტები, ვინც სახელმწიფო შესყიდვებს სწავლობს, ამბობენ, რომ რუსული კომპანიების წილი სახელმწიფო შესყიდვებში 2%-მდეა.
„ყველაზე მთავარი, რაც საქართველომ უნდა გააკეთოს, არის ის, რომ დაეხმაროს საკუთარ თავს… თუკი ჩვენ დღეს დავიწყებთ აქტიურად მუშაობას ნატოსა და ევროკავშირში სწრაფად გაწევრიანების გზების მოსაძებნად, ეს უკრაინის სახელმწიფო ამოცანებსაც მოემსახურება.
ჩვენ არ შეგვიძლია განსაკუთრებით დიდი ზიანი მივაყენოთ რუსეთს, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ეფექტური პოლიტიკით მინიმუმ თავი გადავირჩინოთ და მთელ სამყაროს და პირველ რიგში უკრაინას ვაჩვენოთ, რომ ეს არის ერთობლივი ბრძოლა. მთელი ცივილიზებული სამყარო უყურებს საქართველოს, როგორც შესაძლებლობას, რომ აქ თავისუფლებამ გაიმარჯვოს. ბევრი ქვეყანა არ არის დედამიწაზე, რომელიც იბრძვის საკუთარი თავისუფლებისთვის და ჩვენ, საბედნიეროდ, ჯერ კიდევ იქ ვართ, მიუხედავად იმისა, რას იტყვის ჩვენი პრემიერი”, - ამბობს თინა ხიდაშელი.
ის ფიქრობს, რომ თუკი საქართველო ამჯერად არ და ვერ გამოიყენებს ამ პოლიტიკურ მოცემულობას იმისთვის, რომ უფრო დაუახლოვდეს ევროკავშირსა და ნატოს არასაკმარისი ძალისხმევის გამო, დასავლეთს მრავალი წლით დაშორდება და რუსული გავლენის სფეროში მოექცევა.