ევროკავშირმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა უკრაინაზე თავდასხმის გამო. სანქციები მიმართულია რუსეთის საბანკო, ენერგეტიკის და სხვა სფეროების წინააღმდეგ. ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა გადაწყვეტილება 24 თებერვალს, გვიან ღამით მიიღეს.
ევროკომისიის პრეზიდენტ ურზულა ფონ დერ ლაიენის ინფორმაციით, ფინანსური სანქციები მიმართულია რუსეთის საბანკო სისტემის და სახელმწიფო კომპანიების, მათ შორის თავდაცვის სფეროს საწარმოთა 70%-ის წინააღმდეგ.
ფონ დერ ლაიენის თანახმად, ევროკავშირის სანქციები მიმართულია რუსეთის სახელმწიფოსთვის განსაკუთრებით მომგებიანი და ეკონომიკის სფეროში წამყვანი ენერგეტიკული სექტორის წინააღმდეგაც. ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, ექსპორტის აკრძალვა დაარტყამს რუსეთის ნავთობის სექტორს, რადგან ის ვეღარ შეძლებს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების მოდერნიზებას. გარდა ამისა, ევროკავშირმა აკრძალა რუსული ავიაკომპანიებისთვის თვითმფრინავების და ტექნიკის მიყიდვა.
ევროკომისიის პრეზიდენტ ურზულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, მასშტაბური და მიზანმიმართული სანქციების ამოქმედებამ ევროკავშირის ერთიანობა აჩვენა.
ასევე ნახეთ ევროკავშირის ახალი სანქციები, უფრო მკაცრი პაკეტი რუსეთისთვის - დეტალებიუკრაინაზე თავდასხმის გამო, 24 თებერვალს რუსეთს ახალი სანქციები დაუწესეს აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმაც.
ასევე ნახეთ ბაიდენი სანქციების ახალ რაუნდს უწესებს რუსეთს ასევე ნახეთ ლონდონმა ახალი სანქციები დაუწესა რუსეთს, ბრიტანეთში მცხოვრებ უკრაინელებს გაუმარტივა სავიზო პროცედურები
24 თებერვალს დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა გამოაცხადა, რომ მიიღო გადაწყვეტილება დონბასში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ, რათა "დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან "გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან". უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, პუტინმა აღიარა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა". თუმცა, რუსეთმა სამხედრო ოპერაცია დაიწყო არა მხოლოდ ამ სეპარატისტულ რეგიონებში, არამედ პრაქტიკულად, მთელ უკრაინაში. რუსეთი უკრაინას თავს ესხმის არა მხოლოდ საკუთარი, არამედ ბელარუსის ტერიტორიიდანაც და ანექსირებული ყირიმიდან.
უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, რუსეთის თავდასხმის პირველ დღეს, 24 თებერვალს 137 ადამიანი დაიღუპა.
უკრაინამ საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა და რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. კიევში კომენდანტის საათია გამოცხადებული.