მასში ლაპარაკია ფართო მასშტაბის ფინანსურ სანქციებზე და მკაცრ საექსპორტო კონტროლზე, რაც, ევროკავშირის თქმით, უზარმაზარ გავლენას მოახდენს რუსეთის ეკონომიკაზე, ფინანსურ სისტემაზე და მოწინავე ტექნოლოგიებზე მის წვდომაზე.
ევროკავშირის თანახმად, ამ სანქციების სამიზნეა რუსეთის უდიდესი საფინანსო ინსტიტუტები და ისინი კიდევ უფრო მეტად მოახდენს რუსეთის იზოლირებას მსოფლიო საფინანსო სისტემისგან.
ექსპორტის სფეროში დაწესებული კონტროლის წყალობით რუსეთს გზა გადაეკეტება სასიცოცხლო მნიშვნელობის ტექნოლოგიური რესურსებისკენ, რაც დაასუსტებს მის მრეწველობას და ძირს გამოუთხრის რუსეთის სტრატეგიულ ამბიციებს, გავლენა იქონიოს მსოფლიო არენაზე.
ევროკავშირის დოკუმენტში წერია, რომ პრეზიდენტ პუტინის აგრესიის მასშტაბი და საფრთხე, რასაც ის უქმნის საერთაშორისო წესრიგს, მტკიცე პასუხს საჭიროებს.
სანქციები, რომელთა მიზანია, პასუხი აგებინოს რუსეთის მთავრობას, შეთანხმებულია ევროკავშირის პარტნიორებთან, მათ შორის შეერთებულ შტატებთან, კანადასთან, დიდ ბრიტანეთთან და სხვებთან.
24 თებერვალს შეთანხმებული სანქციების მეორე პაკეტი ეხება დამატებით ექვს სფეროს. ესენია:
- ფინანსური სექტორი;
- ენერგეტიკის სექტორი;
- სატრანსპორტო სექტორი;
- ორმაგი დანიშნულების საქონლისა და ექსპორტის დაფინანსება;
- სავიზო პოლიტიკა;
- სანქციების სიაში შეყვანილი დამატებითი პირები და სანქციების სიების ახალი კრიტერიუმები
ფინანსურ სექტორში შეზღუდვები კრძალავს ფინანსურ თანამშრომლობას რუსეთის ხუთ უდიდეს ბანკთან - „სბერბანკთან“, „ვნეშტორგბანკთან“, „გაზპრომბანკთან“, „როსსელხოზბანკთან“ და „ვნეშეკონომბანკთან“; იკრძალება რუსეთის სახელმწიფოს კუთვნილებაში მყოფი საწარმოების დაფინანსება; იკრძალება ფინანსების მიმოქცევა და ინვესტიციები რუსეთიდან ევროპის კავშირში (საქმე ეხება 100 ათას ევროზე დიდ თანხას).
პაკეტის ეს ზომები აღრმავებს და აფართოებს ევროკავშირის მიერ უკვე დაწესებულ სანქციებს ფინანსების სფეროში.
როგორც ევროკავშირი აღნიშნავს, ეს ზომები ითვალისწინებს თავისებურებებს რუსეთის ეკონომიკისა და საფინანსო სექტორისა, რომელიც სახელმწიფოს, ბანკებსა და მდიდარ პირებს შორის კავშირების მაღალი ხარისხით ხასიათდება.
სატრანსპორტო სექტორში სანქციების მთავარი მიზანი იქნება ექსპორტის აკრძალვა ავიაციის, კოსმოსისა და მათთან დაკავშირებული სფეროებისთვის. ეს ზომები ეხება ასევე თვითმფრინავების ლიზინგს და მსგავს სერვისებს.
ორმაგი დანიშნულების საქონლისა და ექსპორტის დაფინანსების წინააღმდეგ სანქციები გულისხმობს ამ სფეროს ჩამონათვალის გაფართოებას. გათვალისწინებულია იმ კომპანიების სიის გაზრდა, რომლებიც ორმაგი დანიშნულების საქონლის საბოლოო მომხმარებლები არიან. მათ შორის იქნებიან არა მხოლოდ სამხედრო სფეროში მოქმედი კომპანიები. ასევე გაიზრდება თავად აკრძალული საქონლის ჩამონათვალიც. ამ სანქციების მიზანია პირდაპირი თუ არაპირდაპირი გზით მოახდინოს გავლენა რუსეთის სამხედრო და ტექნიკურ შესაძლებლობებზე.
სავიზო პოლიტიკაში ცვლილებები ითვალისწინებს უვიზო მოგზაურობის უფლების გაუქმებას რუსეთის დიპლომატიური პასპორტების მფლობელთათვის და გამარტივებული სავიზო პროცედურების გაუქმებას სამუშაო პასპორტების მფლობელთათვის.
სანქციების სიაში შეყვანილი დამატებითი პირები და სანქციების სიების ახალი კრიტერიუმები - გათვალისწინებულია სანქციების სიაში დამატებით იმ პირების შეყვანა, რომლებიც ძირს უთხრიან უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას ან მოგებას ნახულობენ მიმდინარე აგრესიიდან.
პრაქტიკაში ეს გულისხმობს რუსეთის სახელმწიფო დუმის ყველა წევრს, რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წევრებს, ბელარუსის მოქალაქეებს, რომლებმაც ხელი შეუწყვეს უკრაინაში რუსეთის ჯარების შეჭრას.
გარდა იმისა, რომ გაიზარდა სანქციების სიაში შეყვანილი პირების რიცხვი, ასევე გაფართოვდა ამ სიაში მოხვედრის კრიტერიუმებიც. როგორც ევროკავშირმა განაცხადა, ამის მიზანია, სანქციებმა უკეთესად მოიცვას რუსეთის რეჟიმის დახმარების სხვადასხვა ფორმა. ამ სანქციების მიზანია ოლიგარქების უკეთ მოცვაც.
გარდა ამისა, ევროკავშირის თქმით, მიმდინარეობს მუშაობა დამატებით სანქციებზე ბელარუსის წინააღმდეგ.
23 თებერვალს ევროკავშირმა უკვე მიიღო რუსეთის მიმართ სანქციების პირველი პაკეტი, რომელშიც შედის:
- აქტივების გაყინვა და მოგზაურობის აკრძალვა რუსეთის სახელმწიფო დუმის წევრებისა და რუსეთის ფედერაციის სხვა მოქალაქეებისა და იურიდიული პირებისთვის, რომლებიც ძირს უთხრიან უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას;
- აქტივების გაყინვა და სრული დაბლოკვა რუსეთის სამი დიდი ბანკისთვის, რომლებიც საკვანძო როლს თამაშობს კრემლისთვის (ბანკი "როსია", "პრომსვიაზბანკი" და „ვნეშეკონომბანკი“);
- რუსეთის სახელმწიფოსთვის/მთავრობითვის ფულის სესხებისა და რეფინანსირების აკრძალვა;
- ფართო მასშტაბის აკრძალვა ვაჭრობისა და ინვესტიციის სფეროში, რაც შეეხება აღმოსავლეთ უკრაინის არეალს, რომელსაც უკრაინის მთავრობა ვერ აკონტროლებს.