კვლევა: ლოკდაუნებმა სიკვდილიანობა თითქმის ვერ შეამცირა - ასეა?

თბილისი კომენდანტის საათის დროს. 2020 წლის 31 მარტი.

სამმა ეკონომისტმა, ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული აკადემიური დაწესებულებიდან გამოითვალა, რომ კარანტინმა პანდემიისას სიკვდილიანობა მხოლოდ 0.2 პროცენტით შეამცირა. მაგრამ კვლევის შედეგებს ყველა არ ეთანხმება. ვის ვენდოთ?

ის საშინელი შფოთვა ხომ გეცნობათ, საღამოს 9 საათამდე სახლში რომ უნდა მიასწრო? დაცარიელებული ქალაქი, გაჩერებული ტრანსპორტი, რიგები სურსათის მაღაზიასთან და აფთიაქებთან?

რაც პანდემია დაიწყო, ამ დისტოპიური სცენარით მილიარდობით ადამიანმა კვირები, ზოგან კი თვეები იცხოვრა.

2020 წლის მარტიდან ხელისუფლებები ხელმძღვანელობდნენ ვარაუდით, რომ მოქალქეების შეკრებისა და გადაადგილების შეზღუდვა აფერხებს ვირუსის გავრცელებასაც.

ბოლო ორი წლის მანძილზე ეს სტრატეგია ბევრჯერ შეისწავლეს, მაგალითად, ლონდონის იმპერიული კოლეჯის კვლევაში ნავარაუდებია, რომ 2021 წლის თებერვალში ლოკდაუნებმა, დიდ ბრიტანეთში ინფიცირება თითქმის ⅔-ით შეამცირა.

მაგრამ აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული აკადემიური დაწესებულების, ჯონს ჰოპკინზის უნივერსიტეტის საიტზე რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებული კვლევა ამ ლოკდაუნების ეფექტურობას ეჭვის ქვეშ აყენებს. კვლევის ავტორები ამტკიცებენ, რომ ევროპასა და ამერიკაში ლოკდაუნებს ფაქტობრივად არ შეუმცირებიათ კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობა.

ამდენი ჩაკეტვა… და სულ ტყუილად?

ეკონომისტების იონას ჰერბის, ლარ იონუნგის, და სტივ ჰანკეს მტკიცებით, მათ “ვერ ნახეს იმის მტკიცებულება, რომ ლოკდაუნებს, სკოლების დაკეტვებს, საზღვრის ჩაკეტვებს, და შეკრების შეზღუდვას საგრძნობი ზეგავლენა აქვს COVID-19-ით გამოწვეულ სიკვდიალიანობაზე”. მათი ნაშრომი, ეყრდნობა ლოკდაუნების შემსწავლელი 34 კვლევის მეტა-ანალიზს. ამ დროს მეცნიერები აერთიანებენ უკვე არსებული ნაშრომების შედეგებს კონკრეტული სამეცნიერო ჰიპოთეზის შესამოწმებლად. მეტა-ანალიზისთვის შეარჩიეს ნაშრომები, რომლებიც სწავლობდა ლოკდაუნების ზეგავლენას პანდემიის პირველი ტალღის დროს. უახლესი კვლევა დათარიღებულია 2021 წლის აპრილით.

ავტორების დაკვირვებით, ყველაზე “უსარგებლო” საკარანტინე ზომა საზღვრების ჩაკეტვაა - მან სიკვდილიანობა მხოლოდ 0.1%-ით შეამცირა. ყველაზე ეფექტური კი “არა პირველისაჭიროების” ბიზნესების, მაგალითად, კაფე-ბარების დაკეტვა გამოდგა. ამ გზით სიკვდილიანობა, საშუალოდ 10%-ით შემცირდა.

ეს პროცენტები მეცნიერებს ეცოტავებათ. მათი აზრით, ლოკდაუნები პანდემიასთან ბრძოლის არაეფექტური მექანიზმია, რადგან ამავდროულად “დამანგრეველი ზეგავლენა” ჰქონდათ ეკონომიკაზე და კიდევ უფრო გაამწვავეს არაერთი სოციალური პრობლემა.

ლოკდაუნებმა “ეკონომიკური აქტივობის შემცირებასთან ერთად, გაზარდეს უმუშევრობა, შეამცირეს წვდომა განათლებაზე, გამოიწვიეს პოლიტიკური არეულობა, ხელი შეუწყვეს ოჯახურ ძალადობას, და ძირი გამოუთხარეს ლიბერალურ დემოკრატიას”.

სწორედ ამ “სტანდარტულ ხარჯსარგებლის ანალიზს მივყავართ მკაფიო დასკვნამდე: ლოკდაუნები უნდა გამოირიცხოს, როგორც პანდემიის სამართავი ინსტუმენტი” - ნათქვამია კვლევაში.

კვლევას ჯერ არ გაუვლია კოლეგიალური განხილვა (peer review), რაც უცილებელი ნაბიჯია სამეცნიერო ნაშრომის ხარიხის შესამოწმებლად, მაგრამ არაერთგვაროვანი რეაქცია უკვე გამოიწვია.

“ეს იგივეა რაც - მოწევა არ იწვევს კიბოს”

ეპიდემიოლოგები და ვირუსოლეგები აკრიტიკებენ კვლევის მეთოდოლოგიას, ავტორებს კი ინფორმაციის მიკერძოებულ შეჩევაში ადანაშულებენ.

ჰოპკინზის კვლევაში ლოკდაუნი ასეა განმარტებული: “ერთი არაფარმაცევტური სავალდებულო შეზღდუდვის შემოღება მაინც”.

ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ მკვლევრებმა ერთი და იგივე წონა მიანიჭეს მაგალითად 5 დღიან თვითიზოლაციასა და რამდენიმეკვირიან კომენდანტის საათს, - ამბობს პროფესორი ნილ ფერგიუსონი, რომელიც ლონდონის იმპერიულ კოლეჯში გლობალურ ინფექციურ დაავადებებს სწავლობს.

მისივე თქმით, ინფექციონისტები ლოკდაუნებს განიხილავენ, როგორც ბევრი სხვადასხვა ზომის ერთობლიობას. შესაბამისად, რთულია გამიჯნო ამ კომპლექტში რომელი ზომაა უფრო ეფექტური.

ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორის, სეთ ფლაქსმანის თქმით ზოგი კვლევა არ ითვალისწინებს დროს - ყველაზე ხშირად კი, პაციენტები იღუპებიან კორონავირუსით დაინციფირებიდან დაახლოებით 3 კვირის შემდეგ.

“მოწევა იწვევს კიბოს, დედამიწა მრგვალია, როცა ადამიანებს აიძულებ, სახლში დარჩნენ, ამით დაავადების გავრცელებას ანელებ. კვლევა, რომელიც საპირისპიროს დამტკიცებას ცდილობს, თითქმის დანამდვილებით მცდარია” - ამბობს იგი.

საქმე ისაა, რომ რამდენიმე კვლევა, რომელსაც მეტაანლიზი ეყრდნობა, ამას არ ითვალისწინებს და სიკვდილიანობის აღრიცხვას იწყებს საკარანტინე ზომების შემოღებისთანავე.

“ეს იგივეა, იმის დასადგენად, იწვევს თუ არა მოწევა კიბოს, ახალბედა მწეველებისთვის რომ გვეკითხა: თუ გქონდათ კიბო მოწევის დაწყებამდე და მოწევის დაწყებიდან მომდევნო დღეს? ეს რომ გვექნა, აუცილებლად დავასკვნიდით, რომ მოწევა კიბოსთან კავშირში არაა”.

სეთ ფლაქსმანი ერთ-ერთი ავტორია 2020 წელს გამოქვეყნებული კვლევის, რომლის თანახმადაც ლოკდაუნებმა ევროპაში სავარაუდოდ თითქმის სამი მილიონი სიცოცხლე გადაარჩინა.

ის კვლევას აკრიტიკებს კიდევ ერთი მიზეზით - ავტორებმა შემოაწმეს მხოლოდ ის ნაშრომები, სადაც საკარანტინე ზომები დაკავშირებულია სიკვდილიანობასთან და მხედველობაში არ მიიღეს ათეულობით ნაშრომი, სადაც განხილულია, თუ როგორ აჩერებს ლოკდაუნები ინფექციის გავრცელებას.

კვლევის კრიტიკოსები ფიქრობენ, რომ ავტორები მიკერძოებულები არიან. “Forbes-მა” დაწერა, რომ ლოკდაუნებს წარსულში სამივე აკრიტიკებდა. მაგალითად, იონას ჰერბი კოპენჰაგენის პოლიტიკური კვლევების ცენტრში მუშაობს, რომელიც ”ლიბერტარიანლებისკენ იხრება”.

ლოკდაუნებს სკეპტიკურად უყურებს ჰოპკინსის უნივერსიტეტის პროფესორი გამოყენებად ეკონომიკაში, სტივ ჰანკეც. 1 თებერვალს მან გააზიარა ტვიტი, სადაც ლოკდაუნის შემოღებისთვის კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო ჰიტლერის ფორმაში გამოაწყვეს.

თუმცა კვლევას ჰყავს მხადამჭერებიც. ნოტინჰემის ბიზნეს-სკოლის პროფესორი, დევიდ პატონი ამბობს, რომ “ნაშრომს მნიშვნელოვანი ზეგავლენა ექნება იმაზე, თუ როგორ გვესმის ლოკდაუნების შედეგები”.

***

ლოკდაუნს პანდემიასთან ბრძოლის ყველაზე ეფექტურ ინსტრუმენტად მიიჩნევდნენ მანამ, სანამ აცრებს გამოიგონებდნენ. ომიკრონის გავრცელებასთან ერთად, დიდი ბრიტანეთი, დანია და ბევრი სხვა ქვეყანა ეტაპობრივად ხსნის საკარანტინე შეზღუდვებს და აღარ გეგმავს მათ განახლებას, რადგანაც წნეხი ჯანდაცვის სისტემაზე შემსუბუქდა.

ახალ ლოკდაუნებს არ გეგმავს არც ამერიკის შეერთებული შტატები. 4 თებერვალს პრეზიდენტის პრეს-სპიკერს, ჯეინ ფსაკის ჟურნალისტმა ჰკითხა, რას ფიქრობდა ჯონს ჰოკპინსის უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაზე.

ფსაკიმ უპასუხა, რომ ეს “სამეცნიერო კითხვაა”. ლოკდაუნებს რაც შეეხება, მისი თქმით, ეს ტრამპის ადმინისტრაციის ტაქტიკა იყო, ბაიდენის ადმინისტრაციას კი, აცრების სახით, უკვე აქვს პანდემიასთან საბრძოლველი ინსტრუმენტი.